Skillwill-ი განათლების ინოვაციური მიდგომებით საერთაშორისო ბაზრისთვის მომავლის ტექპროფესიონალებს ამზადებს. ქართული სტარტაპის დამფუძნებლის, ვაკო თურნავას ამბიციური გეგმის მიხედვით, წელიწადში ათასობით ადამიანი გადამზადდება და მსოფლიო მასშტაბით დასაქმდება. ახალგაზრდა ტექანტრეპრენიორმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft-ის საერთაშორისო ბაზარზე გაყვანით. Skillwill-ის უახლოეს გეგმებზე იგი თვითონ მოგვითხრობს.
Skillwill-ის მისიად დეველოპერების გაზრდას და ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ასახელებთ. როგორია თქვენი პირველი შედეგები ამ კუთხით?
ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ არის გათვლილი. სქილვილის მიზანია, ფეხი ავუწყოთ და ნაწილობრივ დავაკმაყოფილოთ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნა. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, “სქილვილში” გადამზადებული ადამიანების 80% თავიდან საქართველოში დასაქმდება, შემდეგ კი უცხოურ კლიენტებთანაც შეძლებს მუშაობას. ჩვენი სტუდენტების ნაწილი უკვე დასაქმდა, მათ სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში უკვე შეუძლიათ ვებგვერდების შექმნა და მცირე პროექტების განხორციელება.
თუმცა ყველაზე დიდი შედეგი მაინც ალბათ ისაა, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ IT-აკადემია ვართ, რომელიც ორიენტირებულია, ნულიდან ასწავლოს პროგრამირება მსურველებს, დაეხმაროს კარიერულ განვითარებაში და პარალელურად მისცეს არაფორმალური განათლება. უფრო მეტიც, ყველა სხვა აკადემია რომ გავაერთიანოთ, Skillwill-ი მაინც უფრო მსხვილი იქნება, ვინაიდან ჩვენ ათასობით ადამიანის გადამზადებას ვაპირებთ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი კურსები ხელმისაწვდომია. მსურველებს 7-თვიან პროგრამაში მხოლოდ 599 ლარის გადახდა უწევთ, ამ თანხის ამოღება კი კურსების დასრულების შემდეგ და მუშაობის დაწყების პირველივე თვეს არის შესაძლებელი. ამ საფასურს ამავდროულად ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს, რათა ჩვენთან მოსულ ადამიანებს სწავლისთვის უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.
ივლისში, როცა სტუდენტების პირველი ნაკადი აიყვანეთ, თქვით, რომ წლის ბოლომდე 1000 დეველოპერის გადამზადებას გეგმავდით. ამ მაჩვენებელს უკვე მიაღწიეთ, რა არის თქვენი შემდეგი სამიზნე?
ჩვენს კურსებზე აყვანილთა რიცხვმა უკვე მიაღწია 1000-ს, თუმცა აქ უნდა ითქვას ის, რომ ამდენი დეველოპერი სრულად გადამზადებული ჯერ არ გვყავს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი 7-თვიანი კურსი ივლისში დავიწყეთ და მათ სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ. ჩვენი მომდევნო წლის სამიზნე დამატებით 5000 დეველოპერის გადამზადება იქნება. ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადია და დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ მის შესრულებას.
რის მიხედვით გაქვთ შერჩეული კურსები? ატარებთ რაიმე წინასწარ მოკვლევას?
სხვა აკადემიებისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სფეროში პრაქტიკულად ვართ ჩართული. ეს სექტორი ჩვენი ყოველდღიურობაა პირველი სტარტაპიდან, Sweeft-დან გამომდინარე. ამიტომაც კურსებზე მოსულ მსურველებს თეორიას არ ვასწავლით, ჩვენ თავად ვიცით, რა სჭირდება ბაზარს, რა მოთხოვნები აქვს კლიენტს, როგორია ტენდენციები, სწორედ ამის მიხედვით ვასწავლით და ვადგენთ სილაბუსს. ამიტომაც ჩვენი პროგრამები მუდმივად ცვალებადია. როგორც უკვე აღვნიშნე, თავიდან დავიწყეთ 7-თვიანი ზოგადი კურსით და ასევე, შესაძლებელია კონკრეტული მიმართულებების სწავლაც, თუმცა სილაბუსები ყოველი მიღებისთვის ახლდება. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჩვენს სექტორში მუდმივად იცვლება ტენდენციებიც და საჭიროებებიც. ჩვენ კი ვცდილობთ, არსებულ მოთხოვნებს მოვერგოთ რეალურ დროსა და რეჟიმში. ჩვენი მიზანია, რომ გადამზადებული ადამიანები რეალურად დასაქმდნენ. ამისთვის მათ ყველანაირ ცოდნას ვაძლევთ.
ჩვენი პროგრამები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია:
- ტექნიკური ცოდნა – ჩვენ ვასწავლით პროგრამირებას თანამედროვე მეთოდებით – დავნერგეთ გეიმიფიკაციის სისტემა, სადაც სტუდენტები მუშაობენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ დავალებებზე, უტარდებათ ვორკშოპები, განიხილავენ რეალურ პროექტებს და ა.შ.
- ნეთვორკინგი – ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარდა პროფესიული ცოდნისა, მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი კავშირები, იცნობდნენ როგორც ერთმანეთს, ასევე სფეროში დასაქმებულ წარმატებულ დეველოპერებსა თუ დამსაქმებლებს. ამიტომ ვეხმარებით სტუდენტებს, გაიზარდონ ცნობადობა და დაამყარონ კავშირები შესაბამისი მიმართულებით. პერიოდულად ვიწვევთ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებს, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
- კარიერული ზრუნვა – რაც უფრო იზრდება ტექბაზარზე კონკურენცია, მით უფრო მეტი კომპანია აქცევს ყურადღებას კანდიდატის უნარებს. ჩვენს სტუდენტებს უტარდებათ რბილი უნარების ტრენინგები, სადაც ვასწავლით გუნდურ მუშაობას, დროის მენეჯმენტს, ვეხმარებით რეზიუმეს/პროტფოლიოს შექმნაში და ვამზადებთ გასაუბრებისთვის. “სქილვილის” სტუდენტებს ყოველდღიურად ეგზავნებათ კონკრეტული ინსტრუმენტები და რჩევები კარიერული განვითარებისთვის.
ეს ყველაფერი კომბინაციაში ადამიანს ამზადებს IT-სფეროში წარმატებით დასაქმებისა და განვითარებისთვის. რაც შეეხება სწავლების მეთოდს, ის მაქსიმალურად მარტივია, ვინაიდან სიმარტივეში ვხედავთ გენიალურობას.
რამდენად არის სტუდენტი ბაზრისთვის მზად თქვენთან სწავლის დამთავრების შემდეგ?
ჩვენს სტუდენტებს, 7-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ მინიმუმ სტაჟირების დაწყება ნებისმიერ კომპანიაში შეეძლებათ ტექმიმართულებით. ამის შემდეგი ეტაპი არის მათი ე.წ. ჯუნიორ დონემდე მიყვანა, რისთვისაც გათვალისწინებული გვაქვს 3-თვიანი კურსები, რომელთა ფარგლებში მსურველს უკვე კონკრეტული მიმართულების არჩევა შეუძლია, იქნება ეს პროგრამირების რომელიმე ენა თუ სხვა კონკრეტული პროფესია. ამ კურსის გავლის შემდეგ მას შესაძლებლობა აქვს, თქვას, რომ ჯუნიორ-დეველოპერია.
თქვენთან კურსების გავლის შესაძლებლობა 14-დან 50+ ადამიანებს აქვთ. საინტერესოა, როგორია სტუდენტებს შორის ასაკობრივი და ასევე გენდერული გადანაწილება? ზოგადად, ვისთვის არის Skillwill-ი, როგორი ტიპის ადამიანისთვის?
მიღების პროცესში არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. პირველადი მონაცემებით, ჩვენი სტუდენტები მხოლოდ ის ადამიანები არ არიან, რომლებიც უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობენ. მათი წილი მხოლოდ 15%-ია. დანარჩენი სრულიად სხვა პროფესიების მქონე ადამიანები არიან, მათ შორის იურისტები, ბუღალტრები, მსახიობები და ა.შ. მათ აერთიანებთ ის, რომ არიან შრომისმოყვარეები, ამბიციურები და აქვთ სურვილი, შეიძინონ ახალი პროფესიები და მოერგონ 21-ე საუკუნის ტენდენციებსა და საჭიროებებს. საამაყოა ის, რომ გოგონების რაოდენობა ჭარბობს. ჩვენ ამ კუთხით UN Women-თანაც ვთანამშრომლობთ და ქალთა დახმარებისა და დასაქმების კუთხით მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ.
რამდენად იყენებთ არაფორმალური განათლების მეთოდებს?
ჩვენ არ ვართ ტრადიციული აკადემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სწავლა არ უკავშირდება მხოლოდ ლექციის ტიპის შეხვედრებს, რასაც სასურველი შედეგი დღეს უკვე აღარ მოაქვს. ჩვენი სტუდენტები მოდიან ოფისში, მართავენ შეხვედრებს, გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს ერთმანეთთან და ერთმანეთს ავითარებენ. არაფორმალურ გარემოში ყოველკვირეული შეხვედრებიც გვაქვს, სადაც მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობა შეუძლიათ. ჩვენ ვქმნით ერთგვარ გუნდს, რომლის თითოეული წევრი ღირებულია და რომლებიც ერთად, გუნდურად სწავლობენ მუშაობასა და განვითარებას. ისინი ერთმანეთს ავსებენ და სასურველია, რომ ეს ჩვენი კურსების გავლის პროცესში იგრძნონ და გაითავისონ. ზოგადად, „ნეტვორკინგი“ უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გააკეთებს.
IT-სფეროს გამოწვევებზეც მინდა გკითხოთ, რომელთა შორის დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიც სახელდება. ამ კუთხით რა ტენდენციებს ამჩნევთ საქართველოში და რამდენად განსხვავდება ის მსოფლიო ბაზრის ტენდენციებისგან?
მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ ძალიან მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდებაა. ფაქტობრივად, კომპანია არ არსებობს, რომელსაც კადრების პრობლემა არა აქვს. შეიძლება გქონდეს რესურსი და მზად იყო, რომ თანამშრომელს გადაუხადო მაღალი ანაზღაურება, მაგრამ შესაბამის კადრს ვერ პოულობდე. ამ მხრივ საქართველოშიც მძიმე ვითარება გვაქვს. თითქმის არ არის თავისუფალი პროგრამისტი. ვაკანსიების საიტზე განაცხადის დადებასაც კი არა აქვს აზრი. სწორედ ამან განაპირობა Skillwill-ის შექმნაც. თავიდან ჩვენს კომპანია Sweeft-ში დავიწეთ აქსელერაციის პროგრამა, სადაც ჯუნიორ-დეველოპერებს ვამზადებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საკმარისი. ამიტომ ავამოქმედეთ Skillwill-ის აკადემია, რომლის მიზანიც დიდ მასშტაბებზე გასვლაა.
თქვენი დაკვირვებით, საქართველოში განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში ITკომპანიების შემოდინების გამო, რამდენად შესამჩნევია შესაბამის კადრებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა?
ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი IT-კომპანია გადმოვიდა საქართველოში, რომელთაც თავიანთი დასაქმებულები გადმოჰყვათ. მათ თავიანთი კლიენტებიც ჰყავთ და შიდა ბაზარი არც აინტერესებთ. თუმცა არიან კიდევ მეორე ტიპის კომპანიები, რომლებიც აქაური ბაზრით და ქართველი დეველოპერებით არიან დაინტერესებული. ამან განაპირობა ის, რომ, კონკურენციის შედეგად, შრომის ბაზარზე დეველოპერების ანაზღაურებამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ბოლო ორ წელიწადში ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, საქართველოში ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა.
თქვენი სტუდენტების შემდგომი დასაქმების მიზნით კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ?
რა თქმა უნდა, სხვადასხვა კომპანიასთან უკვე 15-მდე მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. მათი მხრიდან დიდი დაინტერესებაა. ეს ადგილობრივი კომპანიებია, რომელთაც დეველოპერები სჭირდებათ.
ამ მხრივ საჯარო სექტორში რა მდგომარეობა გვაქვს? არის მათი მხრიდან თქვენ მიერ მომზადებულ კადრებზე მოთხოვნა?
მოთხოვნა საჯარო სექტორშიც მაღალია. ჩვენ მიერ გადამზადებული 1000 დეველოპერიც არ იქნება საკმარისი. ჩვენ 112-თანაც გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი კურსდამთავრებულები იქ მუშაობის დაწყებას შეძლებენ.
როგორც ვიცით, Skillwill-ი საქართველოს ფარგლებს სცდება. სად გყავთ პარტნიორები და რომელ ბაზრებზე გაქვთ გათვლა?
დიახ, 2023-ში ვაპირებთ სხვა ბაზრებზე გასვლასაც. ძირითადად, ეს ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნები იქნება, ვინაიდან აღნიშნული ქვეყნები დაახლოებით აშშ-ის დროის სარტყელში არიან, დეველოპერებსა და პროგრამისტებზე ძირითადი მოთხოვნა კი სწორედ ამერიკის ბაზრიდან მოდის. ამიტომ დროის სარტყლის სიახლოვის თვალსაზრისით, ლათინური ამერიკის ბაზარი Skillwill-ისთვის კარგი შესაძლებლობაა. ამასთან, ამ რეგიონში გვყავს დაინტერესებული პარტნიორებიც და მალე იქ Skillwill-ის აკადემია გამოჩნდება. ასევე ვაპირებთ ეგვიპტის, იტალიის, ჩეხეთის ბაზარზე გასვლასაც. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ქართველები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით პროგრამირებას ასწავლიან.
კიდევ რა გათვლები აქვს აკადემიას მომავალი წლისთვის?
მომავალ წელს ვგეგმავთ EduTech-პროდუქტის გაშვებას. გვინდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვასწავლოთ ონლაინ, თუმცა – არა კლასიკური მეთოდით, არამედ ჩავწეროთ ონლაინკურსები და სისტემამ კურსის მსვლელობა ავტომატურად მართოს. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადამიანის ფაქტორი რაც შეიძლება ნაკლებად იყოს საჭირო, რაც დროსა და რესურსს დაგვიზოგავს და უფრო ეფექტიანიც იქნება.
სად ხედავთ Skillwill-ს დაახლოებით ათ წელიწადში?
ვფიქრობთ, რომ ათ წელში Skillwill-ი საქართველოში მთავარი სასწავლო ცენტრი იქნება არა მხოლოდ დეველოპმენტის, არამედ მრავალფეროვანი მიმართულებების კუთხითაც. დავამატებთ იმ კურსებს, რაც საჭირო და მოთხოვნადი იქნება მსოფლიო ბაზარზე და ადამიანების კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.