პანდემიურ 2020 წელს, პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ბლოკ-მატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა, მარშრუტით: ქსიანი-თბილისი. ლოგისტიკაში გარღვევად წოდებული პროექტის ავტორიც და განმახორციელებელიც „თეგეტა ჯგუფია“. ბიზნესში ლიდერი კომპანია მუდამ ეძებს პროცესების მართვის გამარტივების გზებს და ყოველთვის სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ დგას. სწორედ ამიტომ, როდესაც 2021 წელს გლობალურ ლოგისტიკას კრიზისის პიკი დაუდგა და სატრანსპორტო გადაზიდვები ჩიხში აღმოჩნდა, „თეგეტა ჯგუფი“ ჩინეთ-საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვების პროექტის წლისთავს აჯამებდა.
„2020 წლის სექტემბერში გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, რამაც მსოფლიო მასშტაბით ცვლილებები გამოიწვია, დავიწყეთ ფიქრი ალტერნატიული გზების მოძიებაზე. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, გამოგვეყენებინა სარკინიგზო რესურსი და „თეგეტა ჯგუფი“ აღმოჩნდა პირველი ქართული კომპანია, ვინც ჩინეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი გამოიყენა და ტვირთი დანიშნულების ადგილას დათქმულ ვადებში მიიღო“, – იხსენებს თორნიკე ჩახვაშვილი, შპს „თეგეტა ავტომოტივ იმპორტის“ დირექტორი Forbes Infrastructure-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ამ პროექტმა ქვეყანას საშუალება მისცა, სატრანზიტო ვადა 60 დღიდან 20 დღემდე შემცირებულიყო, რასაც ბიზნესი შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადაჰყავს. „პროცესში ოპერირებისთვის 5-მდე საერთაშორისო კომპანია მოვიძიეთ და მათგან უკეთესი პირობის მქონესთან ერთად პირველი გადაზიდვა შევასრულეთ. პროექტი დაგეგმილ ვადებში და პირველივე მცდელობით, სრულად გეგმის მიხედვით განხორციელდა. მსგავსი ლოგისტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის და სრულიად კავკასიის რეგიონისათვის ძირეულად ცვლის ბიზნესის შესაძლებლობებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ამბობს ჩახვაშვილი.
რამდენად რეალისტურია პროექტის რეგულარულ ჭრილში დანახვა?
„თეგეტა ჯგუფის“ საჭიროებებიდან გამომდინარე, სრულად ხდება ტვირთების მობილიზება და სარკინიგზო დერეფნის მიმართულებით გადამისამართება, თუმცა საკითხი ფართო სპექტრში ხედვას საჭიროებს. პანდემიის გამო გლობალური კრიზისების ფონზე წინასწარი გათვლების გაკეთება არც ისე მარტივია, სრულად არის შეცვლილი ბიზნესპროცესები და მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია პირდაპირ მოქმედებს ლოგისტიკურ საკითხებზე. ვფიქრობ, საქართველოს ბაზრის ანალიზის შემდეგ გვექნება საშუალება, უფრო ნათლად დავინახოთ სამომავლო საჭიროებები და შესაძლებლობები.
როგორია 2021 წლის შედეგები აღნიშნული სარკინიგზო ხაზის ათვისების მხრივ?
2020 წელს ერთი ბლოკ-მატარებელი ჩამოვიდა, რომელიც, ჯამში, 41 კონტეინერისგან შედგებოდა. თუმცა, ეს იყო საკმაოდ დიდი გარღვევა, რადგან პანდემიური კრიზისების ფონზე, რისკების მიუხედავად, შევძელით და ჩინეთიდან საქართველოში ბლოკ-მატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა პირველად განვახორციელეთ. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, 2021 წელს გლობალური ლოგისტიკური პრობლემა გაღრმავდა. მსოფლიო მასშტაბით დადგა ახალი გზებისა და შესაძლებლობების მოძიების საჭიროება. ჩვენ ფაქტობრივად წინ გავუსწარით ამ კრიზისს, რამაც სარკინიგზო დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა. შესაბამისად, 2021 წელს მხოლოდ „თეგეტა ჯგუფმა“ 200 კონტეინერამდე ტვირთი გადაზიდა.
რომელია აღნიშნული სარკინიგზო ხაზის კონკურენტი კორიდორები?
