Team Group-მა, NVIDIA-მ და Firebird-მა რეგიონული AI-სუპერკომპიუტერის ჰაბის შესაქმნელად $500-მილიონიანი მეგაპროექტი წარადგინეს

Team Group-მა, NVIDIA-მ და Firebird-მა რეგიონული AI-სუპერკომპიუტერის ჰაბის შესაქმნელად $500-მილიონიანი მეგაპროექტი წარადგინეს

ფოტოზე მარჯვნიდან მარცხნივ: რაზმიგ ჰოვაგიმიანი – Firebird-ის აღმასრულებელი დირექტორი, გევორგ მანტაშიანი – სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრ ესაიანი – Team Group-ის თანადამფუძნებელი, რევ ლებარედიანი – NVIDIA-ვიცე-პრეზიდენტი, ნუბარ აფეიანი – Flagship Pioneering-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი სომხეთში ევროპის უდიდეს სტარტაპ და ტექნოლოგიურ კონფერენციაზე — Viva Technology-ზე — ოფიციალურად წარადგინეს. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, NVIDIA, Firebird-ი და Team Group-ი რეგიონში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ჰაბისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრის შესაქმნელად ითანამშრომლებენ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე (AI) იქნება დაფუძნებული.

სომხეთის მთავრობის მხარდაჭერით, კომპანია Firebird-ი პროექტის დაწყებას 2026 წელს, NVIDIA-ს ათასობით Blackwell GPU-ით გეგმავს და ჰაბი დაპროექტდება ისე, რომ მისი სიმძლავრის 100 მეგავატზე მეტამდე გაზრდა იყოს შესაძლებელი.

სომხეთის რესპუბლიკასა და ცნობილ ადგილობრივ თუ საერთაშორისო IT და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ხელოვნური ინტელექტის ქარხნები 21-ე საუკუნის ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა, NVIDIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტური შესაძლებლობების განვითარებას და რეგიონში ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებს გახსნის“.

Team Group of Companies – რომელიც სომხეთის წამყვან ეროვნულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს, Team Telecom Armenia-ს მართავს, ასევე ირლანდიურ Imagine Broadband-ს და არის საქართველოს SkyTel-ის აქციონერი – თავის ექსპერტულ რესურსებსა და რეგიონში არსებულ უნიკალურ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას გამოიყენებს, რათა ქვეყანაში ეს მასშტაბური პროექტი განხორციელდეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღოთ სტრატეგიული მნიშვნელობის ამ მასშტაბური ინიციატივის განხორციელებაში, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა და რესურსების ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტირებით. ჩვენი მონაწილეობა გულისხმობს მზადყოფნას, ვაქციოთ სომხეთი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებისა და ციფრული მომავლის გლობალურ ცენტრად“, – განაცხადა ალექსანდრ ესაიანმა, Team Group of Companies-ის თანადამფუძნებელმა.

„ეს არის პლატფორმის შექმნა ინოვაციებისთვის – სომხეთიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა რაზმიგ ჰოვაგიმიანმა, Firebird.ai-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ ახალ მოდელებში, რობოტიკასა და მეცნიერებებში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით და შევქმნით შესაძლებლობებს სომხეთში ინოვატორების მომავალი თაობის გასაზრდელად“.

Firebird-ს დამფუძნებელ ინვესტორად შეუერთდება სომხეთის „აფეიანის ფონდი“, ხოლო მისი ხელმძღვანელი, ნუბარ აფეიანი – რომელიც ასევე არის Flagship Pioneering-ის CEO – Firebird-ის სტრატეგიული მრჩეველი და დამფუძნებელი პარტნიორი გახდება.

„სომხეთის ტექნოლოგიური ლიდერობის შემდეგი თავი დაფუძნებული იქნება გლობალურ თანამშრომლობასა და გრძელვადიან ინვესტიციებზე,“ – განაცხადა აფეიანმა. „ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარება სომხეთისა და მთელი რეგიონისთვის არის თამამი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ AI-ლანდშაფტში.“

„ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ იმ შესაძლებლობით, რომ ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტი და AI-ლიდერობა კიდევ უფრო წაახალისებს ინოვაციებს სომხეთის დინამიკურ ტექნოლოგიურ სექტორში, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე სომხეთს,“ – განაცხადა სომხეთში აშშ-ის ელჩმა კრისტინა კვიენმა. „ამერიკული კომპანიები, როგორიცაა NVIDIA, მსოფლიოს წამყვან კომპიუტერულ და AI-გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, და ჩვენ გვეამაყება, რომ ისინი სომეხი კოლეგებისთვის სასურველი პარტნიორები არიან“.

ეს მასშტაბური პროექტი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს, ტექნოლოგიური და ციფრული კომპანიების ეფექტიან თანამშრომლობას და იმ ძალისხმევას, რომელსაც ყველა მონაწილე მხარე იზიარებს, რათა სომხეთი რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად გადაიქცეს.

S