აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე მის მიმართ დაკისრებული ჯარიმა გააუქმა. Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ტრამპის ქონება $6 მილიარდს შეადგენს, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ის $5.5 მილიარდად იყო შეფასებული.
კერძოდ, სასამართლომ გააუქმა $450-მილიონიანი ჯარიმა, რომელიც საპროცენტო თანხებთან ერთად დაახლოებით $517 მილიონამდე იყო გაზრდილი. მაშინ მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ფინანსურ დოკუმენტებში აქტივების ღირებულება შეგნებულად არასწორად მიუთითეს, რათა პრეზიდენტის ქონება რეალურზე მაღალი წარმოჩენილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა გაუქმდა, ძალაში დარჩა მოსამართლე არტურ ენგორონის გადაწყვეტილება, რომ ტრამპი თაღლითობაში დამნაშავეა, ასევე დარჩა ძალაში არაფულადი სანქციებიც. ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა უკვე განაცხადა, რომ განაჩენს შტატის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამჟამად ტრამპს დაახლოებით $95 მილიონი დოლარის იურიდიული ვალდებულება აქვს, რომელიც მწერალ ე. ჯინ კეროლის მიერ აღძრულ ორ საქმეს უკავშირდება. ერთ საქმეზე $89-მილიონიანი კომპენსაციის დაკისრების საკითხს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ხოლო $5-მილიონიან კომპენსაციაზე გადაწყვეტილება დეკემბერში ძალაში დარჩა, თუმცა შესაძლოა ტრამპმა ის უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივროს.