26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართა „აბრეშუმის გზის“ რიგით მეოთხე ფორუმი, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნის 2,000-მდე დელეგატი დაესწრო. საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიებისა და ბიზნესების გარდა, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შორის იყვნენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები.
ფორუმის მთავარი თემა „დაკავშირებადობა“ იყო და პანელური დისკუსიები „შუა დერეფნის“ მზარდ როლზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებაზე, ფინანსურ სექტორზე, ენერგეტიკაზე, ტურიზმზე, ტექნოლოგიებსა და სხვა საკითხებზე გაიმართა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ „აბრეშუმის გზა“ სულ უფრო მიმზიდველი ალტერნატივა ხდება როგორც აზიური, ისე ევროპული ქვეყნებისთვის, რამეთუ ეს მარშრუტი სწორედ ამ ორ კონტინენტს აკავშირებს, ფაქტობრივად, შუაში მყოფ საქართველოს კი სტრატეგიული მდებარეობა გამოარჩევს.
დერეფნის საიმედოობასა და პერსპექტიულობაზე აქცენტი ფორუმის მონაწილეებმაც გააკეთეს. შეხვედრებზე საქართველოს საინვესტიციო გარემოც განიხილეს, ბიზნესის წარმომადგენლებმა სავარაუდო არასაჯარო გარიგებები დადეს, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან ხელშეკრულებებსაც და ცნობილი გახდა სხვადასხვა დეტალი, რომელთაც სტატიაში გაგაცნობთ.
საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების ერთობლივი საწარმო
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე ინფორმაცია ფორუმამდე რამდენიმე დღით ადრეც კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნებაა, რისი მიზანიც აზიიდან მომავალი ტვირთების ეფექტიანი გატარება იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, გენადი არველაძის თანახმად, ამ საწარმოს შექმნაზე წესდებას ხელი სწორედ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოეწერა და გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
ცნობისთვის, სამი ქვეყნის ერთობლივი კომპანიის შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშიც საუბრობდნენ. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმაილოვის თანახმად, კომპანია გადაზიდვების დროს 18 დღით შეამცირებს ამ წელს და 10-15 დღით – მომდევნო წლებში. ვიცით ისიც, რომ ერთობლივი კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფი მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესსაბჭო
წლევანდელი ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატებმა ერთობლივი ბიზნესსაბჭოს შექმნაზე მემორანდუმი გააფორმეს.
საბჭო ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების ზრდას, მის წევრებად კი შეირჩნენ წამყვანი ბიზნესები და ორგანიზაციები, რომლებიც შემდგომ ბიზნესკავშირების დამყარებაზე იზრუნებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმა „ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა და მოიხსნება საიმპორტო ტარიფებიც რიგ პროდუქტებზე.
ახალი აეროპორტი, რკინიგზის მოდერნიზება, ანაკლიის პორტი და წყალქვეშა კაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი იქნება და გაზრდის საქართველოს როლს გლობალურ ავიაციაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი აეროპორტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილმდებარეობად ვაზიანის ყოფილი აეროდრომი შეირჩა. მშენებლობა 2024 წელს უნდა დაიწყოს და 3-4 წელს გასტანს.
პრემიერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი 2024 წლის ბოლომდე დასრულდება, რაც მის გამტარუნარიანობას გააორმაგებს. 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს გაჭიანურებული ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიც.
ითქვა ისიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ყველა ფაზის დასრულების შემდეგ, მას წლიურად 100 მლნ ტონა ტვირთის მიღება შეეძლება, რაც ტვირთნაკადების დაახლოებით 8-ჯერ ზრდას ნიშნავს, რადგან 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ნავსადგურებმა 12.4 მილიონ ტონა ტვირთი გაატარეს.
ცნობისთვის, სექტემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის განვითარებისთვის ორი კონსორციუმი შეირჩა, მათგან ერთი სინგაპურულ-ჩინური ჰოლდინგია, ხოლო მეორე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანია, რომელთა სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
რაც შეეხება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ლევან დავითაშვილის თანახმად, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები გახანგრძლივდა, რადგან „ბევრი დამატებითი ელემენტი გაჩნდა“, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისში ისინი უნდა დასრულდეს და დაიწყოს განხორციელების პროცესი.
მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმი კატართან
მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ მემორანდუმი საქართველომ კატართან გააფორმა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრებმა მოაწერეს.
ლევან დავითაშვილის თანახმად, მეზღვაურთა მიერ გადმორიცხულ თანხებს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს და 260 მილიონ დოლარზე მეტია. კატარს კი დიდი ფლოტი აქვს და ეს გადაწყვეტილება ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.
ამჟამად, საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, კატარი კი 73-ე იქნება.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემია საქართველოში
ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან ერთად გეგმავენ თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას, რადგან საქართველოში ტურისტულ განათლებაზე დიდი მოთხოვნაა და ამ მიმართულებით ინვესტირება ხელსაყრელი იქნება.
თანამშრომლობის მემორანდუმი სებ-სა და ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკს შორის
ფორუმზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ჰოკიმ ხოლიკზოდას შეხვდა, რის შედეგადაც, გადაწყდა, რომ სებ-სა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უახლოეს მომავალში გაფორმდება.
„მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლის დროს წარადგინა „მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი“, რომლის მიზანიც ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის აღდგენა იქნება.
ფაშინიანის თანახმად, პროექტი სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის კომუნიკაციას, საგზაო, სანავთობო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ელექტროგადამცემი სისტემების მოდერნიზებას უზრუნველყოფს.
პრემიერის თქმით, სომხეთზე გამავალი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აღმოსავლეთისა და დასავლეთის, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირების საუკეთესო გზაა, რასაც ხელს საქართველოს პორტებიც შეუწყობს. პროექტს იგი რეგიონის მთავრობებს ახლო მომავალში წარუდგენს და იმედოვნებს, რომ განხორციელებისთვის მხარდაჭერასა და ინვესტიციასაც მოიპოვებს.
შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკის დამატებები
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა დამატებებს შეთანხმებაში, რომელიც 2022–2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.
აღნიშნულმა დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას, უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტიანობის გაზრდას.
ცნობისთვის, „საგზაო რუკას“ 2022 – 2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.
არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ 2023 წლის ფორუმზე სერბეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაც განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან.
არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის როლსაც. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გაციფრულება და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაზრდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები კი ხაზს უსვამს ქვეყნის შესაძლო როლს სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
კრიტიკული ხედვა
„აბრეშუმის გზის“ განვითარების ნაწილია საქართველოსა და მის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, ჩინეთს შორის საკამათო „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარებაც.
ორი ქვეყნის ურთიერთობის ეს ფორმა გულისხმობს საქართველოს დამკვირვებლის სახით ჩართვას „14+1“-ის ფორმატში, ჩინეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყნის თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომლის მიზანიც პეკინის მიერ წამოწყებული „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (ე.წ. „ახალი აბრეშუმის გზის“) მხარდაჭერაა.
ეს შეთანხმება გასულ წელს დატოვა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – ლიეტუვის შემთხვევაში, კონფლიქტი დე ფაქტო ტაივანის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას უკავშირდებოდა ვილნიუსში, ლატვიისთის და ესტონეთისთვის კი მიუღებელი გამოდგა უკრაინის ომის ფონზე ჩინეთსა და რუსეთს შორის გაღრმავებული ურთიერთობები.
არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ამ შეთანხმების გაძლიერებამ შესაძლოა, საქართველოს სტრატეგიული ინტერესები დააზიანოს. შეთანხმებაში არაა მკაფიოდ განსაზღვრული, თუ რა დამოკიდებულება აქვს „ტექნოავტორიტარულ“ ჩინეთს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. შესაბამისად, „აბრეშუმის გზის“ პოტენციალის ზრდასთან ერთად აზიურ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავებას მრავალი რისკიც შეიძლება ახლდეს თან.
იხილეთ ასევე: ჩინეთ-საქართველოს ცალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