თიბისი ლიზინგმა წარმატებით განათავსა 240 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიანი ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანში. ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან მაღალი დაინტერესების შედეგად, განთავსდა 160 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. აღნიშნული ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ემისიის აგენტი თიბისი კაპიტალი იყო.
ობლიგაციების პროგრამით გათვალისწინებული რესურსი მიმართულია, როგორც კომპანიის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებაზე, ისე ახალი პორტფელის დაფინანსებაზე. ახალი ობლიგაციების ვადის 3-დან 5 წლამდე ზრდა უზრუნველყოფს ვალდებულებების ეფექტიან მართვას და ფინანსური სტრუქტურის ოპტიმიზაციას. ობლიგაციების ინვესტორებს წარმოადგენენ ინსტიტუციონალური ინვესტორები.
„აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების ნდობას კომპანიის მიმართ და ხაზს უსვამს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდ დინამიკას. ობლიგაციების პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მოქნილად ვმართოთ ფინანსური რესურსები და განვაგრძოთ ბიზნესის მდგრადი ზრდა.” – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი
„თიბისი კაპიტალმა თიბისი ლიზინგთან ერთად უკვე მე-6 საჯარო განთავსება განახორციელა წარმატებულად. ინვესტორების ინტერესმა ამჯერადაც გადააჭარბა ობლიგაციების მოცულობას, რაც ცალსახად ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიმართ ნდობას. გვიხარია, რომ კომპანია აგრძელებს კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას და ამ პროცესში ექსკლუზიურ პარტნიორად ირჩევს თიბისი კაპიტალს, როგორც ბაზრის ლიდერ საინვესტიციო ბანკს. დარწმუნებული ვარ, 2026 წელი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის ზრდის წელი იქნება, თიბისი კაპიტალი კი ტრადიციულად განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას და ბაზრის განვითარების ხელშეწყობას” – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
S











