ტექნოლოგიური ექსპანსიის ახალი ეტაპი

ტექნოლოგიური ექსპანსიის ახალი ეტაპი

ხუთი ათწლეულია, Acer-ი მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქციით ამარაგებს, მათ შორის, საქართველოში. დღეს კომპანია კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, მაგრამ მისი პორტფელი სხვა მრავალ საინტერესო მოწყობილობასაც მოიცავს. ამ პროდუქტებისა და Acer-ის გეგმების შესახებ კომპანიის EMEA-ის რეგიონის პრეზიდენტ ემანუელ ფრომონსა და ROSEE-ის რეგიონის ვიცეპრეზიდენტ გრიგორი ნიზოვსკის ვესაუბრეთ.

Acer-ი განვითარების ახალ ეტაპზეა. 2000-იან წლების ბოლოს კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი იყო კომპიუტერების გაყიდვებით, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ახალი გამოწვევებიც გაჩნდა. როგორ უმკლავდება კომპანია ამ გამოწვევებს და რა იცვლება ბრენდის მიდგომებში?

ემანუელი: ორ წელიწადში Acer-ი 50 წლის ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ციკლი გამოიარა, განსხვავებული სტრატეგიები და მმართველობის ტიპები. ერთ დროს აქცენტი მასშტაბზე კეთდებოდა, მაგრამ თანდათან ნათელი გახდა, რომ ეს ბაზრის ცვალებად დინამიკასთან თავსებადი აღარ იყო. ამრიგად, ფოკუსი ინოვაციებსა და ბრენდის მშენებლობაზე გადავიტანეთ.

48-წლიანი ისტორიის განმავლობაში Acer-ი ყოველთვის ინარჩუნებდა სტაბილურობას. COVID-19-ის პანდემიის შემდეგ კომპანია ყოველ კვარტალში მოგებაზე გადის, რასაც ყველა ვერ აღწევს. იზრდება აქციების ფასიც.

ამჟამად ჩვენი საშუალოვადიანი სტრატეგია ცხოვრების სტილის კატეგორიებში ბრენდის გაფართოებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ვიკვლევთ ახალ ბაზრებს, რომლებიც ჩვენს პორტფოლიოს ავსებს. ამ დივერსიფიკაციის შედეგად უკვე ბიზნესის 30% მოდის არაკომპიუტერულ პროდუქციაზე.

დიდი წილი აქვს კომერციულ სეგმენტსაც და გვსურს, გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც AIPC წარმოქმნის ამ ბაზარზე. კომერციულ სექტორს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და მოველით, რომ ეს კომპიუტერების ბაზარს გამოაცოცხლებს და ძირითადი ბიზნესის გაფართოებასაც შეუწყობს ხელს.

გრიგორი: გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვა. ინტენსიურმა კონკურენციამ და მოთხოვნის მერყეობამ ლანდშაფტი შეცვალა. 2022 წლიდან მოთხოვნის კლება შეინიშნებოდა, თუმცა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, Acer-ი რჩება კომპიუტერების გამორჩეულ მწარმოებლად, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა EMET (ევროპა, შუა აღმოსავლეთი და თურქეთი), სადაც ჩვენი კომპიუტერების ბიზნესი კვლავ დომინირებს.

ემანუელ ფრომონი

რომელი ბაზარია ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიისთვის?

ემანუელი: საერთო შემოსავლის ერთი მესამედი კვლავ PC-ბიზნესზე მოდის. EMEA-ის (ევროპა, შუა აღმოსავლეთი და აფრიკა) რეგიონში კომპიუტერებს ყველაზე დიდი წილი აქვს, მაგრამ აზიაში, კერძოდ, ტაივანში დაფუძნებული შვილობილი კომპანიები შემოსავალს არაკომპიუტერული ბიზნესით იღებენ, მათ შორის, ჭკვიანი ქალაქის პროექტებითა და სამედიცინო მოწყობილობებით.

დასავლეთ ევროპაში ბაზარი შედარებით ათვისებულია და მაღალი კონკურენციაა, თუმცა, სტრატეგიული ინვესტიციების მეშვეობით, ბაზარზე მნიშვნელოვან წილს მაინც ვინარჩუნებთ. ვიმყარებთ პოზიციებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ისევე როგორც ე.წ. „დანარჩენ აღმოსავლეთ ევროპაში“, მაგალითად, საქართველოსა და ყაზახეთში.

საქართველოში მუდმივად ვიგებთ განათლების სფეროში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტენდერს. გასულ წელს მნიშვნელოვან განათლების ტენდერში გავიმარჯვეთ ხორვატიაშიც. 2023-ში მზარდი ბაზარი იყო თურქეთიც და ეს წარმატებები რეგიონის ზრდის პოტენციალს ხაზს უსვამს.

სანქციების შემდეგ Acer-მა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა – როგორ აპირებთ ამ ბაზრის ჩანაცვლებას?

გრიგორი: ჩანაცვლებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ვგეგმავთ გაფართოებას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვა მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნებში. ეს ნიშნავს გაყიდვების, რესურსების გაზრდას, მეტი პარტნიორის შეძენასა და სამთავრობო ინსტიტუციებთან საქმიანი ურთიერთობების გამყარებას. საწარმოო სიმძლავრის თვალსაზრისით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ადეკვატურად ვართ აღჭურვილი, ამიტომ ტენდერების მოგება ან კონტრაქტების უზრუნველყოფა წარმოების თვალსაზრისით ლოგისტიკურ გამოწვევებს არ წარმოქმნის.

ვინ არის Acer-ის რიგითი მომხმარებელი და სამიზნე აუდიტორია?

ემანუელი: ტენდენცია დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მაგალითად, გეიმინგის კატეგორიაში პირველები არ ვყოფილვართ, მაგრამ Predator-ისა და Nitro-ს ხაზმა ბრენდის შესახებ აღქმა შეცვალა და აქცენტი ღირებულებაზე ორიენტირებულიდან ხარისხზე ორიენტირებულ მოთამაშეებზე გადავიდა. ეს ტრანსფორმაცია Gen Z-ის, ახალგაზრდების მოზიდვაში დაგვეხმარა და დღეს გეიმინგს ჩვენს პორტფელში ყველაზე დიდი წილი აქვს.

შემდეგ იყო Chromebook-ები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-ში უფრო პოპულარულია, ცნობადობა იზრდება ევროპაშიც, განსაკუთრებით – განათლების სექტორში, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში. Acer-ი იყო პირველი, ვინც Chromebook-ები ევროპას წარუდგინა და იმ დღიდან ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს.

ამავდროულად, პროფესიული პროდუქტების მხრივ, კომპანია სანდო ბრენდად მიიჩნევა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვისაც და წამყვან პოზიციას ინარჩუნებს განათლების სექტორშიც.

ამ კატეგორიებმა, ცხოვრების სტილის პროდუქტებზე ფოკუსირებასთან ერთად, ბრენდის განვითარების ტრაექტორია და იმიჯი შეცვალა. დღეს Acer-ი აღარაა ბრენდი მხოლოდ Windows-ის ეკოსისტემით, არამედ გათვლა მრავალფეროვან, ტრენდულ დემოგრაფიასა და დიფერენციაციაზეა. 

Acer-ს მრავალფეროვანი პორტფელი აქვს, გათვლილი მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, პროფესიონალებზე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროდან. რა მიმართულებით შეიძლება ველოდოთ საქმიანობის გაფართოებას მომავალში? ხომ არ გეგმავთ ელექტრომობილების ბაზარზე შესვლასაც?

ემანუელი: ელექტრომობილები ამჟამად Acer-ის სტრატეგიის ნაწილი არაა, რადგან ეს სხვა ტიპის გამოცდილებასა და რესურსებს მოითხოვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ელექტრონული ველოსიპედების ბაზარზე კომპანიამ უკვე შეიტანა ინოვაცია და Ebike-ები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვა.

