Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის იაფი ალტერნატივები წარადგინა

Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის იაფი ალტერნატივები წარადგინა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის შედარებით იაფი ალტერნატივების გაყიდვის შესახებ გეგმები წარადგინა. ეს წლების განმავლობაში მისი პირველი ახალი პროდუქტი იქნება. სფეროს ანალიტიკოსების განცხადებით, როგორც ჩანს, ილონ მასკის მიზანი ელექტრომობილების შესაძენად საგადასახადო შეღავათების დაკარგვის კომპენსირებაა.

Tesla-მ თავისი Model Y Standard-ისა და Model 3 Standard-ისთვის ფასი $37,990 და $34,990 დააწესა. ცნობისთვის, „პრემიუმ“ ალტერნატივების ღირებულება, შესაბამისად, $44,490 და $41,990-ია. ამ გზით კომპანია დაბალი ფასის სეგმენტში გაძლიერებას ცდილობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ში ელექტრომობილების შეძენისთვის მოქმედი 7,500-დოლარიანი ფედერალური საგადასახადო შეღავათი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ეს Tesla-ს ახალი პროდუქტის პირველი პრეზენტაციაა 2019 წლის შემდეგ, როცა ილონ მასკმა Cybertruck-ი წარადგინა. ამ მოდელის სერიული მიწოდება მხოლოდ 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, წარმოებისა და ბატარეების მიწოდების შეფერხების შემდეგ.

Bloomberg-ის ცნობით, Tesla ახალ მოდელებში მარტივი და ნაკლებად ძვირადღირებული მასალების გამოყენებას გეგმავს, რათა წარმოების ხარჯები და ნეგატიური ეფექტი შეამციროს, რომელიც საგადასახადო შეღავათის გაუქმებამ გამოიწვია.

Autovista Group-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, Model Y გლობალური ელექტრომობილების ბაზრის 7.4%-ს იკავებდა და მსოფლიოში კვლავ ყველაზე გაყიდვად EV-მოდელად დარჩა, Model 3-ისა და ჩინური BYD Seagull-ის წინ.

ცნობისთვის, Tesla-მ მესამე კვარტალში რეკორდული რაოდენობის, 497,099 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო. ამ რაოდენობის დაახლოებით 97% Model 3-ისა და Model Y-ის მოდელებზე მოდის.