ბიზნესები ტექნოლოგიების დახმარებით უფრო მეტი მოგების მიღებას, მოქნილ პროცესებს და განვითარების ტემპის გაზრდას ახერხებენ. სწორედ ამ მიზეზებმა აქცია ტექნოლოგიური კომპანიები მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად. რამდენად აითვისა საქართველოში ბიზნესმა ისეთი ტექშესაძლებლობები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, „დიდი მონაცემები“ და სხვა, ამ საკითხზე Forbes Georgia-მ GMT M-ის ფინანსური დირექტორის, ყოფილი დიპლომატის, კემბრიჯის უნივერსიტეტის MBA-ის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის, ირაკლი ლაითაძის მოსაზრებები მოისმინა.
ბატონო ირაკლი, თქვენი დაკვირვებით, რამდენად უწყობს ფეხს ბიზნესი საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას? სად მოვიკოჭლებთ?
საქართველოში, ისე როგორც სხვაგან, ბიზნესი ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს იმდენად, რამდენადაც მისი საოპერაციო მოგება ამ ტექნოლოგიების ათვისებით გამოწვეულ მიმდინარე ხარჯებს გადააჭარბებს და საბოლოო ჯამში ნაერთი მოგება გაწეულ კაპიტალურ ხარჯებს გადაწონის.
სრული 2019-ისა და ასევე ბოლომდე დაუზუსტებელი 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 75%-ზე მეტი შემდეგ დარგებზე მოდიოდა: სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია, ტურიზმი, კვების მიწოდება, ტრანსპორტი, დასაწყობება, საცხოვრებელი მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამთო-მოპოვებითი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ჩემი აზრით, ზემოხსენებულ სექტორებს შედარებით ნაკლებად სჭირდებათ მაღალი ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური პერსონალი (ისინი არიან ე.წ. არატექნოლოგიური ბიზნესი – non-tech business). მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა გვკარნახობს, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას მასობრივი ხასიათი არა აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთ დარგებს არა აქვთ სივრცე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის – საბოლოოდ თავად ბიზნესის გადასაწყვეტია, მიიღოს ახალი ტექნოლოგია თუ არა.
ამავე დროს, საქართველოში არის დარგები, სადაც ბიზნესი კარგად და მასობრივად იყენებს ტექნოლოგიებს. მაგალითისთვის, საბანკო საქმე (განსაკუთრებით საცალო ბანკინგი), ტელე- და მობილური კომუნიკაციები და ზოგიერთი სახელმწიფო სამსახური – მაგალითად, იუსტიციის სახლები.
რა როლი ენიჭება ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესის განვითარებაში? რა ტენდენციებს ხედავთ ამ კუთხით?
საქართველოში, ისე როგორც ყველგან მსოფლიოში, ბიზნესი საჭიროებს ხელოვნურ ინტელექტს იმდენად, რამდენადაც უფრო სტანდარტიზებული, ავტომატიზებული და გაციფრულებულია მისი პროცესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაემსგავსება სანადირო თოფით ბუზის მოკვლის მცდელობას. ხელოვნური ინტელექტი (სხვა კომპონენტებთან ერთად) მოიცავს კომპიუტერების მიერ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავებას და გაფილტვრას გარკვეული ტენდენციების აღმოსაჩენად. დღეს ეს სამუშაო უფრო სწრაფად, იაფად და ეფექტიანად სრულდება, ვიდრე ამას გააკეთებდა სტატისტიკოსების ერთი ბატალიონი. იაფად გაკეთება კი მასშტაბის ეკონომიკაზეა (economy of scale) დამოკიდებული. თუ თქვენ ამუშავებთ კაფეს, მაშინ ნამდვილად არ გჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესის მართვაში. ამავდროულად, არ არსებობს რამე მკაფიო ფინანსური ან რაოდენობრივი ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. ამ უკანასკნელის მუშაობის შედეგი, მრავალთა შორის, პროგნოზირების როგორც ხარისხისა და სანდოობის გაზრდა, ასევე ამ პროგნოზების ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.
ხელოვნური ინტელექტი უკვე სცდება ტექნოლოგიურ სექტორს და იგი ტრადიციულ სექტორებშიც გააჩენს ახალი ტიპის კომპანიებს, რომლებიც შეუტევენ ვეტერან კომპანიებს. მაგალითად, ტენდენცია უკვე გამოკვეთილია საავტომობილო სექტორში, სადაც სტარტაპები უკვე მუშაობენ ავტონომიური მანქანების შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტით ტრადიციულ კომპანიებშიც შეიცვლება ბევრი რამ, მიწოდების ჯაჭვის მართვით დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურების თუ სამუშაოზე აყვანის პროცესით დამთავრებული.
