თავდაჯერებული ქალბატონი

თავდაჯერებული ქალბატონი

შერილ სენდბერგის პირველი “თანამშრომლები” მისივე ოჯახის წევრები, და-ძმა მიშელი და დევიდი გახდნენ. “თავიდან, ერთიდან სამ წლამდე ასაკში, სუსტები და უსარგებლოები ვიყავით, – გამოტყდნენ ისინი შერილის ქორწილში სადღეგრძელოს წარმოთქმისას, – მაგრამ სკოლის ასაკისთვის, ადამიანმა, რომელიც ამჟამად Facebook-ის მთავარი ოპერატიული დირექტორი და, შესაძლოა, ამერიკის ერთ- ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია, ფორმაში ჩააყენა ისინი, მიაჩვია სახლში ყოფნისას კუდში ედევნათ და ყოველი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, “right!” ( “მართალია,” “დიახ”) დაეყვირათ. რა იყო ეს? თამაში? რაღაც ამის მსგავსი. “რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შერილს საბავშვო თამაშები არასოდეს უთამაშია, – იხსენებს და–ძმა. – ყოველთვის სხვა ბავშვების თამაშს ხელმძღვანელობდა”.

თავისი ცხოვრების ამბებს სენდბერგი მის მიერ დაწერილ პირველი წიგნში, დასაწყისშივე, საკუთარი ბიოგრაფიის ჭრილში გვიყვება, რომელიც “ფემინისტური მანიფესტის მსგავს მონათხრობს” წარმოადგენს. მასში იგი მოუწოდებს ქალებს, უფრო მტკიცედ გააგრძელონ კარიერისთვის ბრძოლა, მეტი ენერგიით ჩაებნენ კორპორაციულ შეჯიბრებაში იმისათვის, რომ სწორება ისე მოახდინონ, როგორც ამას მისი ამავე სახელწოდების წიგნი Lean In -ი (“სწორება”) გვკარნახობს; მოგვითხრობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მაგრამ ამავე დროს ის შიშობს, რომ მისი ოჯახური ამბების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარების შემდეგმბრძანებლობის მოყვარულ პიროვნებად არ წარმოჩნდეს, რასაც ვერ დაეთანხმება: “შევამჩნიე, რომ ტერმინს, ‘მბრძანებლობის მოყვარული’ თითქმის ყოველთვის პატარა გოგონებთან მიმართებით იყენებენ, მაგრამ არასოდეს – მამაკაცთა მიმართ”, – ამბობს სენდბერგი ლანჩზე, რომელსაც ერთად მივირთმევთ.

მასთან ურთიერთობისას სულაც არ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მბრძანებლობის მოყვარული ადამიანი იყოს, უბრალოდ გგონიათ, რომ პირდაპირ 43 წლის დაიბადა, თანაც ადამიანების მართვის შესაძლებლობით წინასწარ აღჭურვილი და მომზადებული. მას შესწევს ძალა, ბრძოლისუნარიანობა გააძლიეროს ხალხში. ახლა, როდესაც ის ნამდვილად 43 წლისაა და უკვე სრულყოფილი აქვს ეს უნარები, მისთვის $66-მილიარდიანი ტექნიკური კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღება საკმარისი გამოწვევა აღარ არის. ამიტომ სენდბერგმა ახალი მისია იტვირთა: ძალების გადანაწილება. ამ ამოცანამ და მის მიერ შემუშავებულმა იერიშის მიტანის გეგმამ, ლანძღვისა–გინების მთელი ნაკადი გამოიწვია.

მხოლოდ წიგნი რომ დაეწერა და მეტი აღარაფერი გაეკეთებინა, სენდბერგის სტილში არ იქნებოდა. მისი კამპანია სათავეს იღებს მისივე წიგნის სახელწოდების მქონე ვებგვერდ LeanIn.org-დან, რომელიც არაკომერციული ფონდია კორპორაციული პარტნიორობით, ინტერნეტსემინარებითა და სახელმძღვანელო მითითებებით მხარდამჭერი ჯგუფების შესაქმნელად. ალბათ გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სენდბერგი იწყებს ყველაზე ამბიციური მისიის შესრულებას, რომელიც მდგომარეობს ფემინიზმის გადატვირთვასა და გენდერიზმის დისკუსიების ახლებურად გააზრებაში, იმ დროიდან მოყოლებული, რაც 1971 წელს Ms. Magazine-ი გამოვიდა.

საქმე ისაა, რომ მას შესწევს ამ საქმის განხორციელების უნარი. ის გახლავთ მსოფლიოში ადამიანთა უდიდესი ქსელის, Facebook-ის თანამესაჭე, რომლის 1 მილიარდი წევრიდან უმეტესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ყოველ შემთხვევაში – აშშ–ში. ის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მფლობელია. მას უდავოდ გააჩნია ცოდნა იმისა, თუ როგორ მიაღწიოს მიზანს. მისი რეზიუმე, მოხვდა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში, McKinsey-სა და ფინანსთა სამინისტროში. შესრულებული რეგლამენტირებული სამუშაო რევოლუციის სურნელს არ აფრქვევს, მაგრამ ფემინისტთა მოდგმაში ის შესაძლოა ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდეს. “ის კონკრეტულ აუდიტორიას მიმართავს, მაგრამ ისინი ნამდვილად საჭიროებენ ამ მესიჯს”, – ამბობს მწერალი და ისტორიკოსი სტეფან კუნტი.

