თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი ქვეყნებს თავდაცვისთვის საჭირო ყველა პროდუქციით ამარაგებენ, გამანადგურებლებიდან და რაკეტებიდან დაწყებული, მოწინავე კიბერსისტემებით დამთავრებული.
2025 წელს შეიარაღებული კონფლიქტებისა და მზარდი დაძაბულობის გამო, თავდაცვის მსხვილი კონტრაქტორების შეფასებები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ინდუსტრიის ლიდერების გამოსავლენად კი, Visual Capitalist-მა companiesmarketcap.com-ზე არსებული მონაცემები გამოიყენა, რომლებიც 2025 წლის 20 მაისის საბაზრო კაპიტალიზაციაზეა დაფუძნებული.
სიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა RTX-ი, რომელიც 2020 წელს Raytheon Company-ისა და United Technologies Corporation-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. RTX-ი თავისი მოწინავე სარაკეტო სისტემებით, თვითმფრინავის ძრავებითა და აერონავტიკის კომპონენტებით არის ცნობილი. მას ცოტა ხნის წინ 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიენიჭა, რომელიც გერმანიისთვის Patriot-ის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს.
ჩამონათვალში მეორე ადგილს კომპანია Honeywell-ი იკავებს. როგორც ცნობილია, 2026 წელს Honeywell-ი სამ ცალკეულ ბიზნესად გაიყოფა, რომლებიც მოიცავს ავტომატიზაციას, აერონავტიკასა და მოწინავე მასალებს. 2024 წლის ოქტომბერში Honeywell-მა აშშ-ის არმიისგან 103 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რომელიც ახალი თაობის სარადარო სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
პირველ სამეულს ფრანგული Safran-ი ასრულებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ თავდაცვის ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. Safran-ი თვითმფრინავის ძრავებსა და კომპონენტებზე, ასევე ნავიგაციის მოწინავე სისტემებზე მუშაობს. 2025 წლის აპრილში Safran-მა ვირჯინიაში ახალი შტაბ-ბინის გრანდიოზული გახსნის შესახებ განაცხადა, რითაც ამერიკული თავდაცვისა და კოსმოსური ინიციატივების მხარდაჭერის გასაძლიერებლად სტრატეგიული ცენტრი შეიქმნა.