ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანიამ სამხრეთკორეულ Samsung Electronics-თან ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით $16.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა.
„Samsung-ის ახალი გიგანტური ქარხანა ტეხასში Tesla-სთვის ახალი თაობის AI6 ჩიპის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. ამ გადაწყვეტილების სტრატეგიული მნიშვნელობა რთულია, გადაჭარბებულად ჩაითვალოს“, – დაწერა ილონ მასკმა საკუთარ X-ზე.
თუკი ილონ მასკი ტეხასში Samsung-ის ახალ ქარხანაზე მიანიშნებს, მაშინ გარიგება პროექტს ახალ სიცოცხლეს შესძენს, ვინაიდან სამხრეთკორეულ მწარმოებელს მსხვილი პარტნიორების მოძებნის პრობლემები მნიშვნელოვნად აფერხებდა.
საინტერესოა, რომ გარიგების შესახებ Samsung-მა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ აცნობა, თუმცა პარტნიორის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვა. შეთანხმება ძალაში 2033 წლამდე იქნება.
ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებაში Samsung-ს ისეთი კომპანიებისთვის უწევს კონკურენციის გაწევა, როგორებიც TSMC-ი და SK Hynix-ი არიან. ანალიტიკოსების შეფასებით, Samsung-ის ჩავარდნის მიზეზი TSMC-ის მიერ მისი მთავარი პარტნიორების დაკონტრაქტებაა. TSMC-ის მომხმარებლებს ისეთი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა: Apple-ი, Nvidia და Qualcomm-ი.
კონკურენციის წნეხი სამხრეთკორეული მწარმოებლისათვის მოგებისა და აქციების ფასის შემცირებაში გამოიხატა. თუმცა Tesla-სთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, Samsung-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 4%-ით გაიზარდა.
Samsung-სა და Tesla-ს შორის გაფორმებული შეთანხმება, შესაძლოა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ტარიფებთან დაკავშირებით გარიგების მიღწევაში დაეხმაროს. სამხრეთ კორეა აშშ-სთან მოსალოდნელი 25%-იანი ტარიფების სრულად გასაუქმებლად ან შესამცირებლად აქტიურად მუშაობს.