თვითმფრინავში გაკეთებული ჩანახატი

ლორენა ვიქსი იყო პირველი ქალი, რომელმაც Southern Bell-ში დაწინაურებისთვის ბრძოლისას გამოიყენა კანონი სამოქალაქო უფლებების შესახებ. მას შემდეგ 44 წელი გავიდა, ჩვენ ჯერ კიდევ ქალებსა და წარმატებაზე ვკამათობთ? რატომ? მხოლოდ ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეებსა და კიდევ პატარა ბიჭებს არ სჯერათ, რომ ქალს შეუძლია უზარმაზარი, დასავლური დემოკრატიის მატარებელი სახელმწიფოების მართვა, კომპანიების ხელმძღვანელობა, ამაღელვებელ სპორტის სახეობებში მონაწილეობა, ოთხვარსკვლავიანი გენერლის წოდების მიღება, მსოფლიოს შეცვლა, ფიუჩერსულ კონტრაქტებზე გარიგებების დადება და უბრალოდ მომხიბვლელი ქალურობა (სამივეჯერ მადლობა ჰილარი კლინტონს).

მაგრამ ქალბატონების ზედა ეშელონებისკენ სწრაფვას თან ახლავს სიმაღლის შიშის პრობლემა. ახალგაზრდა ქალი მმართველები იმავე კარიერული კიბით იწყებენ აღმასვლას, რომლითაც მამაკაცები, მაგრამ ისე ხდება ხოლმე, თითქოს კიბე მიმართულე ბას იცვლის და, ჯადოსნური ჰოგვარტის მსგავსად, მას ქალბატონები სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს. სამი ათწლეულის განმავლობაში კოლეჯი უფრო მეტმა ქალმა დაამთავრა, ვიდრე კაცმა, მაგრამ ამ აკადემიურ დომინანტურ მაჩვენებელს არ მოჰყოლია შესაბამისი წარმატება ბიზნესში ან პოლიტიკაში. ამჟამად 195 სახელმწიფოს ხელმძღვანელიდან მხოლოდ 17 მათგანს არა აქვს Y ქრომოსომა. მთელი საპარლამენტო ადგილების 20% გლობალურად ქალებს უკავიათ. 4%-ზე ცოტათი მეტია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც მართავენ Fortune 500 წარმოდგენილ კომპანიებს და ქალბატონებს უკავიათ დირექტორთა საბჭოს ადგილების 17%. ამაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ეს რიცხვები ძალიან სწრაფად არ იცვლება. ათი წლის წინ დირექტორთა საბჭოს ადგილების 14% ქალებს ეკავათ. ათწლეულმა გაიარა და ქალებმა მხოლოდ რამდენიმე ინჩით წაიწიეს წინ სხდომათა დარბაზში. “როდესაც შიშველ სიმართლეს ვამბობ, რომ მსოფლიოს კაცები მართავენ, ხალხს უკვირს, ‘მართლა?’ აი, ეს არის ჩემთვის პრობლემა”, – ამბობს სენდბერგი.

თითქმის ყველა ეთანხმება იმას, რომ გამოსაშვები პოდიუმიდან უმაღლეს ხელმძღვანელ პოსტებამდე მიმავალ გზაზე ქალები სადღაც უგზო-უკვლოდ იკარგებიან. საკამათოა, რა ან ვინ აკავებს მათ. ამ შეკითხვაზე პასუხად თითის გაშვერა ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება. მამაკაცები გაშლილი ხელებით შეეგებნენ ქალების სამსახურში წასვლას, მაგრამ სახლის საქმის, საჭმლის მომზადებისა და ბავშვების მოვლის მოვალეობები ჯერ კიდევ დიდწილად ქალების მხრებს მძიმე ტვირთად აწვება.

სენდბერგი აღიარებს ყველა ამ დაბრკოლებას, მაგრამ განსაკუთრებით დიდ დროს ერთ მათგანს უთმობს: ეს არის უხილავი ბარიერი ქალების გონებაში. “მამაკაც კოლეგებთან შედარებით, ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ მიისწრაფვის ხელმძღვანელი პოსტებისკენ”, – წერს ის, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან ამაში დამნაშავეები. ქალები დაბადებიდანვე კაცებისგან განსხვავებული მოლოდინით იზრდებიან. ქალებში არსებობს ამბიციის რღვეული და სწორედ ის აყენებს ზიანს მათი წინსვლის უნარს. “ჩემი არგუმენტი ის არის, რომ ძალაუფლების მოპოვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ შინაგანი ბარიერებისგან გათავისუფლებას. დღეს ჩვენ გაგვაჩნია უნარი იმისა, რომ დაბრკოლებები თავიდან მოვიშოროთ. ამ წუთიდანვე შეგვიძლია ამ მიზნის განხორციელების დაწყება”.

სურთ კი ქალებს ამ ტიპის ძალაუფლების ხელში ჩაგდება? უფრო მეტად მამაკაცებს ხომ არა აქვთ მაღალი ხელფასისა და ძლიერი კარიერის ქონის თანდაყოლილი სურვილი? რამდენად განაპირობებს ქალების ძალაუფლებისკენ სწრაფვის შეჩერებას უფრო ღრმად, დნმ-ში არსებული რაღაც მიზეზი? კვლევის შედეგები გვამცნობს, რომ ქალები ისეთივე ამბიციურები არიან, როგორიც კაცები, მაგრამ მათი ამბიცია გამოხატვის სხვა გზას პოულობს. სენდბერგისთვის ეს საკითხები შეუსაბამოა, ზუსტად ისევე, როგორც გაურკვეველია, ადამიანები გენეტიკურად მიდრეკილები არიან მეტისმეტად ბევრი ჭამისკენ, თუ ამგვარ ქცევას მათ გარშემო არსებული საჭმელი განაპირობებს. ასეა თუ ისე, ეს იწვევს ჭარბწონიანობას და ცვლილების აუცილებლობას. “ჩვენ უნდა განვვითარდეთ, რათა ახალ გარემოებებს შევესაბამებოდეთ, – ამბობს ის. – ძალიან მინდა ვნახო, რა შედეგამდე მიგვიყვანს გოგონებისა და ბიჭებისთვის ზუსტად ერთნაირად ხელის შეწყობა. ვფიქრობ, განსხვავება შეიძლება იყოს მართვის პროცესში”.

