საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს კაპიტალიზაცია რეკორდული ტემპით ეცემა – გასულ 24 საათში კომპანიის აქციების ფასმა დამატებით 11.4%-ით იკლო; ერთთვიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.
საერთო ჯამში, ერთ წელში Tesla-ს კაპიტალიზაცია $1.23 ტრილიონიდან 340 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, რაც ვარდნის 72%-იანი მაჩვენებელია. თითქმის $900-მილიარდიანი დანაკარგის გამო, Tesla მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ათეულს გამოეთიშა და ამჟამად ის რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.
გასულ 24 საათში დაფიქსირებული ვარდნის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ჩინეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდულ ზრდასთან, რის გამოც Tesla-ს შანხაის ქარხანა დაიხურა და, შესაძლოა, შეზღუდვა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდეს, რასაც, ბუნებრივია, ნეგატიური გავლენა ექნება კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებსა და შემოსავლებზე.
კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის გადადგომას და CEO-ს თანამდებობაზე ისეთი ადამიანის დანიშვნას მოითხოვს, რომლის სრული ფოკუსი მხოლოდ Tesla-ზე იქნება მიმართული და ის მთელ დროს სწორედ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას დაუთმობს.
Twitter-ის შეძენის შემდეგ, მასკი უმეტეს დროსა და ენერგიას სოციალურ ქსელს უთმობს და არა Tesla-ს, რასაც, ცხადია, ინვესტორები ნეგატიურად იღებენ. გარდა ამისა, Twitter-ის გამო მასკი სულ უფრო მეტ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა, მათ შორის, ევროკავშირი მას სანქციების დაწესებითაც კი ემუქრება, რასაც Tesla-ს რეპუტაციაზეც ნეგატიურ გავლენა აქვს.
ზოგადად, Tesla-ს არასახარბიელო შედეგები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდა და საფონდო ბირჟების ვარდნაა, რამაც უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასის შემცირება გამოიწვია, თუმცა არა ისე მკვეთრად, როგორც Tesla-სი.
თავად კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განმარტებით, არასახარბიელო შედეგები აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, კერძოდ, ერთ წელში FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 0%-იანი ნიშნულიდან თითქმის 4%-მდე გაზარდა, რაც ინვესტორებს უბიძგებს, საინვესტიციო პორტფელში სარისკო პოზიციები შეამცირონ, პოტენციურ კლიენტებს კი – ახალი შენაძენისგან და დამატებითი საბანკო ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავონ. ორივე გარემოება Tesla-ს აქციების ფასზე ნეგატიურად აისახება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პრობლემის წინაშე არა მარტო Tesla, არამედ მსოფლიოს ყველა სხვა კომპანიაც დგას, მიუხედავად ინდუსტრიისა და საქმიანობის პროფილისა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე 65%-იანი წილით ისევ Tesla დომინირებს, თუმცა ის დროთა განმავლობაში პოზიციას კარგავს, რადგან, შედარებისთვის, 2020 წელს ილონ მასკის კომპანია ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში Tesla ისევ გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლის წილი შემცირდება და სხვა კომპანიები მის ჩანაცვლებას შეძლებენ.
მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილება ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული, პირველ რიგში ეს კონკურენციის გაძლიერებას უკავშირდება, რაც მოსალოდნელიც იყო, მერე საკითხი კი უშუალოდ კომპანია Tesla-სთანაა დაკავშირებული, რომელიც დინამიკურ ბაზართან ადაპტირებას აგვიანებს და 30,000 დოლარზე იაფიანი ელექტრომობილის გამოშვებას აჭიანურებს, რაც Chevrolet-ის მსგავს კომპანიებს ბაზრის ამ სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს.