„თეგეტა აგრი“ - უნიკალური შესაძლებლობა აგროსექტორის ტრანსფორმაციისთვის

„თეგეტა აგრი“ - უნიკალური შესაძლებლობა აგროსექტორის ტრანსფორმაციისთვის

სოფლის მეურნეობა გლობალური ეკონომიკი ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტია. მის განვითარებას არანაკლებ სტრატეგიული ადგილი უჭირავს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაში.

ათასწლეულების განმავლობაში აგრარული სექტორი ადამიანთა საარსებო წყარო, დასაქმებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გარანტი იყო. დღეს სურსათის უსაფრთხოებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტექნოლოგიურად განვითარებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, რომლის ხელმისაწვდომობაზეც საქართველოსა და რეგიონში „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი“ იზრუნებს.

მიმართულების სპეციფიკაზე, შერჩეული ბრენდების უპირატესობასა და აგრარული სექტორის საჭიროებებზე FORBES INFRASTRUCTURE „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ დირექტორს, გიორგი ბერიძეს ესაუბრა.

„თეგეტა ქონ­ს­თ­რაქ­შენ ექ­ვიფ­მენ­თი“ ახალ მიმარ­თუ­ლე­ბას ავი­თა­რებს. ამ პრო­ცესს თქვენ უძღ­ვე­ბით. მოგ­ვი­ყე­ვით, რას გუ­ლის­ხ­მობს „თეგეტა აგ­რი“?

მსოფლიოში მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ მოთხოვნა სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზეც საგრძნობლად გაზარდა. შედეგად, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. სოფლის მეურნეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოშიც.

„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აგრარულ ტექნიკას აქამდეც სთავაზობდა, თუმცა მიმდინარე წლიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციოთ სასოფლოსამეურნეო ტექნიკის მიმართულება და ასორტიმენტი მკვეთრად გავზარდოთ.

აღნიშნულ სეგმენტში ჩვენი აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ კომპანიას მისცემს ახალ სეგმენტში გაფართოების საშუალებას, არამედ ფერმერებსა და ქვეყნის აგროსექტორსაც გააძლიერებს. ჩვენ მიერ სწორად შერჩეული სარეალიზაციო ტექნიკა ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდას და მათი მოვლა-მოყვანის ხარჯების შემცირებას.

ამ­ჟა­მად რა ვი­თა­რე­ბაა სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თ­ველო­სა და რე­გი­ონ­ში?

საქართველო და ზოგადად კავკასიის რეგიონი, ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითმავალი და მისაბმელი ტექნიკის გაყიდვების მოცულობით ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა ბაზარი მუდმივად ვითარდება და დადებითი დინამიკა შეინიშნება. დღეს ბაზრის ძირითადი წილი დაბალი და საშუალო სიმძლავრის ბიუჯეტურ ჩინურ და ინდურ ტექნიკაზე მოდის, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა მძლავრ, მაღალტექნოლოგიურ და საიმედო ევროპულ ტექნიკაზე.

ძი­რი­თა­დად რა სა­ხის ტექ­ნი­კის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გეგ­მავთ და რო­მელ დარ­გებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გებუ­ლი „თეგეტა აგ­რის“ ასორ­ტი­მენ­ტი? ამას­თან, რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა თქვენს კომ­პა­ნი­ას შე­საძლებ­ლო­ბა, უპა­სუ­ხოს კონ­კ­რე­ტუ­ლი ფერ­მე­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს?

ტექნიკის პერსონალიზაცია და უნივერსალიზაცია „თეგეტა ჰოლდინგის“ ქვეშ გაერთიანებული ბრენდების ძლიერი და უკონკურენტო მხარეა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევძლებთ, შესაბამისად ვუპასუხოთ მომხმარებელთა ნებისმიერ მოთხოვნას ტექნიკის მიმართ.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეკვეთებს, ეს საინტერესოა როგორც ჩვენთვის, ისე თავად მომხმარებლისათვის. ტექნიკისა და მისი დამატებითი ფუნქციების შერჩევის ეტაპზე მათ ექნებათ შესაძლებლობა, სრულად ჩაერთონ პროცესში, რომელიც ხორციელდება ვიზუალიზებულ კონფიგურატორში. ამ დროს მომხმარებელი ჩვენს სპეციალისტთან ერთად ეცნობა ყველა შესაძლო ნიუანსს და მისი მოთხოვნების შესაბამისად ხდება ტექნიკის კონფიგურირება. ეს არის გარანტი, რომ პროდუქტი აუცილებლად იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მომხმარებელს სურს.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ. ამავდროულად, პერსონალიზებული მიდგომით, შესაძლებელი ხდება ტექნიკის წინასწარი შეკვეთა, რაც ფერმერებისთვის დამატებითი ფასდაკლების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. ეს კი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ზო­გა­დად შე­ვე­ხეთ თქვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის ხა­რის­ხს. უფ­რო დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვიძლია ვი­სა­უბ­როთ, თუ რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი Fendt-ზე, Valtra-სა და Goldon-ზე?