სენდბერგის კრიტიკოსები ალბათ მაშინვე იტყოდნენ, ლაპარაკი ადვილიაო. მას ხომ ჰარვარდის ორი დიპლომი აქვს, ჰყავს მდიდარი, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელია, გააჩნია უზარმაზარი პირადი სიმდიდრე და ოჯახში ყველა სახის დახმარება, მოქნილი სამუშაო ადგილი. ის საჭირო დროს მოხვდა ორ დიდ, პოპულარულ კომპანიაში – Google-სა და Facebook-ში. ქალები, რომლებსაც თავიანთი ხელფასითა და განათლებით უფრო დაბალი საფეხური უკავიათ, ალბათ გაიკვირვებენ იმას, რომ სენდბერგი მათგან თავიანთ სამსახურებთან სწორებას ელის. მისი აზრით, თქმა იმისა, რომ ზოგიერთი ქალბატონი შეუფერებელი მეთოდებით ცდილობს წარმატების მიღწევას, რასაც ხალხი მეორენაირად სიმტკიცესა და შეუპოვრობას უწოდებს, მხოლოდ მამაკაცს თუ შეუძლია. დისერტაციამ მას უკვე მოუტანა იმავე სფეროში მომუშავე ქალების რისხვა (მამაკაცები ნაკლებს საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს ის ტერიტორია არ არის, სადაც მათ გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ).

“კიდევ ოცი წლის გატარებას ხომ არ ვაპირებთ ქალების იმ სისტემასთან ადაპტირების მცდელობაში, რომელიც მათ საერთოდ არ შეესაბამება?” – კითხვას სვამს ავივა ვიტენბერგ-კოქსი, რომელიც გლობალური მენეჯმენტის კონსალტინგის კომპანია 20-first-ს მართავს. იგი კომპანიებს უფრო მეტი გენდერული ბალანსის მიღწევაში ეხმარება. ის იშველიებს McKinsey-დან მიღებულ მონაცემებს იმის შესახებ, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორთა საბჭოში შედარებით მეტი ქალია, უფრო მეტ მოგებას იღებენ. “კომპანიებს სჭირდებათ ქალები. მათ წინაშე პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც ქალების წინსვლა ფერხდება. – ის ფიქრობს, რომ სენდბერგის მესიჯი არასწორია. – ქალებისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ ისინი კაცებს უნდა დაემსგავსონ, თუ წარმატების მიღწევა სურთ”.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ავივა ვიტენბერგ-კოქსი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს სენდბერგის სიტყვებს. მთელი იმ წარმატების მიუხედავად, რომელიც ამ უკანასკნელმა მოიპოვა, ის არაფრით არ ჩამოჰგავს მამაკაცს. შესაძლოა, ათასობით ადამიანი პასუხად ეუბნებოდეს “right!”-ს, მაგრამ დაწყებითი სკოლის შემდეგ მან მნიშვნელოვნად დახვეწა საკუთარი ქცევის ტექნიკა. ახლა ეს ტექნიკა აღჭურვილია აურაცხელი რაოდენობის მონაცემით, რომელიც კომბინირებულია ლოიალობის დიდ უნართან, გამორჩეულ ორგანიზაციულ გამჭრიახობასა და შორსმჭვრეტელობასთან.

ავიღოთ მისი როლი Facebook-ში. მთავარი ოპერატიული დირექტორები, ჩვეულებრივ, არ არიან ორგანიზაციის სუპერვარსკვლავები. ისინი უფრო პრაქტიკოსები არიან – როგორც წესი, მამაკაცები, რომლებიც ასრულებენ გენერალური დირექტორის ნება-სურვილს და იმედოვნებენ, რომ უფრო მაღალ თანამდებობას მიიღებენ. სენდბერგის მიდგომა ცოტა უფრო განსხვავებული იყო.

“მისი შექმნილია Facebook-ის მთელი საქმიანი ნაწილი, – ამბობს მარკ ცუკერბერგი – მე კომპანიის მართვის არაფერი გამეგებოდა. ჩვენ ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ ისეთი ადამიანი გვაკლდა, რომელიც გამოცდილი წინასწარმეტყველი იქნებოდა და გვეტყოდა, როგორ უნდა გვემუშავა ფართო მასშტაბებით”. კომპანიას ჰყავდა დაახლოებით 70 მილიონი მომხმარებელი და ჰქონდა 150 მილიონი დოლარის შემოსავალი, სანამ 2008 წელს შერილ სენდბერგი შემოგვიერთდებოდა. ახლა კომპანიას მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ახლახან გასაჯაროებული მონაცემები ცხადჰყოფს, რომ ამ კვარტალისთვის მისი შემოსავალი 1,59 მილიარდ დოლარს შეადგენდა. “ზოგიერთი ადამიანი მთელი თავისი არსით ამბობს: ‘მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და თანაც ისეთი პროფესიონალი, რომ როდესაც ჩემთან ახლოს იმყოფებით, აუცილებლად დაგებადებათ სურვილი, ჩემზე უკეთესი პროფესიონალი გახდეთ. სწორედ ასეთი გრძნობა გაგვიჩნდა მისი გამოჩენისთანავე”, – ამბობს ქრის კოქსი, Facebook-ის საოცრად ახალგაზრდა, წარმოსადეგი ზენ ვიცე-პრეზიდენტი პროდუქტის მიმართულებით.

