თემურ ჭყონიას მაგიური M

თემურ ჭყონიას მაგიური M

„მაკდონალდს საქართველო“ ბიზნესის ოსკაროსანია: ფრედ ტერნერის სახელობის „ოქროს თაღი” მასთან ერთად “მაკდონალდსის” ფრანშიზების მხოლოდ 1%-ს ერგო. დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება ფლორიდაში გაიმართა და მას 50 000-მდე სტუმარი ესწრებოდა. მაგიური M-ის 23-წლიან ისტორიას საქართველოში და მის გზას “ოქროს თაღამდე” თემურ ჭყონია იხსენებს.

ელოდით „ოქროს თაღის” მიღებას?

ნამდვილად მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც არაერთი მნიშვნელოვანი და საამაყო პრიზი გვაქვს აღებული, მთლად ასეთ „ოსკარს“ ჯერ არ ველოდით.

დავიწყოთ სულ თავიდან – რა გზა გამოიარა „მაკდონალდსმა“ საქართველოში? როგორ დაიბადა მისი შემოყვანის იდეა?

ჩვენს ბავშვობაში „მაკდონალდსი“, „კოკა-კოლა“ და სხვა მსგავსი ბრენდები მიუღწეველი იყო და მხოლოდ ოცნებაში არსებობდა. ახალ თაობას ვერ წარმოუდგენია, რომ ოდესღაც ასეთი პერიოდი იყო, ისევე როგორც მე ვერ წარმომიდგენია, როგორ ცხოვრობდნენ მე-18 საუკუნეში მანქანისა და ტელეფონის გარეშე. ცხოვრება იცვლება და ვითარდება. ბავშვობიდანვე ყოველთვის ცვლილებებისკენ მიმიწევდა გული. თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებისკენ მივისწრაფოდი, არ ვიცოდი.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ლიმონათის ქარხნის დირექტორი ვიყავი. მაშინ არაერთი ინოვაცია შევიტანე ქარხანაში – ის, რაც იმ პერიოდისთვის ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მივხვდით, რომ იმის გაგრძელება, რასაც მანამდე ვაკეთებდით, შეუძლებელი იყო, ვინაიდან ისტორიამ გვაჩვენა, რომ რაღაც დაინგრა და იმავეს გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მაშინ ამოტივტივდა ჩემს გონებაში მაგიური M, არ ვიცი საიდან გაჩნდა, მაგრამ გონებაში სულ მიტრიალებდა. დღეს „მაკდონალდსის“ ბრენდი გლობალურად მოთხოვნადია. მაშინ ჩვენს ქვეყანაში ამის მოთხოვნილება არც არსებობდა, ვინაიდან არავინ იცოდა მის შესახებ.

ე.ი. ბრენდის პოპულარიზაციის გამოწვევას თან ერთვოდა სამომხმარებლო ჩვევის არარსებობა. გამოდის, საკმაო რისკზე წახვედით?

დიახ, ფაქტობრივად, ჩვენ წავედით რისკზე, რომ შეგვეცვალა საქართველოში მომხმარებლის მენტალიტეტი და ბრენდის მოთხოვნილება გაგვეჩინა. გარდა ამისა, მაშინ არც ბანკი იყო, არც ფინანსები. ახლა შეგიძლია, მსოფლიოს ნებისმიერ ბანკს ელაპარაკო, დაფინანსება მოიპოვო. მაშინ მსგავსი არაფერი არსებობდა. ჩვენ რომ, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამ წელიწადში „კოკა-კოლას“ წარმოება დავიწყეთ, მაღაზიებიც კი არ იყო. ქუჩაში ვყიდდით.

გამოდის, „მაკდონალდსს“ საქართველოში „კოკა-კოლა“ შემოუძღვა?

დიახ, სწორედ ასეა. როდესაც ერთი ბრენდი შემოდის ქვეყანაში, შემდეგ მას მოჰყვება სხვა, იწყება კონკურენცია, ცნობადობა იზრდება. წარმოებები იწყება და ასე ვითარდება ქვეყნები. „მაკდონალდსის“ შემოსვლა მართლაც სასწაული იყო, მაგრამ სასწაულები ხანდახან ხდება. ერთი ცნობილი გამონათქვამი მახსენდება: სასწაულები კარზე გიკაკუნებენ, მაგრამ ამ დროს შენ ლუდს არ უნდა სვამდე, ყურადღებით უნდა იყო. წარმატების ერთ-ერთი ფორმულაც სწორედ ისაა, რომ მუდმივად უნდა აკვირდებოდე, რა ხდება გარშემო.

