თიბისი კაპიტალი - თქვენი მხარდამჭერი ინვესტირებისას

თიბისი კაპიტალი - თქვენი მხარდამჭერი ინვესტირებისას

თიბისი კაპიტალმა ტრეიდინგ-ინფრასტრუქტურა განაახლა, რომლის დახმარებითაც,  მომხმარებელს საშუალება აქვს, ფასიანი ქაღალდებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე ივაჭროს. განახლებული სავაჭრო ინფრასტრუქტურის პირველადი შედეგები საქართველოში ალტერნატიულ საინვესტიციო საშუალებებზე მზარდ მოთხოვნაზე მეტყველებს. ტენდენციებსა და შედეგებზე Forbes Georgia-ს კითხვებს თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკე მჭედლიშვილმა უპასუხა.

ტრეიდინგის ბაზარზე არსებული რა საჭიროებები დაინახეთ თიბისი კაპიტალში? რატომ მიიღეთ ინფრასტრუქტურის განახლების გადაწყვეტილება?

პანდემიის პერიოდში ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე – აქციებსა და ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა. თიბისი კაპიტალს ტრეიდინგ-პლატფორმა მანამდეც ჰქონდა – კლიენტებს Interactive Brokers-ზე ანგარიშებს ვუხსნიდით. თუმცა საჭიროებიდან და საინვესტიციო საშუალებებზე მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენი საკუთარი ტრეიდინგ-ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ მესამე მხარეზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული და ჩვენ თავადვე გვქონოდა შესაბამისი პლატფორმა. ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა და მოვიძიეთ სხვადასხვა ვენდორი, რომლებიც პლატფორმის აწყობაში დაგვეხმარნენ. დღეს ამ კუთხით ვთანამშრომლობთ რამდენიმე ევროპულ, მათ შორის ნორვეგიულ, შვედურ და დანიურ კომპანიასთან. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას და შექმნას წელიწად-ნახევარი მოვანდომეთ. მუშაობა 2020 წლის აგვისტოში დავიწყეთ და 2021 წლის ბოლოს განახლებული პლატფორმა გაეშვა.

მოთხოვნის ზრდა ახსენეთ. რამდენად დიდი იყო და არის პლატფორმაზე მომხმარებლების ზრდის მაჩვენებელი?

მას შემდეგ, რაც განახლებული პლატფორმა ამუშავდა, 3-ჯერ გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა. საუბარია აქტიურ მომხმარებლებზე, რომლებიც პლატფორმაზე ყოველდღე შედიან, აქციები აქვთ ნაყიდი და ცდილობენ, რომ შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენონ. რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ბაზარზე არსებულ მოვლენებზე, თუმცა მოთხოვნა მაინც მზარდია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ზრდის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება. ახლა რამდენიმე ასეული აქტიური მომხმარებელი გვყავს და წლის ბოლოსთვის მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ველოდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ტრეიდინგ-ინფრასტრუქტურა უფრო ფართო მასებს გავაცნოთ.

თქვენ ერთ-ერთ კომუნიკაციაში განაცხადეთ, რომ თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ-პლატფორმა ინვესტირების ახალი, ალტერნატიული გზაა. აგვიხსენით, რა განსხვავებული შესაძლებლობები აქვს პლატფორმას?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კლიენტებს რეგისტრაციის გამარტივებული პროცესი შევთავაზეთ. აქამდე თუ კლიენტი ოფისში უნდა მოსულიყო, ახლა უკვე დისტანციურად შეუძლია რეგისტრაციის გავლა. მარტივად – უნდა შევიდეს investing.tbccapital.ge-ზე და თიბისი ბანკის მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდეს. შედეგად, მას სავაჭრო პლატფორმაზე ექნება წვდომა.

გარდა ამისა, მომხმარებლების მოთხოვნების იდენტიფიცირებისთვის ჩვენ მომხმარებლის გზა შევისწავლეთ – პროდუქტის აღმოჩენიდან ვაჭრობამდე. შედეგად, მათი მხრიდან დავინახეთ მოთხოვნა, რომ საკომისიოები კონკურენტუნარიანი ყოფილიყო. ასევე აღმოჩნდა, რომ მათ კონკრეტულ ბაზრებსა და ე.წ features-ებზე სურდათ წვდომა. ვეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოგებიანი ინვესტირების პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია განახლებული ინფორმაცია. ბაზარზე განათლების ამაღლების მიზნით, გავაერთიანეთ როგორც საბროკერო გუნდის მხარდაჭერა, ასევე წვდომა გლობალურ ტენდენციებზე, საგანმანათლებლო მასალებსა და წამყვანი ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე. ამით მომხმარებელს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. დამატებით დავიწყეთ ახალი რეპორტების გამოშვება ფინანსური ბაზრების შესახებ, რომლებიც ფარავს აქციებსა და ობლიგაციებს და მიმოიხილავს მსოფლიოში მიმდინარე მაკროეკონომიკურ და სექტორულ ცვლილებებს როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ ჭრილში.

ზოგადად, პროდუქტის განვითარება დინამიკური პროცესია და პლატფორმაზე სიახლეებს ახლაც ვამატებთ იმისთვის, რომ სივრცე მაქსიმალურად მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. მაგალითად, უახლოეს მომავალში დაგვემატება ამერიკის ბაზარზე Post და Premarket ტრეიდინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციებით ვაჭრობა ბაზრის რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც იქნება შესაძლებელი. ასევე დაგვემატება მოკლე გაყიდვების (Short Sale) შესაძლებლობაც. ყოველივე ეს წლის ბოლომდე – III-IV კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია? რამდენი უნდა ჰქონდეს მას შემოსავალი?

შემოსავალს მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და მზად ვართ, რომ  მათი ინფორმირება უზრუნველვყოთ და გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ. კაპიტალში ანგარიშის გახსნა უფასოა და არ საჭიროებს მინიმალური თანხის დეპოზიტს.

ამჟამინდელი მომხმარებლები ვინ არიან?

მომხმარებელთა ამჟამინდელ ბაზას სეგმენტებად თუ დავყოფთ, შეიძლება გამოვყოთ თიბისი კონცეპტის ან თიბისი Wealth Management-ის მომხმარებელი, ან შეიძლება სულაც სხვა ბანკის, მაგრამ ამ სეგმენტის კლიენტი. მათგან დაახლოებით 30% მაღალშემოსავლიანი მომხმარებელია. დანარჩენი 70% კი – საშუალოშემოსავლიანები. რაც შეეხება გამოცდილებას, შეიძლება ითქვას, საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს აქციებში ინვესტირების გამოცდილება.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისთვისაც აქციებით ვაჭრობა ჯერ კიდევ უცხო სფეროა – რატომ უნდა სცადონ დაზოგვისა და ინვესტირების ეს გზა?

პირველ რიგში მოგებიანობის გამო. თუ ისტორიულად და სტატისტიკურად ვიმსჯელებთ, აქციების ფასები საშუალოდ 10-15%-ით იზრდება. ეს რიცხვები მერყევია, მაგრამ თუ 5-წლიან პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, მოგებიანობის ეს მაჩვენებელი ძალიან კარგია. მეორე უპირატესობა არის ლიკვიდობა – როცა ადამიანს მოუნდება, მაშინ შეძლებს თანხის განაღდებას.

თუმცა, რისკიანიც არის…

რა თქმა უნდა, რისკიანიცაა. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მოგებიანობის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, ვინაიდან ის ბევრად მაღალია, ვიდრე დეპოზიტები. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ  საფონდო ბაზარი ინფლაციის ჰეჯად განვიხილოთ როგორც მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ჰეჯირების საშუალებას. ახლა ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ამიტომაც ამის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.

რამდენიმე კვირის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ინვესტორები თავიანთი დანაზოგების დაბანდების თვალსაზრისით უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობას ეძებენ. თქვენ რა ტენდენციას ხედავთ ქართულ ბაზარზე?

2020 წლიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ადმინისტრაციული აქტივების მოცულობა დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა. ახლა 1 მლრდ ლარია, მაშინ როდესაც 2020 წლის ამავე პერიოდში, 150 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, როგორც ობლიგაციების, ასევე აქციების კუთხით გავიზარდეთ. ობლიგაციებიც აქტუალურია, ვინაიდან განიხილება როგორც დეპოზიტის ალტერნატივა. დღეს თუ შევადარებთ თიბისი კაპიტალის მომხმარებლებს და მათ ქცევას ადრინდელ მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ ახლა ისინი უფრო ღია არიან და უფრო მეტი მიმღებლობა აქვთ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების კუთხით. ეს განათლების და ინფორმირების დამსახურებაცაა.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქციებით ვაჭრობის შესახებ ცნობიერება მეტ-ნაკლებად მაღალია. მეტიც, ტრადიციულ საბანკო პროდუქტებთან შედარებით, დაგროვების ეს გზა თანდათან უფრო პოპულარული ხდება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ მხრივ ცნობიერება საქართველოშიც გაიზარდოს?

ამისთვის გვჭირდება ერთი მხრივ, განათლება და მეორე მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შემთხვევების ზრდის საპირწონე პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. ზოგადად, ჩვენთან დანაზოგის 95% დეპოზიტებზე მოდის. პოლონეთში იგივე მაჩვენებელი 50%-ია, ამერიკაში კი – 20%. როგორც ხედავთ, საქართველოში ძალიან დიდი სივრცეა დარჩენილი იმისთვის, რომ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. ეს ასეც იქნება და არ მგონია, რომ ტენდენცია შეჩერდეს. თუმცა ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული. რაც უფრო გავაქტიურდებით და დავანახებთ მომხმარებლებს, რომ მათი ფულის სარფიანად დაბანდება სარგებლიანია, მით უფრო გაიზრდება სანდოობაც. ჩვენ სპეციფიკური ქვეყანა ვართ, ჯერ კიდევ ვერ დავივიწყეთ ანაბრების დაკარგვის ისტორია და ტკივილი. აქ ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ თუ აქციებში ჩადებ ფულს, მას დაკარგავ. მაგრამ თუ დავფიქრდებით, რომელ კომპანიაში ვდებთ, შემდეგ უკვე დამოკიდებულებაც შეიცვლება. მაგალითად ავიღოთ Apple-ი. შესაძლოა, მისი აქციების ფასი ახლა შემცირებული იყოს, მაგრამ მისი შემოსავლები წლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება. თუ მოგვწონს კომპანია და პროდუქტი, რასაც ის ქმნის და მიგვაჩნია, რომ მომავალში უფრო მეტ შედეგს მოიტანს, მაშინ სწორი იქნება, რომ მასში ინვესტირება განვახორციელოთ.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს ცნობიერება ალტერნატიული საინვესტიციო საშუალებების მიმართ, კარგი იქნება საქართველოშიც ფასიანი ქაღალდების გამოშვება. დღეს ადამიანს თუ აქციების შეძენა სურს, უცხოეთში უნდა შეიძინოს. კარგი იქნება, თუ აქაც ექნებათ მსურველებს ნებისმიერი წარმატებული კომპანიის აქციების ყიდვის საშუალება. მაგალითად, „ბორჯომის“, ან „საქართველოს რკინიგზის“. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება უცხოელი ინვესტორებისთვისაც კარგი იქნება, რაც პირდაპირპროპორციულად ქვეყანის განვითარებას შეუწყობს ხელს.