Facebook-ის თანამშრომლებიდან არავის არა აქვს საკუთარი ოფისი. სენდბერგი, ცუკერბერგის სამუშაო ადგილიდან ცოტა მოშორებით, ფარეხის ზომის ოთახის კუთხეში ზის, სოციალური ქსელის თავისუფალი დაგეგმარების მქონე ერთ-ერთ შენობაში, რომელიც კალიფორნიაში, მენლო-პარკში მდებარეობს. მის გვერდითაა სვეტი წარწერით: “მე შენ მიყვარხარ, დედა”. ეს ნამუშევარი მისი 7 წლის ვაჟსა და 5 წლის გოგონას შეუქმნიათ დედასთან სამსახურში ერთ-ერთი ვიზიტის დროს. მოპირდაპირე მხარეს მისი დიდი ხნის თანაშემწის, კამილ ჰარტის ადგილია, რომელიც მეგაზომის ეკრანზე გამოსახული მრავალფერიანი გრაფიკით მუშაობს. ეს მისი ბოსის განრიგია. თუ სენდბერგს სურს ცუკერბერგთან დალაპარაკება (ეს ხშირად ხდება ხოლმე), საკმარისია შემოაბრუნოს მოძრავი სკამი და მაშინვე leans in (სენდბერგის წიგნის სახელი), რაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სწორებას ნიშნავს, ანუ ცუკერბერგის პირისპირ აღმოჩნდება.

სენდბერგს მგზნებარე დამოკიდებულება აქვს Facebook-ის მიმართაც კი, რომელშიც მესიანობა სტანდარტული მიდგომაა. ის უზარმაზარი ფანია სიტყვის “უზარმაზარი”. მაგალითად, “ეს უზარმაზარია,” “უზარმაზარი პრობლემაა”, “ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს”. მისი მეორე საყვარელი სიტყვაა “გულწრფელი”, თუმცა, სამართლიანები თუ ვიქნებით, უნდა ითქვას, რომ ის გულგრილი არ არის ნებისმიერი ზმნიზედის მიმართ. საუბრისას განუწყვეტლივ ხელებს იშველიებს და მეორე სახსარში მოხრილი თითებით ისეთ მოძრაობებს აკეთებს, გეგონებათ პიცის ცომს ზელს ან ძაფს ახვევსო. გზნებით ეკიდება სიების შედგენასაც და თავის პატარა წიგნაკს მუდამ თან დაატარებს. თითოეული ფურცელი ან პროექტს ეხება, ან ადამიანს. დავალების შესრულებისთანავე ფურცელიც წიგნაკიდან იხევა. “მე მთელი არსებით შევიგრძნობ ჩემი ამოცანების სიას”, – ამბობს ის.

მისი ქმედითუნარიანობისა და ემოციური კოეფიციენტის ერთობლიობა ბადებს იმ არაორდინარულ უნარს, რომლითაც ის ადამიანების განწყობას შეიგრძნობს. შეხვედრაზე, რომელიც ვებდიზაინის კომპანიის შესაძენად საჭირო ქმედებების განსახილველად ტარდება, ამ პროცესს უწოდებენ დაქირავება-შთანთქმას, რომლის დროსაც გარიგება ძირითადად მიმართულია საქმეში ახალი ტალანტის ჩართვისკენ – სენდბერგი შეახსენებს თავის გუნდს, რომ ამ ფირმის დამფუძნებელს მალე დაბადების დღე აქვს და გარიგების დასრულება ამ ღირსშესანიშნავ დღემდე სურს. “ჩემი აზრით, დაბადების დღე გვეხმარება ჩვენ”, – ამბობს ის. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს: “ის უნიკალური ადამიანია, რადგან მას აქვს უკიდურესად მაღალი IQ (გონებრივი განვითარების კოეფიციენტი) და EQ (განათლების კოეფიციენტი/ემოციური კოეფიციენტი). ნამდვილად დიდ იშვიათობას წარმოადგენს ასეთი მონაცემების ერთდროულად არსებობა ნებისმიერ ერთ ადამიანში.

სენდბერგს არ მოსწონს, როდესაც მის საქმიანობას მენეჯმენტს უწოდებენ. მისი აზრით, ეს მეტისმეტად კლინიკურად ჟღერს. მას ნიჭი აქვს იმისა, რომ სხვებს აგრძნობინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათ მიერ შეტანილი წვლილი (ერთდროულად ორმა კაცმა მითხრა, რომ ის იყო პირველი, ვინც სენდბერგის ბავშვები ფერმაში წაიყვანა). მისთვის დასაშვებია ტირილი სამუშაოზე და ერთ მთლიან თავს თავის წიგნში, სამსახურში გულწრფელ კომუნიკაციას უძღვნის. “ჩვენ საკმაოდ ბევრს ვკამათობთ, – ამბობს კოქსი, – მაგრამ ერთ რამეს ძალიან ვაფასებ შერილში: როდესაც კამათი მწვავედ სრულდება, შემდეგ ერთმანეთს ვურეკავთ და გულითადად ვლაპარაკობთ. არასოდეს ვიმაღლებთ ხმას ერთმანეთთან კამათისას, უბრალოდ, ტონალობას ვიცვლით”.

