აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მისივე შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას ისახავს მიზნად.
„დიდი ხანია – 35 წელი – ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, ახლა კი მეგობრები არიან და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანდასწრებით.
თეთრ სახლში გაფორმებული შეთანხმებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობების განახლებასა და სამხედრო დაპირისპირების უვადოდ შეწყვეტაზე, ასევე ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე აიღეს პასუხისმგებლობა.
გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე, რომელიც, თეთრი სახლის თქმით, ენერგიისა და სხვა რესურსების ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითოეულ ქვეყანასთან ცალკეული შეთანხმებები გააფორმა ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გასაფართოებლად.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა დონალდ ტრამპი კონფლიქტის დასრულებაში დახმარებისთვის შეაქეს და განაცხადეს, რომ მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ.