ტექგიგანტები ევროკავშირის „ციფრული სერვისების აქტს“ დაექვემდებარებიან | რა იცვლება მომხმარებლისთვის?

ტექგიგანტები ევროკავშირის „ციფრული სერვისების აქტს“ დაექვემდებარებიან | რა იცვლება მომხმარებლისთვის?

25 აგვისტოდან ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში მცხოვრებ პირებს, მედია პლატფორმებისა და ტექნოლოგიური გიგანტების საიტების გამოყენებისას – ძიებისას, სქროლვისას და ინფორმაციის გაზიარებისას – შეეძლებათ თავადვე გააკონტროლონ, თუ რა გამოჩნდება მათ გვერდზე. ცვლილება შეეხება, როგორც TikTok-ს, Instagram-სა და Facebook-ს, ასევე Google-ს და Amazon-საც კი.

საქმე იმაშია, რომ ტექგიგანტები, რომელთა სათავო ოფისებიც ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი, ამიერიდან ევროკავშირის ციფრულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. „ციფრული სერვისების აქტის“ მიზანი ევროპელი მომხმარებლის კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის დაცვა და უკანონო და მავნე კონტენტის გავრცელების შეზღუდვაა.

წარმოგიდგენთ ცვლილებებს, რომლით სარგებლობასაც პარასკევიდან ევროკავშირში მცხოვრები პირები შეძლებენ:

ხელოვნური ინტელექტის მიერ რეკომენდებული ვიდეოების გამორთვა

ავტომატური რეკომენდაციების სისტემები, მომხმარებელს, მათ პროფილზე დაყრდნობით, შესაბამის კონტენტს სთავაზობს. თუმცა, პარასკევიდან AI-ის მიერ რეკომენდებული მასალის გამორთვაც შესაძლებელი გახდება. Meta-ს ინფორმაციით, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება მხოლოდ მის მიერ გამოწერილი ადამიანების კონტენტი ნახოს, და არა პლატფორმების მიერვე შერჩეული ინფორმაცია. გარდა ამისა, ძიების შედეგებიც, მხოლოდ მის მიერ აკრეფილ სიტყვებზე დაყრდნობით შეირჩევა.

რეკომენდებული სისტემის გამორთვა ასევე ნიშნავს, რომ ვიდეოს გაზიარების პლატფორმებზე, იმ „გამოწერილი გვერდებისა“ და „მეგობრების“ პოსტები გამოჩნდება, რომელთაც მომხმარებლები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიჰყვებიან. Snapchat-ის მომხმარებელს „პერსონალიზებული კონტენტის გამოცდილების“ გამორთვაც შეეძლება.

ევროკომისიას სურს, რომ მომხმარებელს კონტენტის შერჩევისას, მინიმუმ ერთი ალტერნატივა მაინც ჰქონდეს, რომელიც მათ პროფილზე დაფუძნებული არ იქნება. იდეის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მომხმარებელთა პროფილის შესაბამისად შერჩეული ალგორითმული რეკომენდაციები ე.წ. „ფილტრების ბუშტს“ ქმნიან და სოცმედიის მომხმარებელს ბევრად ექსტრემალური პოსტებისკენ უბიძგებენ.

მავნე კონტენტის გამორჩევა ბევრად მარტივი ხდება

ცვლილებებით, მომხმარებელს იმ პოსტის, ვიდეოსა და კომენტარის გასაჩივრება (რეპორტი) გაუადვილდება, რომელიც შეუსაბამოა პლატფორმის წესებთან და არღვევს კანონმდებლობას. TikTok-ი მომხმარებელს, კატეგორიების მიხედვით – სიძულვილის ენა და შევიწროება, თვითმკვლელობა და თვითდაზიანება, დეზინფორმაცია და თაღლითობა – „გასაჩივრების დამატებით გზებს“ სთავაზობს. Meta-ს ინფორმაციით, Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტის გასაჩივრება მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ხდება.

შესაძლებელი ხდება პოსტის წაშლის მიზეზების გაგება

ევროკავშირს სურს, რომ პლატფორმები, მათი საქმიანობის შესახებ, ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდნენ. TikTok-ის ინფორმაციით, ევროპელი მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებენ „კონტენტის მოდერაციის გადაწყვეტილებების ფართო სპექტრის შესახებ“. Google-ის განცხადებით, გაფართოვდება გამჭვირვალობის ანგარიშების არეალი და მომხმარებელი სერვისებზე, მათ შორის Search-ზე, Maps-ზე, Shopping-სა და Play Store-ზე, დამატებითი დეტალების მიწოდების გარეშე, კონტენტის მოდერაციის მართვის შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

ყალბი პროდუქციის გასაჩივრების შესაძლებლობა

„ციფრული სერვისების აქტი“ მხოლოდ კონტენტის გაკონტროლებას არ გულისხმობს.  მისი მიზანი, Gucci-ის, Nike-ის და სხვა ბრენდების ყალბი პროდუქციის გავრცელების შეჩერებაა. Amazon-ის განცხადებით, არალეგალური პროდუქციისა და კონტენტის გასასაჩივრებლად, ახალი არხი შეიქმნება, ამავდროულად კი, კომპანია მის საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ, უფრო საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას განათავსებს.

არასრულწლოვანების დაცვა მიზანმიმართული ციფრული რეკლამებისგან

ბრიუსელს ბავშვებისთვის იმ ციფრულ რეკლამაზე წვდომის შეზღუდვაც სურს, რომლებიც კონფიდენციალურობისა და მანიპულირების შესახებ ეჭვებს ბადებს. პლატფორმათა ნაწილმა, რეგულაციები, „ციფრული სერვისების აქტის“ ძალაში შესვლამდეც, მათ შორის ევროპის ფარგლებს გარეთაც გაამკაცრა.

TikTok-ის განცხადებით, 13-დან 17 წლამდე მომხმარებლების ფიდზე, ევროკავშირში, დამატებით კი გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინში, „მათი აქტივობების საფუძველზე“ შერჩეული რეკლამები აღარ გამოჩნდება. იგივე წესები შეეხებათ არასრულწლოვანებს აშშ-შიც – 13-დან 15 წლამდე. Snapchat-ი მიზანმიმართული ციფრული რეკლამებისგან მომხმარებელს 18 წლამდე დაიცავს.

Meta-მ, ჯერ კიდევ თებერვალში, 13-დან 17 წლამდე მომხმარებლებისთვის Facebook-სა და Instagram-ზე, მათი აქტივობების შესაბამისი რეკლამების ჩვენება აკრძალა. ამჟამად, მოზარდებისთვის რეკლამების განსათავსებლად, მონაცემებიდან, მხოლოდ მოზარდთა მომხმარებლის ასაკისა და ლოკაციის გამოყენებაა შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *