თიბისი ლიზინგმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბაკმა („BSTDB“) 10 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზით პარტნიორობა განაახლეს. აღნიშნული რესურსი მიმართული იქნება კერძო სექტორის ზრდისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ.
პარტნიორობის მიზანი გრძელვადიანი დაფინანსების შეთავაზებაა მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის (MSME), რაც გააძლიერებს მათ საინვესტიციო შესაძლებლობებს ინოვაციურობისა და მდგრადობის მიმართულებით. BSTDB-ის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებული იქნება ადგილობრივი MSME-ებისათვის საწარმოო დანადგარებისა და კომერციული აღჭურვილობის ლიზინგით დასაფინანსებლად, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს განაახლონ საწარმოო ხაზები და გაიუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა.
თანამშრომლობა წარმოადგენს BSTDB-ის ნდობის გამოხატულებას თიბისი ლიზინგის ძლიერი საბაზრო პოზიციის, რისკების გონივრული მართვისა და ქვეყნის MSME სექტორის განვითარების მიმართულებით მისი მნიშვნელოვანი გავლენისადმი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა (BSTDB) და თიბისი ლიზინგს შორის განახლებულ პარტნიორობას, რომელიც გამოხატავს BSTDB-ის ნდობას საქართველოს ფინანსური სისტემის მიმართ და მის მტკიცე მხარდაჭერას კერძო სექტორისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისადმი. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორისთვის — რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. აღნიშნული სექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს დასაქმების, ინოვაციების და რეგიონული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში.
მოდერნიზებული საწარმოო ტექნიკის ლიზინგით დაფინანსება დაეხმარება ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, განაახლონ ინფრასტრუქტურა და გააძლიერონ ოპერაციული მდგრადობა — რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას.“- ნინო ჯელაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
„მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის მეშვეობით ვამყარებთ თანამშრომლობას BSTDB-თან. აღნიშნული საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მივაწოდოთ მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ქართულ ბიზნესებს, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და დავუჭიროთ მხარი ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„თიბისი ლიზინგთან ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა ხაზს უსვამს მზაობას – დავეხმაროთ საქართველოს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებს (MSME) მიიღონ ის რესურსი, რომელიც მათ ზრდისა და წარმატებისთვის სჭირდებათ. ეს ახალი საკრედიტო ხაზი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკაში მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, აგრეთვე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი დაფინანსება სრულად შეესაბამება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ეკონომიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებს, რადგან ის ხელს უწყობს კერძო სექტორის ზრდას და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.“ – ზია ალიევი, BSTDB-ის საბანკო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.
S
								
								