ამავე დროს კი მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჟურნალის Sloan Management Review-სა და Boston Consulting Group-ის მიხედვით, გლობალურად გამოკითხული კომპანიების 85% ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მისცემს საკონკურენტო უპირატესობას, მაგრამ რეალურად მხოლოდ 5% მუშაობს ამ საკითხზე. ალბათ მოქმედებს ხარისხობრივად ახალი ნაბიჯის გადადგმის შიში.
პანდემიამ დიდი ციფრული ნახტომი დაგვანახა მსოფლიოში. ფაქტობრივად, რადიკალურად შეიცვალა ყველა სექტორის მუშაობის პოლიტიკა. დიდი ცვლილებები ვიხილეთ უმსხვილეს კომპანიებში. რა ცვლილებებს ამჩნევთ ამ კუთხით საქართველოში და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ ბიზნესს?
უდავოდ გაჩნდა ცვლილებები როგორც გლობალურად, ასევე ადგილობრივად. საქართველოშიც იგივე ტენდენციებია, რაც მსოფლიოში. მე ვერ ვიტყვი, რომ პანდემიამ შექმნა ცვლილებები ფუნდამენტურ დონეზე. უფრო ის, რომ მან დააჩქარა უკვე არსებული ტენდენციები, მაგალითად – პროცესების გაციფრულება. აგრეთვე გაიზარდა უკონტაქტო ან მცირეკონტაქტიანი მომსახურება: იქნება ეს საკვები პროდუქტების, მზა კერძების, წიგნების, ელექტროტექნიკის, სამომხმარებლო საქონლის თუ მცირე სარემონტო მასალების ადგილზე მიტანა. გაიზარდა ონლაინბანკინგის ოპერაციების მოცულობა. კომპანიებმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელი ყოფილა მართვის სხვადასხვა პროცესის დისტანციურად მართვა, შიდა თუ მესამე პირებთან სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკება zoom-ის მეშვეობით. საერთაშორისო პოლიტიკურმა, ბიზნეს-, საგანმანათლებლო თუ საკონფერენციო ღონისძიებებმა ასევე გადაინაცვლეს ვირტუალურ სივრცეში.
საქართველოში, ისე როგორც ყველგან მსოფლიოში, პანდემიით გამოწვეული ყოველი ცვლილება და შესაძლებლობის გამოჩენა ემსახურებოდა და ემსახურება სამ მიზანს შორის ბალანსის დაცვას, ესენია: ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ბიზნესპროცესების უწყვეტობა და გართულებული ლოგისტიკით გამოწვეული ხარჯების მინიმიზაცია. რამდენად დაუბრუნდება პოსტკოვიდური მსოფლიო პრეკოვიდური ცხოვრების და ბიზნესმართვის სტილს – ეს საკმაოდ რთულად საპროგნოზოა. მე ვთვლი, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ მათ არ ექნებათ მასობრივი ხასიათი. ბოლოს და ბოლოს, წინა საუკუნეში მსოფლიოს გამოვლილი აქვს ბევრად უფრო ლეტალური ესპანური გრიპის პანდემია, რომლის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა.
დისტანციურ სწავლასა და მუშაობაზეც რომ ვისაუბროთ, ერთი შეხედვით, ეს არის შესაძლებლობა, თუმცა, მეორე მხრივ – დიდი გამოწვევა. როგორ შეიძლება ოქროს შუალედის გამოძებნა ამ პროცესში?
გეთანხმებით, ეს შესაძლებლობაც არის და გამოწვევაც. ჩემი აზრით, თუ საქმე ეხება საშუალო სკოლებს და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, მაშინ აქ ზიანი უფრო მეტია. ეცემა სწავლის ხარისხი, რადგან იკარგება მასწავლებელი/კლასის და ლექტორი/ჯგუფის ბუნებრივი, არავერბალური თუ ვიზუალური კონტაქტი, მცირდება მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართვა გაკვეთილის თუ ლექცია/სემინარის მიმდინარეობაში. გაკვეთილის თუ ლექციის მოსმენა სახლის ატმოსფეროდან ნაკლებად განაწყობს მსმენელს ცოდნის მისაღებად. გარდა ამისა, მოსწავლეობის, ასევე სტუდენტობის წლები არის პიროვნების ჩამოყალიბების, მისი სოციალური ფორმაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპები. დისტანციურად სწავლა კი უბრალოდ ართმევს ბავშვს თუ ახალგაზრდა ადამიანს ამ უნარს და გამოცდილებას. ჩემი აზრით, თუ არ არის ამის სამედიცინო აუცილებლობა, ალბათ ცოცხალი სწავლის გაგრძელება უკეთესი იქნებოდა.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას უკვე ზრდასრულობის პერიოდში, ვთქვათ, რამდენიმეკვირიანი კურსი ფინანსებში ან მარკეტინგში – ასეთ შემთხვევაში დისტანციური სწავლა უფრო მოგებიანია მსმენელისთვის როგორც ფინანსური თვალსაზრისით (სატრანსპორტო და ადგილზე ცხოვრების ხარჯის განულება), ასევე დროის დაზოგვის კუთხითაც.
მსოფლიოში „დიდი მონაცემების“ შესაძლებლობების აქტიურად გამოყენებას ბოლო 15 წელია, ვხედავთ. საქართველოში მხოლოდ მსხვილი კომპანიები ახერხებენ ამას…
დიახ, ჩემი აზრით, საქართველოში მხოლოდ მსხვილი კომპანიები ამუშავებენ „დიდ მონაცემებს“. ბიზნესის ეს სფეროები მოიცავს, ოღონდ არ ამოიწურება შემდეგით: ტელეკომუნიკაციები, ბანკები, სამედიცინო დაზღვევა და ა.შ. დიდ მონაცემებთან მუშაობა არ არის იაფი სიამოვნება. იგი ეფუძნება ძვირად ღირებული კომპიუტერებისა და „სოფტების“ შეძენას, განთავსებას, მართვას და ზედამხედველობას. „დიდი მონაცემების“ დამუშავების შედეგად, კომპანია იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინდიკატორს: მარტო მომხმარებლის მოქცევის სავარაუდო ტენდენცია რად ღირს (ნორმალური დისტრიბუციის 95%, ორი სტანდარტული გადახრა).
საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებითაც. რამდენიმე წლის წინ დაიწყო კრიპტოვალუტების ბუმი. რა მომავალს ხედავთ ამ კუთხით საქართველოში?
ჩემი აზრით, კრიპტოვალუტა ლიბერტარიანელების ოცნებას რეალობად ვერ გადააქცევს: როგორც დეცენტრალიზებული ვალუტა, ის ვერ ჩაანაცვლებს სხვა ცენტრალიზებულ ვალუტებს, იქნება ეს აშშ დოლარი თუ იაპონური იენა. კრიპტოვალუტის ტექნიკური ბარიერები რომც გადაილახოს, ნებისმიერი სახელმწიფო შეზღუდავს ან სულაც დაბლოკავს იმ ტექნოლოგიას, რომელიც მის მონეტარულ სუვერენიტეტს რეალურ რისკს შეუქმნის. თუმცა კრიპტოვალუტამ უკვე დაიკავა თავისი ნიში მსოფლიო ფინანსურ სისტემაში. საქართველო, როგორც პატარა და ღია ეკონომიკა, უბრალოდ ვერ აუვლის გვერდს ამ გლობალურ ტენდენციებს.
საქართველოში მოქმედებს რამდენიმე შედარებით დიდი თუ მცირე ბლოკჩეინ- და კრიპტოკომპანიები, მაგალითად, Bitfury, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილო მცირე ტრეიდერებზე, რომელთა უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა. შესანიშნავი მაგალითისათვის დაგისახელებთ მადრიდის Instituto de Impresa-ს ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულის, გამოცდილი კრიპტოტრეიდერის, თეზი ჯაფარიძის წამოწყებას. იგი არის VoIP სივრცეში, Discord-ში ანტრეპრენიორული და საგანმანათლებლო პლატფორმა Free Land-ის დამაარსებელი და ადმინისტრატორი. პლატფორმის წევრების რაოდენობა 1,000-ს აჭარებს. Free Land-ში მონაწილეობა უსასყიდლოა და მისი მიზანია კრიპტოტრეიდინგის გაადვილება ყველა მსურველისათვის და ბიზნესგანათლების გავრცელება.
კრიპტოვალუტის რთულად პროგნოზირებადობიდან გამომდინარე, მისით ვაჭრობა მოითხოვს არაორდინარულ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასა და ადაპტაციის სწრაფი უნარის გამომუშავებას, რაც ტრეიდერებს ცხოვრების და საქმიანობის სხვა სფეროებშიც დაეხმარება. აქედან გამომდინარე, მე მხოლოდ მივესალმები ახალგაზრდების ამ სფეროში მონაწილეობას.