კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ, დასაქმებულების მიერ დაკავებული სამსახურებრივი პოზიციების მასობრივი დატოვება შეინიშნება. ამ ყველაფრის ფონზე თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიები თანამშრომელთათვის ფინანსური სარგებლის ზრდას იწყებენ.
Bank of America-ს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ფინანსური სარგებლის პროგრამებს თანამშრომლებს დამსაქმებლების 46% სთავაზობს, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად, Morgan Stanley at Work-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანური რესურსების სპეციალისტების 26%-მა თანამშრომლებისთვის, პანდემიით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად, დამატებით ფინანსური სარგებლისა და სხვადასხვა ბენეფიტის შემოღება გადაწყვიტა. შეღავათები მოიცავს ფინანსურ ტრენინგებს, სტუდენტური სესხით დახმარებას, გადაუდებელ შემნახველ დახმარებას, ფინანსურ დაგეგმვას და მათ შორის, საპენსიო დანაზოგებსაც.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების მხრიდან მსგავსი შეთავაზებები შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს კადრების დაქირავებისა და შენარჩუნების პროცესში. SHRM-ის კვლევა აჩვენებს, რომ მომუშავე პერსონალის 52% სწორედ მსგავსი ტიპის სარგებელს აქცევს ყურადღებას. მაგალითისთვის, Morgan Stanley at Work-ის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ, მას შემდეგ რაც დიდი კონკურენციისა და თანამშრომლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ფინანსური კეთილდღეობის პაკეტი შეიმუშავა, რაც ინდივიდუალურ ფინანსურ დაგეგმვას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებს მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს.
Lockton Retirement Services-ის კვლევით დადგინდა, რომ მაღალი ფინანსური სტრესის ქვეშ მყოფი თანამშრომლები ორჯერ უფრო ხშირად იღებენ ავადმყოფობის დროს გამოსაყენებელ შესვენებას, მაშინ როდესაც ისინი ავად არ არიან. რა თქმა უნდა, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული სტრესი და შფოთვა კორონავირუსამდეც არსებობდა. 2018 წლის კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებულების 53%-ისთვის მათი ფინანსური მდგომარეობა შემაშფოთებელი, 44%-ისთვის კი მისი განხილვაც კი სტრესული იყო. თუმცა პანდემიამ, განსაკუთრებით ქალებისთვის და ფერადკანიანებისთვის, არსებული მდგომარეობა უფრო მეტად გაამძაფრა.