თბილისი განსაკუთრებული მოვლენისათვის ემზადება – 20-22 ივნისს ქალაქის ქუჩები ახლებურად ახმაურდება და სრულიად წარმოუდგენელი ციფრული იდეებიც კი ხელშესახებ რეალობად გადაიქცევა. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Global Tech Weekend Tbilisi 2025 სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს მოუყრის თავს და საქართველოს დედაქალაქს ინოვაციებზე შეყვარებული ადამიანების შეხვედრის ადგილად აქცევს.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონცეფციაა “Shaping The New Era”. ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ, სრულიად ახალი, დეცენტრალიზებული ფორმატი შექმნან — GTWT ქმნის მოძრაობას, რომელიც ადგილობრივ პროფესიონალებს საერთაშორისო ლიდერებს დააკავშირებს, სტარტაპერებს ინვესტორებს შეახვედრებს, ცოდნის მაძიებლებს კი მისცემს საშუალებას, მსოფლიოს საუკეთესო სპიკერებისაგან მიიღონ ინსპირაცია. ფესტივალისთვის მიძღვნილი სამი დღიდან ორი — ქომიუნითი პარტნიორების ორგანიზებულ Side Event-ებს მიეძღვნება, ხოლო ერთი სრული დღე მთავარ კონფერენციას დაეთმობა.
ღონისძიების პროგრამა ყველა იმ თემას მოიცავს, რომელიც აქტუალურია დღევანდელი სამყაროსთვის და განსაზღვრავს, როგორ იცხოვრებს მსოფლიო ხვალ. ესენია: ხელოვნური ინტელექტი, ფინტექი, გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი და სხვა.
პირველი დღე, 20 ივნისი
ქალაქის სხვადასხვა წერტილში დაგეგმილია თემატური Side Event-ები, რომლებიც შესაბამის ატმოსფეროს შექმნის მომდევნო დღეებისათვის.
Forbes Georgia, როგორც Global Tech Weekend-ის ქომიუნითი პარტნიორი, ღონისძიებას სტამბას სივრცეში გამართავს. ღონისძიებაზე დასწრება წინასწარი ვერიფიკაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დეტალებს სულ მალე შეიტყობთ.
“Forbes-ი მუდმივად ცდილობს, გლობალური ტექნოლოგიურ ლიდერები და მოვლენები ახლოდან დაანახოს მკითხველს. გვიხარია, რომ Global Tech Weekend-ის ფარგლებში გამართულ ჩვენს side event-ზე გვაქვს შესაძლებლობა, ეს გამოცდილება რეალურ სივრცეში გადმოვიტანოთ და ეს ადამიანები პირადად გაგაცნოთ. Forbes Georgia აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიურ წინსვლას როგორც ბიზნესის, ისე სამოქალაქო სფეროში, რაც ჩვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ისტორიების თხრობას, არამედ ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში რეალურ მონაწილეობას”, — ამბობს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი.
გარდა ამისა, Side Event-ებს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, Commschool.
სრული ინფორმაცია Side Event-ებზე ეტაპობრივად დაანონსდება.