თქვენ რა მოიმოქმედეთ, როცა „კარზე კაკუნი“ გაიგეთ?

იდეა იყო და შემდეგ მას უკვე სჭირდებოდა განხორციელება. მაშინ თეგა (თენგიზ კაპანაძე – „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი) ჩემთან ერთად მუშაობდა და ამ იდეაზე ვესაუბრე. მერე უკვე თავად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას მის, როგორც ახალგაზრდის, წინაშე. როდესაც ადამიანს რაღაცას შეჰპირდები, უნდა შეუსრულო. შემდეგ რაღაცებში გაგვიმართლა კიდეც, ძალიან მოვინდომეთ და ჩიკაგოში ამ საკითხის მოსაგვარებლად წავედით. დღეს, როდესაც მსგავს გადაწყვეტილებას იღებ, შესაძლოა, უფრო მეტი იფიქრო. მაშინ ამდენი არ გვიფიქრია, გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენმა გამოუცდელობამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე გამოცდილებამ. ასე მოვხვდით ჩიკაგოში „მაკდონალდსის“ სათავო ოფისში და შევხვდით ჯიმ კანტალუპოს, რომელიც მაშინ „მაკდონალდსის“ კორპორაციას ხელმძღვანელობდა. გაკვირვებული დარჩა, როცა მოგვისმინა 21 წლის ახალგაზრდა თეგას და მე, რომელიც ამერიკაში მაშინ მხოლოდ მეორეჯერ ვიყავი.

გახსოვთ მოლაპარაკების პროცესი? როგორ დაარწმუნეთ მომავალი პარტნიორი?

დიახ. მან დაიჯერა ჩვენი გულწრფელობის, ესეც გამართლება იყო. მაშინ საქართველოს ერთადერთი ბრენდი ჰყავდა, ეს იყო ედუარდ შევარდნაძე. საქართველო არავინ იცოდა, თუმცა შევარდნაძეს რომ ვახსენებდით, შემდეგ ყველა იგებდა. კანტალუპოს შევარდნაძის ნახვის დიდი სურვილი ჰქონდა. ამ შეხვედრის ორგანიზება მე მოვახერხე, და ის მართლაც ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა მას. შევარდნაძემ მოხიბლა, თავად მე კარგად დამახასიათა და ასე რეკომენდაციებით 1999 წელს, რუსთაველის გამზირზე პირველი „მაკდონალდსიც“ გავხსენით. ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის მოსკოვის შემდეგ თბილისის „მაკდონალდსი“ პირველი იყო.

შემდეგი რესტორანი მარჯანიშვილზე გახსენით…

დიახ. იმ პერიოდში „მაკდონალდსმა“ სხვა ქვეყნებში განვითარება შეაჩერა. მაშინ „მაკდონალდსის“ მმართველობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მსგავსი პატარა ბაზრის მქონე ქვეყნებში „მაკდონალდსის“ გახსნას მხარს არ უჭერდნენ, ვინაიდან მათთვის ეს დიდი ბიუროკრატია იყო. ამიტომაც ამაზე ბევრი მსჯელობა გვქონდა, ამერიკაში არაერთხელ ჩავედით, რათა მათთვის არგუმენტები წარგვედგინა. საბოლოოდ დავარწმუნეთ ისინი.

„მაკდონალდსმა“ სწრაფი კვების ინდუსტრიის სხვა გლობალურ წარმომადგენლებს საქართველოში და, შეიძლება ითქვას, რეგიონშიც გზა გაუკვალა. გრძნობდით ამ პასუხისმგებლობას?

დიახ, ჩვენ და პირადად თეგას ბაქოში „მაკდონალდსის“ გახსნაში დიდი როლი აქვს შესრულებული. სასიამოვნო პროცესია, როდესაც შენი ქვეყნისთვის რაღაც ისეთს აკეთებ, რაც სხვებსაც წაახალისებს. მოგეხსენებათ, საქართველო მცირებაზრიანი ქვეყანაა. ამიტომაც, როდესაც ასეთ ქვეყანაში ისეთი ბრენდები შემოდიან, როგორიცაა „მაკდონალდსი“, „კოკა-კოლა“ და ა.შ., ეს სხვებს არწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც დიდი ბრენდების სტანდარტებისა და ხარისხის უზრუნველყოფა შეუძლია.

დღეს რომ იმ პერიოდს დავუბრუნდეთ, რას შეცვლიდით?