შეხვედრები ნებისმიერი ხელმძღვანელი პირის სამუშაო დღის ხერხემალია და სენდბერგიც ხალისით ატარებს მათ. სანამ კომპანიაში სენდბერგი გამოჩნდებოდა, შეხვედრას ხშირად დროზე არ იწყებდნენ და ჩანაწერებსაც ყოველთვის როდი აკეთებდნენ. “შერილს აქვს უნარი, სხვადასხვა ტიპის ადამიანები ძალზე სწრაფად მიიყვანოს გადამწყვეტ პოზიციამდე, – ამბობს მაიკ შროეპფერი, საინჟინრო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი. – ის საოცრად მოუთმენელია”. ის ძალზე პრაქტიკული ადამიანიცაა, რომელიც წინასწარ რწმუნდება, რომ ადამიანებს ცარიელი კუჭით არ მოუწევთ შეხვედრაზე ჯდომა. “მას შემდეგ, რაც შერილი მოვიდა Facebook-ში, ბევრად იშვიათად მაქვს შიმშილის გრძნობა”, – იხსენებს ცუკერბერგი.

სენდბერგის გზა

ათასობით შეხვედრისა და პირდაპირ თუ არაპირდაპირ ათასობით ადამიანის დაქირავების შემდეგ, სენდბერგი გრძნობს, რომ მას აქვს უფლება, კომენტარი გაუკეთოს იმას, თუ როგორ მუშაობენ ქალები. აი, მაგალითად: “მთლიანად მათი ბრალი არ არის, მაგრამ ისინი არ იღვწიან საკუთარი კარიერის ყველაზე ეფექტიანი გზით წარმართვისთვის”. არაეფექტიანობის ცნება სენდბერგის ზიზღს იწვევს. საკონფერენციო დარბაზში მას უკიდია დაფა, რომელზეც ვკითხულობთ: “შეიმუშავეთ მკაფიო პრიორიტეტები”.

რა თქმა უნდა, ყველა შერილ სენდბერგი ვერ იქნება. სინამდვილეში, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია შერილსენდბერგობა და იმის გასაგებად, თუ რატომ არ შეგვიძლია, დაგვეხმარება ცოდნა იმისა, როგორ მიაღწია მან ყოველივე იმას, რასაც ამჟამად წარმოადგენს.

“იმ რწმენით გავიზარდე, რომ ბიზნესში სამუშაოდ წასვლა ქალისთვის ცუდი რამ იყო, – ამბობს ჯოელისა და ადელ სენდბერგის უფროსი ქალიშვილი, ოფთალმოლოგი და მასწავლებელი ფლორიდიდან. – იგულისხმებოდა, რომ ქალი ექიმი უნდა გამოსულიყო, ან სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში ემუშავა”. სენდბერგი ფიქრობდა, იურისტი გამოსულიყო. მეექვსე კლასში მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდაში ჩატარებულ საორატორო ოსტატობის კონკურსზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა მონაწილე უფროსკლასელი იყო. ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო დარბაზის დანახვა კათედრასთან დგომისას, თუ პატარა სკამს არ გამოიყენებდა, არაფრით ამცირებს მისი (ხალხური ზღაპრის, “წითელი პატარა ქათმის” შესახებ წარმოთქმული) ორატორული სიტყვის ღირებულებას და არც თითოეული ადამიანის მიერ ამერიკის კეთილდღეობისთვის შეტანილი წვლილის დიდ მნიშვნელობას.

სწორედ სენდბერგის მშობლებმა მოახდინეს პირველად სოციალური ქსელის ძალისა და გავლენის დემონსტრირება. ჯოელი ეფექტური, ქმედითი და კონკურენტუნარიანი ადამიანია, ადელი კი მგზნებარე, აღმზრდელობითი საქმიანობის მოყვარული პიროვნებაა. 1970-იან წლებში ისინი საბჭოთა კავშირიდან ისრაელში ემიგრაციის მსურველი ებრაელებისთვის დახმარების გაწევის აქტივისტები იყვნენ. თუ რომელიმე refusenik-ი, როგორც მათ უწოდებდნენ, ციხეში ან შრომით ბანაკში მოხვდებოდა, საბჭოთა ებრაელთა თემი ამის შესახებ ლონდონში მეკავშირეს ატყობინებდა, რომელიც შემდეგ ამ მოძრაობის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მხარდამჭერებს ურეკავდა. დაუყოვნებლივ აამუშავებდნენ სატელეგრამო პროგრამას, ურეკავდნენ ადგილობრივ პოლიტიკოსებს. 1987 წლისთვის, ნაწილობრივ დასავლეთის ქვეყნებისა და ნაწილობრივ სენდბერგის მსგავსი ქსელების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის წყალობით, ებრაელებს საბჭოთა კავშირის დატოვების უფლება მისცეს. “ჩემი უდიდესი საზრუნავი იყო, შვილები პატიოსან ადამიანებად გამეზარდა, – ამბობს ადელი. – შერილი რომ სნობად ჩამოყალიბებულიყო, ვერ ვიამაყებდი მისით”.

საჯარო სკოლის დასრულებისა და ჰარვარდში ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ სენდბერგი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აერობიკის გაკვეთილებზე მოპოვებული დიდი წარმატების მიუხედავად, – სადაც, მისი სიტყვებით, გაღიმება ისწავლა მაშინაც კი, როდესაც ამის სურვილი არა აქვს, – ის თავის ყოფილ პედაგოგთან, ლერი სამერსთან წავიდა მსოფლიო ბანკში სამუშაოდ. “იმიტომ შევამჩნიე ის, რომ საუკეთესო იყო 75 თუ 80 სტუდენტს შორის ჩემი ბაკალავრების ჯგუფში”. საერთაშორისო დახმარების სფეროში მსახურების ორი წლის თავზე, ნაწილობრივ სამერსის რჩევით, სენდბერგმა გადაწყვიტა, იურისპრუდენციისთვის თავი დაენებებინა და ბიზნესის მართვის შესწავლაზე გადართულიყო.

წარმატება პოპულარობის წინააღმდეგ

სენდბერგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ბიზნესსკოლაში (ისევ ჰარვარდი) სწავლის დროს მიიღო და ის დადებით ხასიათს არ ატარებდა. პირველი კურსის შემდეგ მან სტიპენდია მოიპოვა. ყველა ბიჭი, რომლებმაც ასევე მოიპოვეს სტიპენდია, ამის შესახებ ბევრს ლაპარაკობდა. სენდბერგმა იგრძნო, რომ ჯობდა, ჩუმად ყოფილიყო, სიტყვა არ დაეძრა ამის შესახებ. “ქალებს მიღწევები, – წერს ის, – ძვირი უჯდებათ”. ეს იმაში გამოიხატება, რომ ადამიანებს, ქალის სასარგებლოდ, Like ღილაკზე თითის დაჭერა უჭირთ.

სენდბერგი ხშირად ახსენებს 2003 წლის ექსპერიმენტს, რომელმაც გამოავლინა, რომ თემატური კვლევებისას სტუდენტები წარმატებული მეწარმის მიმართ უფრო მეტ კეთილგანწყობას ავლენდნენ, თუ ქალის სახელი მამაკაცის სახელით იცვლებოდა. “მონაცემები ძალიან ნათლად და მკაფიოდ მეტყველებს, რომ წარმატება და კეთილგანწყობა დადებით კოეფიციენტს იძლევა მამაკაცების შემთხვევაში და უარყოფითს ქალების შემთხვევაში, – ამბობს სენდბერგი. – ის წუთი, როდესაც ამას მივხვდი, აღმოჩენის გაკეთების მომენტად იქცა ჩემს ცხოვრებაში”. ამის წყალობით მისთვის გასაგები გახდა, იმავეს რატომ არ აკეთებენ საკუთარი თავისთვის ის ქალები, რომლებიც კლიენტისთვის გარიგების მისაღწევად ყველა სირთულეს ლახავენ. ამით აიხსნება შემდეგი ფაქტი – ქალები, მამაკაცებთან შედარებით, საკუთარი სამენეჯმენტო ტრიუმფის შესახებ გამოცხადების, ან ხელმძღვანელ თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების ნაკლებ სურვილს ამჟღავნებენ. ეს გამოწვეულია შემდეგით: იგულისხმება, რომ ქალები ბუნებით აღმზრდელები და მშვიდობისმოყვარენი არიან და არა აგრესიის გამომხატველები. როდესაც მენეჯერებს წარმატება-კეთილგანწყობის თავსატეხს აცნობს, “ეს მთლიანად ცვლის ქალების შესახებ მათ კრიტიკულ ანალიზს”, – ამბობს ის.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არც ქალებს მოსწონთ წარმატებული ქალები. სენდბერგი იხსენებს, თუ როგორ სწრაფად გააკრიტიკა ხალხმა მისი მეგობარი მარისა მეიერი, Yahoo-ს გენერალური დირექტორი, რომელიც ბავშვის გაჩენიდან ორი კვირის თავზე სამსახურში დაბრუნდა. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, მისივე წყალობით, Yahoo-ს მუშაობის მეთოდები, ადრინდელთან შედარებით, ნაკლებად მოქნილი გახდა. “არავინ იცის, რა მოხდა იქ, – ამბობს ის, – ჩემი აზრით, მოქნილობა მნიშვნელოვანი თვისებაა ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, მაგრამ ზოგიერთი სამუშაო ადგილი მეტისმეტად მოქნილია, ზოგიერთი კი არა”. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს, რომ არც ერთი მამაკაცი, თუნდაც იმავე პოლიტიკის დამკვეთი, ისეთივე კრიტიკის ქარცეცხლს არ გამოიწვევდა, როგორიც მეიერმა გამოიარა.

სენდბერგსაც ერგო მისი წილი კრიტიკა. ანა-მარი სლოთერმა, აკადემიკოსმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ის გახმაურებული თხზულების გამო გააკრიტიკა. თხზულებაში საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ არ შეიძლება ქალებსაც ჰქონდეთ ის ყველაფერი, რაც მამაკაცებს აქვთ. სენდბერგმა მას გაუგზავნა იმეილი, რომლის შესახებ მოგვიანებით სლოთერმა გაზეთში ისაუბრა. სენდბერგმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია იმ თვალსაზრისით, რომ ის ყოველთვის ყველა ადამიანში პოულობს დადებით მხარეს, დასაწყისში უარი განაცხადა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. ახლა ისინი შერიგდნენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ერთი ცნობილი ფემინისტი მაინც არის კეთილგანწყობილი მის მიმართ.

ისინი, ვინც სენდბერგის მსგავს თანამდებობებზეა, ძირითადად მხარს უჭერენ მას, მაგრამ იმავდროულად სიფრთხილეს ინარჩუნებენ. “ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ქალებისთვის, თუ ისინი კარიერისთვის ბრძოლას აპირებენ, სპონსორის ყოლაა, – ამბობს ენ ლი, წიგნის What the U.S. Can Learn from China (“რისი სწავლა შეუძლია აშშ-ს ჩინეთისგან”) ავტორი, რომელიც ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სენდბერგის დროს სწავლობდა. დიდად არ გამკვირვებია შერილის წარმატება. ვიცოდი, რომ ლერი სამერსმა მას თავისი კალთა გადააფარა”. მართლაც, 1996 წელს McKinsey-ში მისი ხანმოკლე სამსახურის შემდეგ ის კვლავ სამერსს დაუბრუნდა, ამჯერად ფინანსთა სამინისტროში. მდივნის თანამდებობის დაკავებით, სამერსის ქვეშევრდომთა 29 წლის უფროსი გახდა. “მე საოცრად იღბლიანი ვიყავი და დიდწილად ამით აიხსნება ჩემი წარმატება, – ამბობს სენდბერგი, – ზუსტად ისე, როგორც თითოეული მამაკაცის შემთხვევაში”.

