Tesla-ს აქციების ფასის ვარდნის გამო, მასკის ქონება $12 მილიარდით შემცირდა

Tesla-ს აქციების ფასის ვარდნის გამო, მასკის ქონება $12 მილიარდით შემცირდა

დღეს ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა და 303 დოლარს ოდნავ გადააჭარბა. აქციის გაუფასურება Tesla-ს მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელშიც ავტომწარმოებელმა, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, კვარტალური შემოსავლის ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა.

Tesla-ს აქციების ფასის ვარდის გავლენით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და აქციონერის, ილონ მასკის ქონება საგრძნობლად შემცირდა. ავტომწარმოებელში მასკის დაახლოებით 12%-იანი წილის ღირებულება 136.3 მილიარდი დოლარიდან 124.1 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებას 12.2 მილიარდი დოლარი გამოაკლდა.

რაც შეეხება Tesla-ს ფინანსურ ანგარიშს, რომელიც გუშინ, 23 ივლისს გამოქვეყნდა, კომპანიის მიერ II კვარტალში მიღებულმა შემოსავლებმა $22.5 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან კლებას გულისხმობს. ვარდნას მეორე კვარტალში ავტომობილების მიწოდებაში 13%-იან კლებას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ  წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, Tesla-ს მოგება 16%-ით შემცირდა და $1.17 მილიარდი შეადგინა.

აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla-ს მიერ მარეგულირებლებისაგან მიღებული სუბსიდიების მოცულობა მეორე კვარტალში $439 მილიონით განისაზღვრა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის $600 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ წინა ადმინისტრაციის ელექტრომობილების პოლიტიკის ცვლილებაა, რის მიხედვითაც აშშ-ის საჯარო სამსახურებს ავტოპარკის ელექტრიფიცირების ვალდებულება მოეხსნათ.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი მოცემული დროისთვის $400.4 მილიარდს ფლობს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს უნარჩუნებს.