ერთადერთს ალბათ იმას, რომ გამოუცდელობით დავუშვით შეცდომა, რომ არ შევიძინეთ ის პოტენციური ადგილები, სადაც „მაკდონალდსს“ პერსპექტივა ჰქონდა. დღეს მე-19 რესტორანს ვხსნით, თუმცა რომ არა შეცდომები, 30-ე რესტორანზე ვიქნებოდით. მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ. რაც მთავარია, ჯგუფი, რომელიც „მაკდონალდს საქართველოს“ მართავს, არის შეუცვლელი, რითაც დასტურდება ის, რომ შეუცვლელი ადამიანები არსებობენ.

რა გამოარჩევს “მაკდონალდს საქართველოს” გლობალურ ბაზარზე?

„მაკდონალდსს“ დღეს სერიოზული წინსვლა აქვს და ამაში რესტორნების რაოდენობას არ ვგულისხმობ. მხედველობაში მაქვს ის სისტემები, რომლებიც ჩვენ საქართველოში დავნერგეთ. მაგალითად „დრაივის“ სერვისის შემოტანა და ა.შ. ასევე ჩვენ შევცვალეთ მიდგომები. „მაკდონალდსი“ არ არის სწრაფი კვების ობიექტი. ეს არის რესტორანი, სადაც კერძებს სწრაფად ამზადებენ. თუმცა ხარისხიანად. ჩვენ მომხმარებელს ხარისხიან სერვისს ვთავაზობთ, რათა მათ თავი აქ ბედნიერად იგრძნონ. ამას გარდა, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჰორეკა სექტორში ყველაზე მსხვილი გადამხდელები ვართ. ასევე ყველაზე მეტი თანამშრომელი ჩვენ გვყავს.

„მაკდონალდს საქართველოს“ მიერ დამსახურებული ნდობა პურის ქარხნის, „ბრედფილდის“ მშენებლობით გამოვლინ­და. რა როლი აქვს ამ ქარხანას რეგიონში?

ურთულესი პროცესია. თუმცა თეგას (თენგიზ კაპანაძე – „მაკდონალდს საქართველოს“ დირექტორი) დისციპლინამ გაჭრა. ამ საკითხზე 3-4 წელი მუშაობდა. ზოგადად, პური ერთ-ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. „მაკდონალდსის“ პური ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ამიტომაც „მაკდონალდსისგან“ პურის წარმოების ნებართვის აღება არის ურთულესი – წარმოიდგინეთ, რომ ბრენდი გაბარებს თავის სახელს. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. თუმცა ჩვენ ეს შევძელით. უფრო მეტიც, ჩვენ მიერ წარმოებული პურით უკვე აზერბაიჯანი მარაგდება. საქართველოს ისტორიაში ექსპორტზე პური პირველად გავიდა. ჩვენს ქვეყანაში მანამდე პურის ექსპორტისთვის საჭირო ლაბორატორიაც კი არ არსებობდა. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით ეს პრობლემა მოვაგვარეთ. რომ შევაჯამოთ, ამ პურის წარმოების ნებართვის მიღება გლობალური ბრენდისგან უდიდეს ნდობას ნიშნავს. ჩვენ ეს სწორედ დისციპლინითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოვიპოვეთ.

„ოსკარის“ გარდა, „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი წარმატება იყო წელს, ვაკის ფილიალის დირექტორის მიერ რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს უკვე მეორედ მიღება. როგორც ვიცით, „მაკდონალდსი“ რესტორნის მენეჯერებს ამ ჯილდოს საუკეთესო მართვისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცემს. როგორია „მაკდონალდს საქართველოს” მართვის პრინციპები? თქვენთან დასაქმებულს განვითარებისა და წარმატების რა შესაძლებლობები აქვს?

მთავარი არის ცოდნა და დისციპლინა. ჩვენ გვაქვს ამ ორის არაჩვეულებრივი სინთეზი. თუმცა ძირითად აქცენტს დისციპლინაზე ვაკეთებთ. ვინაიდან, თუ ადამიანი არის უდისციპლინო, ის წარმატებული ვერ იქნება.

ვაკის ფილიალის დირექტორის დაჯილდოებას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ მან კონსულტანტად დაიწყო მუშაობა და დირექტორის პოზიციამდე ავიდა. ამით ნათელია, თუ რა შესაძლებლობას უხსნის „მაკდონალდს საქართველო” დასაქმებულს. აქ კარიერული განვითარება მუდმივი პროცესია – რიგითი თანამშრომლიდან რესტორნის დირექტორობამდე და ახლა უკვე საერთაშორისო აღიარებამდე, თან უკვე მეორედ.

