თებერვალში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 11%-ით შემცირდა

თებერვალში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 11%-ით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

საკონსულტაციო კომპანია BMI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თებერვალში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 11%-ით შემცირდა და 1 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც მეტწილად ჩინეთში მოთხოვნის კლების შედეგია.

გლობალურად სულ უფრო მეტი სახელმწიფო აუქმებს ელექტრომობილების შესაძენად მოქმედ წამახალისებელ პროგრამებს, იქნება ეს სუბსიდიები თუ საკრედიტო შეღავათები. ჩინეთის მთავრობამ კი ავტომობილების ე.წ. Trade-in-ის დაფინანსება შეწყვიტა. ელექტრომობილების შეძენაზე გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა ჩინეთში გასული წლის ბოლოს ამოიწურა. შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე მომხმარებლების საშეღავათო პროგრამები თითქმის სრულად გაუქმდა, რამაც მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

BMI-ის მონაცემებით, მხოლოდ ჩინეთში ახალი ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების რეგისტრაციის მაჩვენებელი თებერვალში 32%-ით შემცირდა და 500,000 შეადგინა. ჩინეთის ავტომწარმოებლების ასოციაციის ინფორმაციით, ავტომობილების საერთო გაყიდვები ქვეყანაში 34%-ით შემცირდა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ჩინეთში გაყიდული ახალი ავტომობილების 95% ელექტრონული ან დამუხტვადი ჰიბრიდია.

უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც თებერვალში ელექტრომობილების გაყიდვები გლობალურად მცირდება. გასული თვის მონაცემები 2024 წლის თებერვლის შემდეგ, ელექტრომობილების გაყიდვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

35%-ით შემცირდა ელექტრომობილების გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაშიც და 90,000 ერთეული შეადგინა, რაც ტრამპის მიერ EV-ების შესყიდვის საკრედიტო შეღავათის გაუქმების შემდეგ, კლების ზედიზედ მეხუთე თვეა.

მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებზე ახალი ელექტრონული და დამუხტვადი ჰიბრიდების რეგისტრაციები 78%-ით გაიზარდა და 180,000 ერთეული შეადგინა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.