მსოფლიოში პირველი ტრანსნაციონალური მზის პანელების ქსელი, რომელიც One Sun, One World, One Grid-ის (OSOWOG) ინიციატივის სახელითაა ცნობილი, 2022 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. ინფორმაციას International Solar Alliance-ის გენერალური დირექტორი ავრცელებს.
Telegraph-თან ინტერვიუში დოქტორმა მათურმა დაადასტურა, რომ OSOWOG-ის გეგმების შესახებ გლაზგოში, კლიმატის COP26-ის კონფერენციაზე გახდება ცნობილი. OSOWOG-ის ინიციატივის ფარგლებში ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ერთმანეთს 140 ქვეყანა დაუკავშირდება. მზის პანელების ქსელის მიზანი არაგანახლებად ენერგიაზე, როგორიცაა ქვანახშირი, დამოკიდებულების შემცირებაა, რაც სხვა ქვეყნებიდან მზის ენერგიის დაბალ ფასში შეძენის საშუალებას გაზრდის.
International Solar Alliance-ი 2030 წლისთვის, განვითარებად ქვეყნებში მზის ენერგიის მოპოვების გასაფართოებლად, $1 ტრილიონის გამოყოფას გეგმავს. ინვესტიციის ბენეფიციარებს შორის იქნება ინდოეთიც, რომელიც ამჟამად მთლიანი ენერგიის 80%-ს არაგანახლებადი ენერგიის საშუალებით გამოიმუშავებს. გლობალური ქსელის გახსნის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი სამხრეთ აზიის აუზი ამუშავდება. ინდოეთი თავის მხრივ უკვე ამარაგებს ელექტროენერგიით მეზობელ ბანგლადეშსა და ნეპალს. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული რამდენიმე რეგიონული ქსელის თაობაზე, მათ შორის ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთს, ასევე ავსტრალიასა და სინგაპურს შორის.
OSOWOG-ის ინიციატივაზე, რომელიც გლაზგოს კლიმატურ კონფერენციაზე ამოქმედდება, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი ერთდროულად მუშაობენ. მსოფლიოში პირველი ტრანსნაციონალური მზის პანელების ქსელი განახლებადი ენერგიების, მათ შორის ჰიდროელექტრო- და ქარის ენერგიის ფართო გამოყენებასა და გავრცელებას უზრუნველყოფს, რაც 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით ემისიების განახევრებას შეუწყობს ხელს.