ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციების სამთავრობო განცხადებების თანახმად, თალიბანის ადმინისტრაციამ აღნიშნულ რეგიონებში ინტერნეტის გავრცელება შეაჩერა. ავღანეთის ხელისუფლების განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „ამორალური აქტივობების პრევენციაა“.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ავღანეთის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ, თალიბანმა ქალებს უმაღლეს სასწავლებლებში სიარული და სხვადასხვა სექტორში დასაქმება აუკრძალა, ეს ავღანეთის ხელისუფლების მიერ ინტერნეტთან დაკავშირებული პირველი აკრძალვაა.
ინტერნეტის მოხმარების აკრძალვა ხუთ ჩრდილოავღანურ პროვინციას, ყუნდუზს, ბადახშანს, ბაღლანს, თახარსა და ბალხს შეეხება. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეზღუდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით განხორციელებულ ყველა ინტერნეტკავშირზე გავრცელდება. მიუხედავად ამისა, მობილური ტელეფონის ინტერნეტზე წვდომა კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისი რეგიონების სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყველა სახის საკაბელო ინტერნეტკავშირი უკვე ჩაჭრილია. მათივე განმარტებით, აუცილებელი საჭიროებებისათვის ალტერნატივა მოსახლეობას მომავალში მიეწოდება. თუმცა რა სახის ალტერნატივაზეა საუბარი, უცნობია.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის გაუქმებით ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში მდებარე ოფისები, სახლები და ბიზნესები ინტერნეტკავშირის გარეშე დარჩა. აკრძალვას აბსურდულს უწოდებს ავღანეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ზალმაი ხალილზადიც. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ თალიბანისთვის პორნოგრაფიაზე წვდომა შეშფოთების საგანია, მათ მრავალი ისლამური სახელმწიფოს მაგალითის აღება შეუძლიათ, რათა აღნიშნული კონტენტის გაფილტვრა მოხდეს.
შეგახსენებთ, შარშან თალიბანმა მორალის მარეგულირებელი წესების გრძელი სია დაამტკიცა, რომელიც მოიცავს ქალებისთვის სახის დაფარვის, ხოლო კაცებისთვის წვერის გაზრდის ვალდებულებებს, ასევე მძღოლებისათვის ავტომობილებში მუსიკის მოსმენის აკრძალვას და სხვა კანონებს.