„ქლუგერი“ ქართულ ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და საზოგადოებისთვის ჭკვიანი სახლის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზება დაიწყო. კომპანიამ მიზნად დაისახა, მომხმარებლების ყოველდღიურობა უფრო მარტივი, კომფორტული და ენერგოეფექტიანი გაეხადა. „ქლუგერი“ ბავშვობის მეგობრებმა ირაკლი ჯაფარიძემ და ლადო ქველაძემ დააფუძნეს, რომლებიც Forbes Georgia-ს მკითხველს კომპანიის შესახებ საინტერესო დეტალებს უზიარებენ.
ბავშვობის მეგობრობიდან – ბიზნესპარტნიორობამდე…
ლადო: მე და ირაკლი ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ყოველთვის გვქონდა საერთო საქმის წამოწყების სურვილი, „ქლუგერამდე“ იყო რამდენიმე სტარტაპის დაარსების მცდელობა, თუმცა ამ ყველაფერს სერიოზული გაგრძელება არ მოჰყოლია. „ქლუგერმა“ საწყის ეტაპზევე გაამართლა და ჩვენი მუშაობა წარმატებით გაგრძელდა.
ჩვენი მეგობრობის წყალობით ორივემ კარგად ვიცით ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასი პროცენტით ვენდობით და ვაბალანსებთ ერთმანეთს, რაც საერთო ბიზნესის კეთებაში ძალიან გვეხმარება.
ირაკლი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ბიზნესპარტნიორებად ავირჩიოთ ისეთი ადამიანები, ვისაც ბოლომდე ვენდობით, ხშირად წარმატებული ბიზნესპარტნიორები სწორედ ბავშვობის მეგობრები არიან, ჩემი აზრით, „ქლუგერის“ წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობაა.
ორივეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, რამდენად რთული იყო ბიზნესის სპეციფიკისთვის ალღოს აღება?
ლადო: უნივერსიტეტში ორივე ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობდით და საბაზისო ცოდნა გვქონდა ბიზნესის მართვასთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვით სხვა სტარტაპებზე და მათ შორის „ქლუგერზეც“, რაც შემდგომ დაგვეხმარა, საკუთარ შეცდომებზეც გვესწავლა, რასაკვირველია, ვეცნობოდით სხვა ბიზნესების განვითარების ისტორიებს და მათ გამოცდილებასაც ვითვალისწინებდით.
პროდუქტის საკუთარ სახლზე გამოცდა დაგეხმარათ მისი მომხმარებლამდე სწორად მიტანაში?
ირაკლი: დიახ, პირველად ჩვენი სახლებისთვის გამოვიწერეთ ჭკვიანი საკეტი, დავამონტაჟეთ და ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. მე დიდი ოჯახი მყავს, ბებია, ბაბუა, მშობლები, ჩემი და – ყველანი ერთად ვცხოვრობდით და თავიდან ვფიქრობდი, რამდენად შეძლებდა ოჯახის თითოეული წევრი ჭკვიანი საკეტის მოხმარებას. დაახლოებით ერთ კვირაში, როცა თითოეული მათგანი მარტივად ადაპტირდა, მივხვდი, რომ ქართული ბაზარი მზად იყო ამ პროდუქტის მისაღებად და გადავწყვიტეთ ჩამოგვეტანა და ფართო მასებისთვის შეგვეთავაზებინა.
ჭკვიანი საკეტი, ჭკვიანი ფარდა, ჭკვიანი კამერა… „ქლუგერის“ შეთავაზებების არასრული ჩამონათვალია, რა უპირატესობები გაქვთ და როგორ უმარტივებს ცხოვრებას „ქლუგერის“ ჭკვიანი ტექნოლოგიები ადამიანებს?
ლადო: ჭკვიანი სახლის შემადგენელი კომპონენტებია ჭკვიანი საკეტი, უსაფრთხოების სენსორები, ჭკვიანი განათება, ჭკვიანი ჩამრთველები, ჭკვიანი კამერა და ა.შ. ჩვენი პროდუქტები თქვენი სახლის უსაფრთხოებას ემსახურება და ენერგოეფექტიანს ხდის ნებისმიერ საცხოვრებელს. სახლში, რომელშიც ინტეგრირებულია ჭკვიანი ტექნოლოგიები, 30–40%–ით მცირდება კომუნალური გადასახადების ოდენობა, რაც, ვფიქრობ, დიდი უპირატესობაა. ეს ყველაფერი ერთი აპლიკაციის ქვეშაა მოცემული, რომლის მართვაც შეუძლია როგორც ოჯახის უმცროს, ისე უფროს წევრებს.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სამი თვის წინ გავხდით კომპანია Philips-ის ოფიციალური პარტნიორები ჭკვიანი საკეტების მიმართულებით. პირველები ვართ საქართველოში, ვინც Philips-ის პროდუქცია შემოიტანა, Philips-ი მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ბრენდია, გამოირჩევა უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ასეთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მათი ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში.
რომელ პროდუქტს გამოარჩევდით?
ირაკლი: ჯერჯერობით საქართველოში ყველაზე მეტი პოპულარობით ჭკვიანი საკეტი სარგებლობს და ზოგადად ბინის დაჭკვიანებაც ჭკვიანი საკეტით იწყება და შემდეგ მოდის სხვა კომპონენტები.
რამდენ თანამშრომელს ასაქმებთ და რა კრიტერიუმებით არჩევთ მათ?
ირაკლი: 20-მდე თანამშრომელს ვასაქმებთ და უმნიშვნელოვანესია, ჩვენი გუნდი იზიარებდეს იმავე ღირებულებებს, რაც კომპანია „ქლუგერს“ აქვს, ეს არის კრეატიულობა, სისხარტე, ინოვაციურობა, პასუხისმგებლობა. გვჭირდება გუნდში ისეთი ადამიანები, ვინც მუდმივად ინოვაციების ძიებაში იქნებიან როგორც პროდუქციის, ისე მარკეტინგის მხრივ. გვყავს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეული მომხმარებლის კომფორტს.
როდესაც ვსაუბრობთ გუნდზე, განსაკუთრებით გვინდა გამოვარჩიოთ „ქლუგერის“ მენეჯერი – ბატონ გიორგი ამირიძე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ჩვენი გუნდის შეკვრაში, ასევე კომპანიის განვითარებაში.
ლადო: ვცდილობთ ავიყვანოთ ისეთი სტუდენტები, ვისაც ჯერ არანაირი გამოცდილება არა აქვს არც ერთი მიმართულებით. უკვე რამდენიმე ასეთი წევრი გვყავს გუნდში, ვისთვისაც „ქლუგერი“ პირველი სამსახურია.
„ქლუგერი“ ერთ-ერთი პირველი იყო სამი წლის წინ, ვინც ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ტექნოლოგიები შემოიტანა ქართულ ბაზარზე, დღეს რა მდგომარეობაა კონკურენციის თვალსაზრისით და რაში გეხმარებათ კონკურენტული გარემო?
ირაკლი: ბაზარზე ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, ვინც ფართო მასებზე დავიწყეთ გასვლა, ჩვენი მარკეტინგული კამპანიებით შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა ჭკვიანი სახლის შესახებ, დღეს ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს ამ მიმართულებით საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ჯანსაღ კონკურენციას ყოველთვის მივესალმებით „ქლუგერში“. ვფიქრობთ, რაც უფრო მეტი კონკურენტი იქნება ბაზარზე, მით უფრო გაიზრდება ჭკვიანი სახლის პოპულარობა, მომხმარებელი კი საკუთარ არჩევანს ხარისხიან, სანდო და კომფორტულ მომსახურებაზე გააკეთებს.
ლადო: როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენ ვიყავით პირველები საქართველოს ბაზარზე, ვინც ფართო მასებს გავაცანით ჭკვიანი სახლის უპირატესობები. შევეცადეთ დაგვენახებინა, რომ ეს არა მხოლოდ კომფორტი, არამედ უსაფრთხოებაცაა და ეს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ახლა პიკში ვართ და ყოველი თვე წინაზე უკეთესია გაყიდვების კუთხით.
როგორ წარმოგიდგენიათ „ქლუგერი“ ხუთი წლის შემდეგ?
ირაკლი: ვფიქრობ, ხუთი წლის შემდეგ ნებისმიერი თანამედროვე სახლი აღჭურვილი უნდა იყოს ჭკვიანი ტექნოლოგიებით. ახალ შენობებსა და თანამედროვე სახლებში თითქმის ყველგან გარკვეულწილად არის დამონტაჟებული ჭკვიანი ტექნოლოგიები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უფრო მზარდი იქნება, მალე საქმე უფრო მეტად სრულ ავტომატიზაციასთან გვექნება, განვითარებული ქვეყნების მაგალითი ამის პროგნოზის საშუალებას იძლევა.
ლადო: ქართულ ბაზარზე რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2025-2026 წლის კორპუსები მთლიანად „გავსმარტოთ“ და დარწმუნებული ვართ, ხუთი წლის მერე მრავალი კორპუსი იქნება საქართველოს მასშტაბით ჩვენი მოწყობილობებით აღჭურვილი. გვინდა, ბაზრის ყველაზე დიდი წილი გვქონდეს საქართველოში და ვფიქრობთ, დავიწყოთ ჭკვიანი ტექნოლოგიების საქართველოში წარმოება და ექსპორტზე გატანა. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ ვფიქრობ, ხუთი წლის შემდეგ ეს რეალობად იქცევა. S