პირველ რიგში, კონკურენტად უნდა განვიხილოთ საზღვაო გადაზიდვა, რადგან ისტორიულად ტვირთების 99% ამ გზით მოდიოდა შორეული აღმოსავლეთიდან საქართველოს მიმართულებით, თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, სარკინიგზო დერეფნით სატრანზიტო ვადა დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია. ასევე, რიგ შემთხვევაში, ტარიფის 20-30%-მდე გაიაფება შევძელით, რაც ბიზნესისთვის მეტად მომხიბვლელს ხდის ამ პროექტს.
სარკინიგზო კუთხით არსებობს ორი კონკურენტი კორიდორი, ესაა ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის გავლით და ბაქო-თბილისი-ყარსი. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის ქვეყნებს შესთავაზოს ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული პირობები თუმცა, ეს საკითხი საჭიროებს ფართო ჭრილში განხილვას. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის თემაა და იმისათვის, რომ საინტერესო იყოს საქართველოს გავლით ტვირთების გადამისამართება ევროპის ქვეყნების მიმართულებით, საჭიროა საზღვაო, საბაჟო და სასაწყობე ინფრასტრუქტურების მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების შესაბამისობის დანერგვა.
როგორ გადანაწილდება ტრანსპორტირებული ტვირთი წმინდა იმპორტსა და ტრანზიტს შორის და როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით?
„თეგეტა ჯგუფის“ მიერ გადაზიდული ტვირთი სრულად საქართველოს ბაზრისთვის იყო განკუთვნილი და ამ ინოვაციით შევძელით კრიზისის დროს მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება. თუმცა სამომავლო პერსპექტივაში დერეფანი, ტრანზიტული ტვირთების კუთხით, უმნიშვნელოვანესია. პოტენციურად, სატრანზიტო ტვირთების მოცულობა ამოუწურავია, ამიტომ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით მეტი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.
სატრანზიტო კორიდორზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, დერეფანში შემავალი ქვეყნები სინქრონიზებულად თანამშრომლობდნენ. ამ მხრივ რა გამოწვევები გვაქვს (განსაკუთრებით, სატარიფო პოლიტიკისა და გამარტივებული საბაჟო პროცედურების კუთხით)?
ჩვენ მიერ გამოყენებული დერეფანი გულისხმობს ოთხი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის მოქმედებს საკმაოდ მოქნილი სატარიფო პოლიტიკა და ასევე, საბაჟო პროცედურებიც გამარტივებულია, რაც სარკინიგზო გადაზიდვებს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის როლი. პროცესების გამარტივებაზე წლებია, ქვეყანა მუშაობს, თუმცა ამ როლის კიდევ უფრო გასაზრდელად, ვფიქრობ, პროცესები და პროცედურები კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს.
საქართველო საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდა კონკურენტულ უპირატესობას ბიზნესის კეთების სიმარტივით. თუ მოხდა ამ მხრივ ჩვენი პრაქტიკის სხვა ქვეყნებში დანერგვა, რა ასწავლა საქართველომ დერეფანში შემავალ სხვა ქვეყნებს?
საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით. ამიტომ, რეგიონის ქვეყნებისგან დიდია დაინტერესება სხვადასხვა რეფორმის დანერგვის კუთხით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მაგალითზე, 2021 წელს აზერბაიჯანმა აქტიურად დაიწყო თავისუფალი საბაჟო ზონების დანერგვა, რადგან მათი გავლით ტვირთების გადამისამართების საჭიროება გაჩნდა, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთის მიმართულებით.
როგორია ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვების პროექტის გეგმები და მოლოდინები 2022 წლისთვის?
2022 წელი ბიზნესისთვის ისევ პანდემიურია, თუმცა გარკვეული პერსპექტივები ჩანს და ვიმედოვნებ, რომ დადებითი ცვლილებები აქტიურად შეეტყობა ბაზარს. ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს „თეგეტა ჯგუფი“ გააორმაგებს წინა წლის შედეგებს და შიდა ბაზრის მოხმარებისათვის ვეცდებით, რომ სარკინიგზო დერეფნის გამოყენებით, 500 კონტეინერამდე ტვირთის გადაზიდვა განვახორციელოთ.
გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ დავიწყოთ აღნიშნული გზის დერეფნად გამოყენება. საქართველოს ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე ეს ძალიან რეალურია და გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით, ევროკავშირის ქვეყნებს მივაწოდოთ ტვირთი.