ძალიან ვამაყობთ იმით, რომ „მაკდონალდს საქართველოში“ მუშაობის გამოცდილება დღემდე 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შევაკავეთ, რათა ისინი სამუშაოდ საზღვარგარეთ არ წასულიყვნენ. მე ვამბობ კიდეც, რომ თუ მოვა ახალგაზრდა და იტყვის, თქვენთან მინდა მუშაობა – უნდა მივიღოთ. ახალგაზრდა, რომელსაც „მაკდონალდსში“ მუშაობის სურვილი აქვს, ის სხვანაირი ადამიანია. ის თავისუფალია, სხვა მენტალიტეტი აქვს, რომელსაც არაფერი ეთაკილება, ფიქრობს მომავალზე და მიიწევს წინ, რათა კარიერულად უფრო მეტს მიაღწიოს. მიმაჩნია, რომ თავისუფალი მაშინ ხარ ადამიანი, როდესაც შეგიძლია მიმტანიც იყო, დირექტორიც და დამლაგებელიც, თუ ეს შენს საქმეს სჭირდება.

ვის რჩევებს უსმენს თემურ ჭყონია?

თემურ ჭყონია უსმენს ყველას და შემდეგ არჩევს, თუ რომელი რჩევა გამოიყენოს. ხშირად ვკითხულობ წიგნებს ბიზნესზე. სხვათა შორის, ბიზნესის შესახებ დაწერილი წიგნები ყველასთვის საინტერესოა, ვინაიდან იქ ფულის თვლაზე არაა საუბარი. საინტერესოა ისიც, რომ თითქმის ყველა ბიზნესქეისში „კოკა-კოლა“ ან „მაკდონალდსია“ ნახსენები. ილონ მასკმა მოიარა ყველა ბრენდი და ბოლოს ისიც თქვა, რომ “კოკა-კოლა” და “მაკდონალდსიც” უნდა ვიყიდოო. ყველა ბიზნესმენის საბოლოო ოცნება მაინც ეს ორი ბრენდია.

თქვენ მიჰყიდდით მასკს „მაკდონალდს საქართველოს”?

გამოდის, ჩემი ცხოვრება უნდა მივყიდო?! არის რაღაც, რაც არ იყიდება.

რა გეგმები აქვს „მაკდონალდს საქართველოს“ იმისათვის, რომ არსებული სტატუსი – „ოქროს თაღის“ მფლობელობა შეინარჩუნოს?

ჩვენი ბრენდის წარმატების მიზეზი ერთგულებაა. ჩვენ ამ ბიზნესს მხოლოდ როგორც შემოსავლის წყაროს არ განვიხილავთ. ასეთი რესტორნები, როგორიც საქართველოში გვაქვს, სხვა ქვეყნებში ნაკლებადაა. ჩვენს ყველა რესტორანში განსაკუთრებული მიდგომაა. არავითარი ეკონომია ხარისხზე. ჩვენ გვაქვს რესტორნების ქსელი, ამიტომ ადამიანი რომ მოდის ჩვენთან, მხოლოდ საჭმელად არ უნდა მოდიოდეს, აქ კომფორტისთვის უნდა მოდიოდეს. ერთი კარგი გამოთქმაა: ისეთი პროდუქტი უნდა შექმნა, რომ ფასი მეორეხარისხოვანი იყოს. ჩვენ სწორედ ასეთი პროდუქტი გვაქვს. ჩვენთან პროდუქტი უფრო ძლიერია, ვიდრე ფასი. არასდროს არავინ იტყვის „მაკდონალდსზე“ – მოდი, წავიდეთ „მაკდონალდსში“ საჭმელად ან წავიდეთ „მაკდონალდსში“, იქ იაფია. ყველა ამბობს: წავიდეთ „მაკდონალდსში“. ჩვენ ამას მივაღწიეთ. თუმცა ჩვენი პოტენციალი გაცილებით დიდია. თბილისს კიდევ ათი რესტორანი სჭირდება. წელს ორი რესტორნის გახსნას ვაპირებთ დედაქალაქში: აეროპორტის გზაზე და ისანში. მესამის გახსნაც გვინდა საბურთალოზე, ამ ეტაპზე ადგილს ვეძებთ. რაც შეეხება რეგიონებს, პერსპექტივაში თელავი და გორი გვაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სიძლიერეს რესტორნების რაოდენობა არ განსაზღვრავს, ჩვენ ძლიერები ვართ ხარისხით, რომელსაც არაფრის სანაცვლოდ არ დავთმობთ.

Comments are closed.