Acer-ის მიზანია, შეისწავლოს მომიჯნავე ბაზრები, სადაც საკუთარ ტექნოლოგიებსა და ცოდნას გამოიყენებს. მაგალითად, პორტატიული ბატარეები და ნოუტბუკებში ბატარეის მუშაობის ოპტიმიზება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

გადამწყვეტ სეგმენტად რჩება განათლება და გეიმინგი და ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ AI-ის ინტეგრირებას. კომპანია მიზნად ისახავს, მომხმარებლები ინოვაციური და სანდო პროდუქტებით მოამარაგოს. ესაა Acer-ის სტრატეგიის ქვაკუთხედი.

გრიგორი: აღსანიშნავია, რომ ვიზუალიზაციის მოწყობილობებში გაფართოება ჩვენთვის კიდევ ერთი ინტერესის სფეროა და მოიცავს არა მხოლოდ Predator SpatialLabs™-ის 3D მონიტორებს, რომლებიც გეიმინგში ახალი სიტყვაა, არამედ სხვა ტექნოლოგიებსაც.

წლებია, Acer-ის პროდუქცია ქართულ ბაზარზეც წარმატებით იყიდება. თანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან, სტაბილურად იგებთ ტენდერებსაც. რატომაა ეს ბაზარი თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ემანუელი: მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია ამ რეგიონშიც არის, Acer-ი ზრდის შესაძლებლობებს აქაც ხედავს, მათ შორის, კორპორაციულ ტენდერებში, რადგან ამ დინამიკურ გარემოში პოზიციონირება უფრო მარტივია.

საქართველოში ჩვენი პერსონალი მხოლოდ ექვსი ადამიანისგან შედგება, თუმცა, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მზად ვართ, პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტი შემოვიტანოთ და სამომავლოდ მეტი რესურსიც გამოვყოთ. საქართველო ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყნად რჩება და გვჯერა, რომ ამ რეგიონში ბაზარი კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

გრიგორი: საქართველო ჩვენთვის ისტორიულად ძლიერი ბაზარია არასამომხმარებლო ბიზნესსექტორში. გასულ წელს აქ Acer-ის შემოსავალმა 30 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 25 მილიონ დოლარზე მეტი არასამომხმარებლო პროექტებზე, სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის.

შესყიდვების პროცედურა და IT-პროდუქტების ტენდერები ქვეყანაში საკმაოდ გამჭვირვალე და ბიზნესზე მორგებულია, ძლიერი, სანდო პარტნიორიც გვყავს და, ბიზნესის მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველო პროდუქციის მიწოდების კუთხით ერთერთი პრიორიტეტია.

როგორია მომხმარებელთა პრეფერენციები საქართველოში? რა პროდუქტებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად?

გრიგორი: ტრადიციული კომპიუტერების გარდა, გეიმინგისთვის განკუთვნილი კომპიუტერები აქაც აქტუალურია, თუმცა არც ისე დომინანტური, როგორც თურქეთსა და ყაზახეთში. ისტორიულად, საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ბაზარია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაკომპიუტერული პროდუქტებისთვისაც. მაგალითად, სკუტერები, რომლებიც 2024 წელს გამოვუშვით, საკმაოდ პოპულარულია.

AI სულ უფრო მეტად ცვლის ჩვენს ცხოვრებასა და პროდუქტიულობას. რა როლს თამაშობს ხელოვნური ინტელექტი Acer-ისთვის და როგორ იყენებს კომპანია ამ შესაძლებლობას?

ემანუელი: ახლა AI-ის გარიჟრაჟია. მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, AI-ზე მომუშავე კომპიუტერების ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია. პირველი ოფიციალური AIPC Acer-მა დაახლოებით ექვსი თვის წინ წარადგინა, შესაბამისად, მათი გაყიდვები შედარებით მოკრძალებულ ნიშნულზეა.