მისმა შემდგომმა ნაბიჯმა, 2001 წელს მუშაობის დაწყებამ პატარა, მაგრამ ენეგიულ კომპანიაში, სახელწოდებით Google-ი, ხალხი ძალზე განაცვიფრა. ვეინ როუზინგი, რომელიც ამჟამად არაკომერციული ასტროფიზიკური კომპანიის მმართველია, იმ დროს Google-ის საინჟინრო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც გასაუბრება ჩაუტარა სენდბერგს სამსახურში მისაღებად. “ის ზუსტად შეეფერებოდა Google-ის მოთხოვნებს: იყო ჭკვიანი, მკაფიო მეტყველების მქონე, ენერგიული და ისეთი პრობლემების გადაჭრა შეეძლო, რომლებთანაც ადრე საქმე არ ჰქონია”, – ამბობს ის. თუმცა, მაშინ როუზინგმა ვერ შეამჩნია მისი სიყვარული ქალთა უფლებების დაცვის საქმისადმი: “ის იყო ერთ-ერთი თანამშრომელი მამაკაცთაგანი, ერთ-ერთი მოთამაშე”. სინამდვილეში, მხოლოდ მაშინღა გაიგეს მისი ამ სისუსტის შესახებ, როდესაც მძიმე ორსულობის შემდეგ მან აიძულა კომპანია, მანქანის გასაჩერებელი სპეციალური ადგილები გამოეყო ორსული მძღოლი-დედიკოებისთვის.

“არასოდეს მიწოდებია საკუთარი თავისთვის ფემინისტი, არც სიტყვით გამოვსულვარ ქალების პრობლემებთან დაკავშირებით ხუთი წლის წინ”, – ამბობს სენდბერგი, რომლის ინტერესი ქალების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოხვედრის შესახებ დაემთხვა 2008 წელს მის მიერ Facebook-ში მუშაობის დაწყებას. მისი წიგნის, Lean In-ის, გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე ის ერთადერთი ქალი იყო Facebook-ის დირექტორთა საბჭოში და ასე გრძელდებოდა ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ის დღესაც ერთადერთი ქალია კომპანიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში. იმ დღიდან მოყოლებული, რაც მან Facebook-ის ზედმეტად რეკლამირებული პირველადი აქციები (IPO) საჯაროდ გასაყიდად გამოიტანა, შეთავაზებული ფასი ჯერ არ გაზრდილა; ინვესტორები მფრთხალები არიან, ხოლო ისინი, ვინც რეკლამას აკეთებს, სკეპტიკოსები. კომპანიას, საკუთარი წინსვლისთვის, მდგრადი იმიჯი და შემაკავშირებელი სახე ესაჭიროება. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ სენდბერგის თითქმის ყველგან მყოფი Facebook-ის კურატორები სასწრაფოდ და დაჟინებით აცხადებენ, რომ Lean In-ი არ არის კომპანიის პროექტი, ან ყურადღების გადატანის მცდელობა და რომ ეს ნამდვილად არ არის სენდბერგის კომპანიიდან წასვლის სტრატეგია. მთელი ინტერვიუს განმავლობაში ცუკერბერგმა მხოლოდ ერთადერთხელ გახედა მას და ეს მაშინ მოხდა, როდესაც დავუსვი შეკითხვა, თუ რამდენად შეუცვლელი იყო სენდბერგი კომპანიისთვის. ბოლოს და ბოლოს მან მიპასუხა: “მას შეუცვლელი თვისებები აქვს”.

სხვა თანამშრომლები ნაკლებად ფრთხილები არიან. “ვერ წარმომიდგენია Facebook-ი შერილის გარეშე, – ამბობს კოქსი. – ეს კომპანიისთვის მარცხის ტოლფასი იქნებოდა”.

როგორ აღწევს ის ასეთ წარმატებას?

სენდბერგის შესახებ შექმნილი მითების მიხედვით, ის ოფისს საღამოს 5:30-ზე ტოვებს და ეს სიმართლეა. ოჯახში გარკვეული დროის გატარების შემდეგ გაორმაგებული ძალებით ბრუნდება სამსახურში. ის ბეჯითად მომუშავე და ყველაზე ძლიერად მოთამაშე ადამიანის ტიპს განეკუთვნება. როგორც წესი, წვეულებაზე მხოლოდ იმ მიზნით მიდის, რომ ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოს, ან როდესაც ქალების შეხვედრა აქვს დანიშნული საკუთარ სახლში. ის და მისი მეუღლე, დეივ გოლდბერგი, ცდილობენ არასოდეს დაგეგმონ სადილი ერთსა და იმავე საღამოს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, ის ურეკავს თავის დას. “ის ერთი მილის მოშორებით ცხოვრობს ჩემი სახლიდან და არასოდეს მეუბნება უარს დახმარებაზე”, – ამბობს სენდბერგი.

პირველი შეხვედრისას, რამდენიმე წლით ადრე, სანამ შეყვარებულები გახდებოდნენ, სენდბერგს გოლდბერგის მხარზე ჩასძინებია კინოში, ფილმის ყურებისას. “მოხიბლული დავრჩი, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის ყველასთან ასე აკეთებდა”, – ამბობს გოლდბერგი. მისი საყვარელი ფილმია 1994 წელს გადაღებული The Shawshank Redemption (“გაქცევა შოუშენკიდან”). უკანასკნელად, მის მიერ, თავისი მეგობრებისთვის შერჩეული ფილმი იყო Fame-ი (“დიდება”). სასჯელის სახით, მეგობრებმა აიძულეს ის, მთელი ფილმისთვის ეყურებინა და თანაც არ ჩასძინებოდა.