ჩვენ ორიენტირებული ვართ მსოფლიოს მოწინავე ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზე. შედეგად, პარტნიორებისგან გარანტირებულია ჩვენი კომპანიის ღირებულებებისა და სტანდარტების შესაფერისი მიდგომებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა.

არც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბრენდებია გამონაკლისი. ამ შემთხვევაშიც შერჩეული მწარმოებელი უნიკალური და გამორჩეულია როგორც მომხმარებელთა საჭიროებებისადმი მიდგომებით, ისე ტექნიკის ასორტიმენტით.

ბრენდები Fendt-ი და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც დღეს მსოფლიო ლიდერია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში.

გერმანული მწარმოებელი Fendt-ი მიიჩნევა წამყვან მაღალტექნოლოგიურ ბრენდად, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მაღალ მოთხოვნებს და არის ლიდერი ინოვაციების კუთხით აგრარული ტექნიკის სფეროში. Fendt-ის ტრაქტორებით, სხვადასხვა სახის მისაბმელი აგრეგატებითა თუ მოსავლის ამღები მანქანებით (კომბაინებით), ფერმერებსა და კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უფრო სწრაფად და უფრო მაღალი მოსავლიანობით. Fendt-ის მფლობელები სარგებლობენ ტექნოლოგიებით, რომლებიც შექმნილია კულტურების მოვლა-მოყვანის ხარჯების შესამცირებლად, მოგებიანი და ხარისხიანი საკვები პროდუქტის წარმოებისთვის და ბუნებრივი ნედლეულისა და ენერგიის ეფექტიანი გამოყენებისთვის.

ხოლო Valtra ფინური ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი საიმედოობით, მრავალფეროვნებითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. სკანდინავიური წარმოების ტექნიკა შემუშავებულია მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად – ის უძლებს მძიმე კლიმატურ და ნიადაგთან დაკავშირებულ ურთულეს გარემო-პირობებს, უზრუნველყოფს მუშაობის მაღალ დონეს.

Valtra-ს ტრაქტორები გამოირჩევა უნივერსალურობით და დამატებითი მოწყობილობების სიმრავლით, რის გამოც, გარდა სოფლის მეურნეობისა, ისინი აქტიურად გამოიყენება მუნიციპალურ სამუშაოებში, სატყეო მეურნეობებში, აეროპორტებში, თავდაცვისა და გარემოს დაცვის უწყებებში.

ჩვენს პორტფელში შეხვდებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავრცელებულ იტალიურ ბრენდ Goldoni-ს, რომელიც 1950 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახე ტრაქტორებს. Goldoni ფერმერებს უნივერსალურ და თანამედროვე ინჟინრულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ ამ ბრენდის ტექნიკა ყველაზე რთული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება, იგი გამოირჩევა თავისი განუმეორებელი იტალიური დიზაინით, საიმედოობითა და მოქნილობით.

რა­ტომ შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ ევ­რო­პულ მწარ­მო­ებ­ლებ­ზე?

სოფლის მეურნეობა საკმაოდ მრავალფეროვანი, სპეციფიკური და მუდმივად განვითარებადი სფეროა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამუშაოები დაკავშირებულია როგორც შერჩეული ტექნოლოგიის, ასევე აგროვადების მკაცრ დაცვასთან, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციების შესრულების ხარისხს და დროს. თანამედროვე ტექნიკა უნდა უზრუნველყოფდეს მაღალ წარმადობას, სიზუსტეს და მუდმივად იყოს გამართულ მდგომარეობაში, რადგან მისი ნებისმიერი მიზეზით გაჩერება ფინანსურ ზარალს იწვევს. სწორედ ამიტომ პრიორიტეტი მივანიჭეთ მძლავრ, მაღალტექნოლოგიურ და საიმედო ევროპულ ტექნიკას, რომელიც აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის თანამედროვე მოთხოვნებს.

მაგალითად, თუკი განვიხილავთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებას და დავეყრდნობით საქსტატის საშუალო მოსავლიანობის მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2014-2022 წლებში ხორბლისა და სიმინდის საშუალო მოსავლიანობა არ აღემატება ჰექტარზე 3 ტონას, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. მოსავლიანობის დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორით და მათ შორის არის მარტივი, ნაკლებად ტექნოლოგიური მანქანების გამოყენება, რაც ვერ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების სწრაფ, ზუსტ და ხარისხიან შესრულებას. რა თქმა უნდა, არიან ფერმერები და კომპანიები, რომლებიც აქტიურად იყენებენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თვითმავალ, მისაბმელ და მოსავლის ამღებ ტექნიკას (კომბაინებს) და აღწევენ პროდუქციის მაღალ მოსავლიანობას, მაგრამ ასეთი მეურნეობების პროცენტული წილი ქვეყანასა და რეგიონში ჯერ კიდე ძალიან მცირეა.

