თბილისსა და დელის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

თბილისსა და დელის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისიდან დელის მიმართულებით პირველი რეისი ინდურმა ავიაკომპანია Indigo-მ შეასრულა, რომლის თვითმფრინავმაც ინდოეთის დედაქალაქში 186 მგზავრი წაიყვანა.

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. მას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე დაესწრო ინდოეთის ელჩი, ნილაქში სინჰა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Indigo თბილისსა და დელის შორის პირდაპირ რეისს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

ცნობისთვის, Indigo, რომელიც ამჟამად ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, 17 წლის წინ, 2006 წელს დაარსდა. ის 300-ზე მეტ ხომალდს ფლობს, რომელთა დახმარებით რეისებს 100-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს. 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, Indigo-ში დასაქმებულთა რაოდენობა 26 ათასს აჭარბებს. 7 ივნისის მონაცემებით კი, კომპანიამ მიმდინარე წელს $7 მილიარდის შემოსავალი და $40 მილიონის წმინდა მოგება დააფიქსირა.