ბევრ რამეში მისი პირადი ცხოვრება ძალზე ტრადიციულია. ოჯახი ერთად უამრავ თამაშს თამაშობს; ცუკერბერგმა ახლახან ასწავლა მათ Settlers of Catan-ის თამაში. მისი შვილები უკვე თვითონ მიირთმევენ საუზმეს და სასკოლო ლანჩსაც თავად ამზადებენ. სენდბერგი ამბობს, რომ იმ კვლევების წყალობით, რომლებიც აჩვენებს, რომ დღევანდელი მოსამსახურე დედები ისევე არიან ჩაბმული თავიანთი ბავშვების ცხოვრებაში, როგორც ძველი დროის ტრადიციული დედები: “ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ მეტი არ შეიძლება, უაღრესად კარგად”. შერილი არ პასუხობს კითხვებს სახლის საქმეებში დახმარების შესახებ და ამბობს, რომ ეს არ არის შეკითხვა, რომელზეც მამაკაცს გასცემ პასუხს. ასევე უარზეა, იგივე შეკითხვა გოლდბერგს დავუსვა.

Lean In-ის მერვე თავში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული არჩევანი, რომელსაც ქალი აკეთებს, არის მისი მომავალი მეუღლის არჩევა. მან და გოლდბერგმა, რომელიც იმდენადვე მშვიდი და გულთბილია, რამდენადაც სენდბერგი არის ექსპრესიული და ენერგიული, რამდენიმე წლის მეგობრობის შემდეგ სერიოზულად დაიწყეს პაემანზე სიარული. ოთხი წლის წინ გოლდბერგმა მიატოვა დიდი სამსახური Yahoo-ში იმისათვის, რომ ოჯახს ერთად ყოფნა შეძლებოდა ჩრდილო კალიფორნიაში. ის სათავეში ჩაუდგა SurveyMonkey-ის, რომელშიც იმ დროისათვის 14 თანამშრომელი მუშაობდა (ამჟამად კომპანიის ღირებულება 1,35 მილიარდ დოლარს შეადგენს). “ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, – ამბობს ის, – მაგრამ ერთ რამეში შერილი ძალიან მაგარია, – შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ჩემი კარიერის გულისთვის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა მოგვიხდეს და ის მე შემიწყობს ხელს”.

სენდბერგი არწმუნებს ქალებს საკუთარ მეუღლეებთან სახლის მოვალეობების გაყოფის შესახებ მოლაპარაკების აუცილებლობაში. “ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობების სფეროები გვაქვს. მე ვმოგზაურობ; სახლის საქმეებიდან ჩემს მოვალეობებში შედის ელექტრონიკა, კომპიუტერები და მანქანები, – ამბობს გოლდბერგი. – ჩემს მოვალეობაშია ასევე ფოტო და ვიდეოსაქმიანობა. ბავშვებზე ზრუნვა შუაზე გვაქვს გაყოფილი, თუმცა ქულების დაწერას არ ვცდილობთ ერთმანეთისთვის”. გოლდბერგი უძღვება ფინანსურ მხარესაც. მას შემდეგ, რაც Facebook-ი საჯარო გახდა, სენდბერგმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარის აქციები გაანაღდა და ჯერ კიდევ 18 მილიონი დოლარის აქციები მის ხელთ რჩება. ის თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რა კაპიტალის პატრონია და თვალთმაქცურად აცხადებს, რომ ეს გოლდბერგის სფეროა. “ის მართავს ჩვენს ფულს, – ამბობს სენდბერგი, – მე არსებითად ინტერესი არ მაქვს”.

ყოველთვის საუბრობენ იმის შესახებ, განსაკუთრებით კალიფორნიელები, რომ სენდბერგი, რომელიც დიდი დემოკრატი ფონდრაიზერია, ისევ დაუბრუნდება სახელმწიფო სექტორს. ამისათვის მას კონტაქტები და უნარების მთელი კრებული აქვს. “ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი მთავრობაში მუშაობით, – ამბობს სენდბერგი. – არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე მომინდეს უკან დაბრუნება, მაგრამ არა ოფისის სამართავად და არა ახლა. ეს არ არის შესაფერისი დრო ჩემი ოჯახისთვის”.

სენდბერგის ქმედებები იმაზე არ მეტყველებს, თითქოს მას ახლანდელი სამსახურის მიტოვება სურდეს უფრო მაღალი ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების მიზნით, პირიქით, ისეთი აზრი ჩნდება, რომ მისთვის თითქმის შეუძლებელია, რომ გახდეს გენერალური დირექტორი. “ირონიაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავწერე წიგნი ქალისა და ხელმძღვანელობის შესახებ, უმაღლესი ხელმძღვანელი როლი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის ჩემთვის, – ამბობს ის. – მე შემეძლო ამისთვის მიმეღწია, როდესაც Google-ში ვმუშაობდი. მქონდა ასეთი შემოთავაზებები”.

შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ქალის პოტენციალის თანდაყოლილი უკანდახევის შესუსტება საკმარისი მისია იყოს სენდბერგისთვის, ყოველ შემთხვევაში – ამ ეტაპზე. ქალების სასტარტო ხაზთან მიყვანით მათი ბიზნესის უმაღლეს ეშელონებში გაყვანა შესაძლოა, მისი იდეა იყოს. მას შეუძლია დამშვიდდეს მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას ქალები ჩაიგდებენ ხელთ.