Tbilisi Loves EU - ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან

Tbilisi Loves EU - ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან

17-19 იანვარს თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა და რვა გუნდმა გამოთქვა. გუნდებისგან ჟიურიმ გამოარჩია თინათინ ბოლქვაძის, როკო მწყერაშვილის, ლევან კოტოლაშვილისა და გიორგი ჭილაიას პროექტი Tbilisi Loves EU, რომელიც აქციების დროს უინტერნეტობისა და კავშირის პრობლემას აგვარებს. პროექტთან დაკავშირებით Forbes Georgia მის ავტორებს ესაუბრა.

მოკლედგვიწერეთ თქვენი პროექტი – რა პრობლემას აგვარებს ის და როგორ?

პრობლემა, რომელიც უშუალოდ ბოლო პერიოდში და აქციების მიმდინარეობისას გაჩნდა, იყო უინტერნეტობა და შესაბამისად, არასრულყოფილი კავშირი ერთმანეთთან ინტერნეტის შეწყვეტისას. გამომდინარე აქედან, მოვიფიქრეთ პროექტი Tbilisi Loves EY, რომელიც Lan Mash Network-ის მოწყობილობების საშუალებით, მათი ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად, რადიოტალღღურ  სიგნალებს ქმნის.

ტელეფონში მოთავსებული აპლიკაციის საშუალებით, შეგვიძლია დავუკავშირდეთ ამ მოწყობილობებს, რომლებიც რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნიან დიდ, უსაფრთხო და დაცულ ქსელს. ის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის, ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდებისა და გავრცელებისთვის.

ჩვენი გუნდი შედგება ერთი პროგრამისტისგან და ერთი დიზაინერისგან, მე და თინა კი პოლიტიკურ აქტივიზმს, პოლიტიკური პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენთ. ვფიქრობ, გუნდურად მუშაობის შედეგად, ეს კონკრეტული პრობლემა გადავჭერით.

ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს?

აუცილებლად. ის ასევე ხელს შეუწყობს პროტესტის სტიმულაციას, აქტივიზმს და რაც მთავარია, იმ დავალებების შესრულებას, რაც უშუალოდ პროტესტის დროს გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს დარბევის დროს გზის გაგნება, ინფორმაციის გავრცელება, ერთმანეთის დახმარება, აქციის ორგანიზება და ასე შემდეგ. ვთვლით, რომ ეს აპლიკაცია ამ პრობლემებს სრულად მოაგვარებს.

იყო თუ არა სირთულეები იდეაზე მუშაობის პროცესში და დაგეხმარათ თუ არა კვალიფიციურ მენტორთა ჩართულობა?

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ყველა ორგანიზატორს.  სამი დღის განმავლობაში მენტორებთან ანალიტიკური შეხვედრები, მათი რჩევები საკმაოდ შედეგიანი იყო. ეს იდეა მათაც ძალიან მოეწონათ, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა.

იდეასთან დაკავშირებით სირთულე არ გვქონია. ტექნიკურად ჩვენს იდეას თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, მუშაობის პროცესში ამის მოსაგვარებელი გზებიც ვიპოვეთ. ახლა კი რამდენიმე ათასი ლარი დაგვჭირდება, რათა 30,000-მდე ან მეტ მომიტინგეს ადგილზე ინტერნეტისა და კავშირის პრობლემა აღმოვუფხვრათ.

ოგორია სამომავლო განვითარების გეგმა? როგორ აპირებთ მიღებული პრიზების გამოყენებას?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა, ეს ყველაფერი ადგილობრივ, ქართულ პროტესტში დარჩეს. ჯერ არ ვიცით როგორ შეიძლება გაფართოება, მაგრამ, მაგალითად, შეიძლება ეს პროდუქტი აუთსორსზე გაიყიდოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროტესტის დროს. მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქყვეყნებში რა სიტუაციაც არის, იქნება ეს სერბეთი, უკრაინა, ბელორუსი თუ სხვა, სადაც ხშირადაა აქციები და არის მსგავსი პრობლემებიც. ასე რომ, ვფიქრობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც უცხოურ ბაზარზეც გაიყიდება.

რაც შეეხება ადგილობრივ გამოყენებას, რამდენიმე იდეა უკვე არსებობს, მაგალითად, რომ ის არ იყოს მხოლოდ აქციების დროს გამოყენებული. მსგავსი პრობლემა არის სხვა ტიპის შეკრებების, მაგალითად, საფეხბურთო მატჩების დროსაც და აქაც შეიძლება მისი გამოყენება. მაგრამ სხვა კუთხით განვითარებაზეც აუცილებლად ვიფიქრებთ.

რას ფიქრობთ ასეთ ტიპის ღონისძიებებზე? რატომ არის საჭირო და რა ღირებულებას სძენს როგორც საზოგადოებას, ისე თქვენ, ინიციატორებს?

დემოკრატიის მნიშვნელობა ქვეყანაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ალბათ ყველას გვესმის, მაგრამ ეს კომბინაცია, როდესაც დემოკრატია შეიძლება ტექნოლოგიური მეთოდების საშუალებით  განვითარდეს, არის ყველასთვის ეფექტური, როგორც მიმღები, ისე მიმწოდებელი მხარისთვის.

როგორც გითხარით, ღონისძიებაზე შევხვდით ძალიან ბევრ საინტერესო მენტორს, ინვესტორს, სპიკერებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, პოლიტიკოსებსაც და გუნდის მუშაობაც ძალიან კარგად წარიმართა.

ჰაკათონებში, როგორც წესი, ტექნოლოგიური ტიპის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ამ ჰაკათონმა მოახდინა პოლიტიკურ აქტივიზმში ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რათა მაქსიმალურად სრულყოფილი და კარგი პროდუქტი მიგვეღო, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარებოდა აქტივიზმს და შეუწყობდა ხელს მის სწრაფ, ეფექტურ განვითარებას და მთავარი გზავნილების გავრცელებას.

დაბოლოს, მინდა წარმატებები ვუსურვო ჰაკათონის ყველა პროექტს და მონაწილეს, მათ სუპერ იდეები ჰქონდათ.

ვეცდებით, პროდუქტი საშუალების გაჩენისთანავე დავტესტოთ საინიციატივო ჯგუფზე ან კონკრეტულ მარშზე და ეს ამბავი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. ვისურვებდი, რომ ასეთი რამე საერთო არ გვჭირდებოდეს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.