AI თანდათან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გეიმინგში, პროდუქტიულობის ინსტრუმენტებსა და ISV-ში ინტეგრირდება. როდესაც მომხმარებლები გამოცდიან AIPC-ის უპირატესობებს, გაუმჯობესებულ პროდუქტიულობასა და უსაფრთხოებას, ასევე ჩვენს ახალ TravelMate AI ლეპტოპებს, ტრადიციულ კომპიუტერებთან დაბრუნება შეიძლება აღარც მოუნდეთ.

ეს ცვლილებები კომპიუტერების განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს და, დიდი ალბათობით, PC-ინდუსტრიაში რევოლუციასაც მოახდენს.

გრიგორი ნიზოვსკი

კლიმატის ცვლილების გამო მწვანე, მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა სულ უფრო აქტუალური ხდება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპანიების ინდივიდუალურ ქმედებებსაც. როგორია Acer-ის სამოქმედო გეგმა Net Zero 2050-ისთვის?

ემანუელი: ჩვენ ამ საქმის მიმართ სრულ ერთგულებას ვიჩენთ. 2050 წელს არ ველოდებით და მდგრადობის მიმართულებით უკვე ათწლეულზე მეტია, ვმუშაობთ. მიზანი 2035 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა და სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლაა. ამ კუთხით უკვე მნიშვნელოვან პროგრესსაც მივაღწიეთ.

აღსანიშნავია, რომ მდგრადობის მიღწევა სცილდება ჩვენს ოპერაციებს და მოიცავს მთელ მიწოდების ჯაჭვს – წარმოებიდან ტრანსპორტირებამდე და გადამუშავებამდე. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ Earthion-ის მსგავსი ინიციატივა და შევქმენით ვებგვერდი, სადაც ჩვენი პროგრესის დეტალურად ნახვაა შესაძლებელი.

ვამაყობთ, რომ ამ კუთხით ინდუსტრიის ლიდერებს შორის ვართ. ვაწარმოებთ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლების მიერ გამოყენებული და შემდეგ გადამუშავებული მასალებისგან მზადდება. ზოგიერთი მოწყობილობა 60-70%-მდე გადამუშავებულ მასალასაც კი შეიცავს. გვესმის, რომ მდგრადობა ბიზნესის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვის გადამწყვეტია და ამიტომაც მივმართავთ ბატარეის ოპტიმიზაციასა და ენერგიის შემცირების პრაქტიკებს ჩვენს პროდუქტებში.

როგორ წარმოგიდენიათ Acer-ის მომავალი?

ემანუელი: სამომავლო პრიორიტეტი პროფესიული სეგმენტი და იმგვარ ვერტიკალურ მარკეტებზე წვდომა იქნება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, Digital Signage-ი და AI.

მოველით, რომ AIPC კომპანიისთვის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს. ამავდროულად, ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს განვითარებად ბაზრებზე. მათი ათვისებით შეგვიძლია ზრდის ტრაექტორია შევინარჩუნოთ და გამოუყენებელი შესაძლებლობები გამოვიყენოთ.

ამავდროულად, ახალი ბაზრების ათვისებისა და დივერსიფიკაციის მიზნით, ინვესტირებას ცხოვრების სტილისა და მობილობის პროდუქტებშიც განვაგრძობთ.

გრიგორი: ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიის მომავლის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და, ვფიქრობ, პროდუქტიულობის სხვადასხვა სექტორში რევოლუციას მოახდენს. შესაბამისად, Acer-ი გააგრძელებს ინოვაციებს ამ კუთხით და პროდუქციის კიდევ უფრო დივერსიფიკაციას შეეცდება.

ახალი სტრატეგიების ეფექტინად განხორციელება და ტექნოლოგიების დანერგვის აჩქარება, ასევე, კომპანიის უნარი, დივერსიფიკაციასთან ერთად ფოკუსი შეინარჩუნოს, გვაფიქრებინებს, რომ კომპანიას ნათელი მომავალი აქვს.