Tesla-მ აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს 96 მილიონი ახალი აქცია გადასცა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 29 მილიარდი დოლარია. კომპანიის მიზანი მილიარდერი მეწარმის CEO-ს პოზიციაზე შენარჩუნებაა, იმ ფონზე, რომ დელავერის სასამართლომ მასკის 2018 წლის საკომპენსაციო პაკეტი არამართლზომიერად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის დამტკიცების პროცესი არასამართლიანი იყო და აქციონერთა ინტერესებს ზიანი მიადგა.
ილონ მასკმა გადაწყვეტილების გასაჩივრება მარტში დაიწყო. მან სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას იურიდიული შეცდომების შედეგი უწოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში Tesla-მ განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭომ შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც მასკის კომპენსაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
შეიძლება ითქვას, ამჟამად Tesla გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება. მასკს, რომელიც კომპანიის 13%-იან წილს ფლობს და ავტომწარმოებლის უდიდესი აქციონერია, ყურადღება წლების განმავლობაში დაპირებული ბიუჯეტური ელექტრომობილებიდან რობოტაქსებსა და ჰუმანოიდ რობოტებზე გადააქვს. ამ გზით, ის Tesla-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის კომპანიად პოზიციონირებას ცდილობს.
სპეციალური კომიტეტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ჯილდო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხმის მიცემის უფლების თანდათანობით გაზრდისთვისაა გამიზნული. მათი თქმით, ეს Tesla-ს მისიაზე მასკის ფოკუსირების გასაღებია.
გამოყოფილი აქციები მასკს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ის Tesla-ს CEO-ს პოსტზე 2027 წლამდე დარჩება. ჯილდოს ასევე თან ახლავს ხუთწლიანი შენახვის ვალდებულება, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, როგორიცაა გადასახადების გადახდა ან შესყიდვის ღირებულების დაფარვა. Tesla-ს განცხადებით, მასკმა თითოეული აქციისთვის $23.34 უნდა გადაიხადოს. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო სრულად აღადგენს ძველ კომპენსაციას, ახლად გადაცემული აქციები ან გაუქმდება, ან ძველთან გარკვეულ კომბინაციაში დაიშვება.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი 2.21%-ით გაიზარდა და $309.31-ს გაუტოლდა.