ამ მოკლე მიმოხილვით კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება. სწორედ ამ მიზეზით შევაჩერეთ არჩევანი ევროპულ ბრენდებზე, რომელთა ტექნიკაც წარმატებით უზრუნველყოფს მაღალი მოსავლიანობის მიღწევას ევროპის წამყვან ეკონომიკებში.

გეგ­მავთ ბრენ­დე­ბის პორ­ტ­ფე­ლის გა­ფარ­თო­ებას?

სოფლის მეურნეობის მემცენარეობის სეგმენტი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვართ ფოკუსირებული, შედგება ბევრი მიმართულებისგან: ერთწლიანი კულტურები, მევენახეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეკარტოფილეობა, საკვებწარმოება და სხვა. ყველა მიმართულება განსხვავდება და მოითხოვს სხვადასხვა სახის თვითმავალი და მისაბმელი ტექნიკის გამოყენებას. ცალკეული მიმართულებების მექანიზაციის ჯაჭვის ათვისებასთან ერთად, ასევე გაიზრდება ჩვენი ბრენდების პორტფელი, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ და გვაქვს კომუნიკაცია ტექნიკის მოწინავე მწარმოებელ კომპანიებთან. აქვე გეტყვით, რომ ძირითადად არჩევანი კვლავ ევროპულ ტექნიკაზე შეჩერდება.

ვინ იქ­ნე­ბა „თეგეტა აგ­რის“ ტექ­ნი­კის ძი­რი­თა­დი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი და რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა თქვენ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ბრენ­დე­ბის პროდუქ­ცია?

ჩვენი მიზანია, სრულად დავფაროთ რეგიონი და ბაზარს შევთავაზოთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. შევთავაზოთ შესაბამისი პროდუქტი როგორც მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს, ასევე კომპანიებს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და მუნიციპალიტეტს.

რაც შეეხება ხელმისაწვდომობის ფაქტორს, მოგეხსენებათ, ტექნიკის ღირებულებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს: ტექნიკის დანიშნულება, სიმძლავრეთა კლასი, მაკომპლექტებელი დეტალები და კვანძები, გამოყენებული ინოვაციური ინჟინრული გადაწყვეტილებები, დამატებითი ოფციები და სხვა. ეს ყველაფერი აისახება ტექნიკის რესურსზე, წარმადობასა და ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების ხარისხზე. ჩვენი ბრენდების ფართო სამოდელო რიგი გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს სხვადასხვა ვარიაციისა და ღირებულების ტექნიკა შევთავაზოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, ჩვენს ქვეყანასა და კავკასიის რეგიონში ხშირია სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასოფლოსამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ინიციატივები. ფერმერებსა და აგროკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენი პროდუქტი ამ მხარდაჭერის პროგრამების დახმარებითაც შეიძინონ.

რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი, რო­გორ მი­ი­ღებს ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას და რო­გო­რია „თეგეტა აგ­რის“გეგ­მე­ბი?

ვფიქრობთ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეგიონის მასშტაბით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა სანდო და ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და სერვისზე. შესაბამისად, ჩვენ მიერ შეთავაზებული, მაღალი ხარისხის ტექნიკა და სერვისი გაუმარტივებს ფერმერებს და აგროსფეროში მომუშავე პირებს სამუშაო პროცესს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მოწინავე პოზიციები დავიკავოთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვანია, ტექნიკა მუდმივად იყოს გამართულ მდგომარეობაში, რისთვისაც აუცილებელია მისი სრულყოფილი და დროული ტექნიკური მხარდაჭერა. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა კვალიფიციური სერვისჯგუფებისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების არსებობა. მოგეხსენებათ, „თეგეტა“ ამ მიმართულებით რეგიონის მასშტაბით ლიდერია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ტექნიკური სპეციალისტების ცოდნის ამაღლებაზე და უზრუნველვყოფთ მათ თანამედროვე ინვენტარით.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი პერსონალის გადამზადება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დროული და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება საქართველოსა და რეგიონის ნებისმიერ წერტილში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუდმივად ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ, ვგეგმავთ ჩვენი ტექნიკის მრავალფეროვნებით ხელი შევუწყოთ არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში აგროსფეროს განვითარებას.