თიბისის UX დიზაინი - პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და კომპანიას შორის

თიბისის UX დიზაინი - პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და კომპანიას შორის

დღევანდელი სამყარო საოცრად დინამიკური და ტექნოლოგიურად დახვეწილია, რაც ტექნოლოგიური და ციფრული პროდუქტების მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რუტინული დავალებების შესრულებაზე უარი თქვან და საკუთარი დრო მეტად სასიამოვნო საქმიანობას დაუთმონ. ადამიანების ლტოლვა უკეთესად ცხოვრებისკენ იმდენად ბუნებრივი და მნიშვნელოვანია, რომ მას ფეხი სხვადასხვა ტიპის კომპანიებმა აუბეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ კომპანიები, საკუთარ ოპერაციებში ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სულ უფრო და უფრო ხშირად ნერგავენ.

ამ ტენდენციას არც თიბისი ჩამორჩა, რომელმაც არათუ ფეხი აუბა მას, არამედ გადაწყვიტა, რომ მის მამოძრავებელ ძრავად იქცეს. საქმე ისაა, რომ თიბისი, რომლის მემკვიდრეობა ათწლეულებს ითვლის, ის ბანკია, რომელსაც სურს, მომხმარებლების ცხოვრება მაქსიმალურად გაამარტივოს. სწორედ ამ მიზანს უკავშირდება ის, რომ თიბისი ახლად გაჩენილი რევოლუციური ფინტექ-კომპანიებისგან წამოსულ წნეხს არ შეუშინდა და ტექნოლოგიურ კომპანიად გადაკეთდა.

თიბისიში ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესი ფრიად ორგანული იყო, რამაც კომპანიის მესვეურებს თანამედროვე გადაწყვეტების ყველა მიმართულებით დანერგვის შესაძლებლობა მისცა, მათ შორის ყოველდღიური ოპერაციების, ორგანიზაციული მოწყობისა და მომხმარებლის გამოცდილების (UX).

თიბისის მიერ წამოწყებული პროცესების აუცილებლობასა და წარმატებაზე მიუთითებს ის არაერთი ჯილდო, რომელსაც კომპანია სხვადასხვა უწყებისგან ყოველწლიურად იღებს. გამონაკლისი, არც მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როცა თიბისიმ საერთაშორისო ბიზნესგამოცემის, Global Finance-ის მიერ დაწესებული ცხრა ჯილდო მიიღო, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინის ჯილდო, რომელიც ცხადყოფს, რომ თიბისიში დაწყებული ტექნოლოგიური რეორგანიზაცია წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ თავად ეს პროცესი გლობალურ ტრენდს ეფუძნება: საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში გამოჩენილმა ფინტექ-კომპანიებმა, ნეობანკებმა და აპლიკაციაზე დაფუძნებულმა სხვა ტიპის კომპანიებმა, რომლებმაც მომხმარებლებზე ზრუნვის ახლებური მიდგომები შემოიტანეს, ცხადყო რომ ბანკები მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებად ვერ დარჩებოდნენ. ამგვარად, გლობალურად, ბანკების გაციფრულებისა და მათი ტექნოლოგიურად განვითარების ტრენდი გაჩნდა და როგორც აღმოჩნდა, სწორედ მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინის პროცესები, მეთოდოლოგია და პრინციპები არის ის, რაც ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი მომხმარებელი ყველაზე კარგად გაიცნონ და მათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო პროდუქტები და სერვისები შესთავაზონ.

დღეს, მომხმარებელი კარგ პროდუქტებსა და სერვისებს და ზოგადად კარგ გამოცდილებას არამხოლოდ მაშინ აწყდება, როცა ბანკში ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში მიდის, როგორც ეს უწინ იყო, არამედ ყოველთვის, როცა ხელში სმარტფონი უჭირავს. ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაარკვიოს, რა არის კარგი და რა – ცუდი. ამრიგად, თიბისიმ უნდა იფიქროს არამხოლოდ საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებაზე, არამედ კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ ყოველდღიურ ურთიერთობაზე.

თავისთავად ცხადია, რომ Global Finance-ისგან მიღებული ჯილდოები, თიბისისთვის წარმოადგენს არამხოლოდ ამ დრომდე მიმდინარე პროცესების აღიარებას, არამედ კომპანიას დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. თუმცა ტექნოლოგიური პროცესების ინტეგრაცია თიბისისთვის იმდენად ორგანულია, რომ ამ მიმართულებით ის მუშაობას კვლავაც აგრძელებს. განსაკუთრებულად საინტერესოა ის სიახლეები, რომელსაც თიბისი მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინის მიმართულებით ნერგავს.

„დღეს, ინკლუზიური დიზაინის მიმართულებითაც ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ თითოეულ მომხმარებელს მისთვის შესაფერისი გამოცდილება შევთავაზოთ და ჩვენი სერვისები მეტად ინდივიდუალური გავხადოთ, – ამბობს თიბისის დიზაინისა და UX-ის მიმართულების ხელმძღვანელი, გიგი ჯანელიძე. „თუმცა, პარალელურად ამისა, ბრენდ-მეიკერებთან, დიზაინერებთან და მომხმარებლის გამოცდილების მკვლევრებთან ერთად მომხმარებელთა ნაკადებს ვაანალიზებთ, ინტერფეისებს ვაპროექტებთ და მომხმარებლის გამოცდილებას ვიკვლევთ და თან, პარალელურად, პროცესში ჩართული მხარეების კომპეტენციასაც ვზრდით“.

თიბისიში ფიქრობენ, რომ მომხმარებლის გამოცდილება მათი ბიზნესის გასაღებია, რაც კომპანიის მესვეურების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ თანმიმდევრულ და მეცნიერულად გამყარებულ ნაბიჯებზეც აისახება. ერთ-ერთი მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელსაც თიბისიში აქტიურად იყენებენ, დიზაინ-ტიხრის მეთოდოლოგიაა, რომელიც თავისი არსით, ბიზნეს პროცესებში დიზაინ პროცესების იმპლემენტაციას გულისხმობს და დიზაინის განვითარების იტერატიულობას უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის, დიზაინი არის პროცესი და გვჯერა, რომ იდეალური დიზაინი არ არსებობს, რაც მუდმივ ტონუსში გვამყოფებს და გვაიძულებს, რომ მომხმარებელს მუდმივად უკეთესი გამოცდილება შევუქმნათ“, – ამბობს გიგი ჯანელიძე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თიბისის მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის წარმატებას სწორედ კომპანიის თანამშრომლების მიერ არჩეული კომპლექსური მიდგომა გამოარჩევს. თიბისიში ფიქრობენ, რომ მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა მხოლოდ საუბრით არ უნდა შემოიფარგლოს, რადგან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის კორპორაციული კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროცესები, ასევე სხვადასხვა მეთოდოლოგიის იმპლემენტაცია და კვლევა, რომელიც მომხმარებელთა უკეთ გაცნობის საწინდარია.

თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც სურს, რომ მომხმარებლის ცხოვრება მაქსიმალურად გაამარტივოს. ამ გზაზე, მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და თიბისიში სურთ, რომ ეს გამოცდილება ერთგვაროვანი და უნიკალური გახადონ. ყველაფერი, რასაც თიბისის მომხმარებელი კომპანიის პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებით აკეთებს, ნაცნობი და მარტივი უნდა იყოს და მომხმარებელს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას. კომპანიის საბოლოო მიზანი კი ასეთია: მომხმარებელი ნებისმიერ პროდუქტთან და სერვისთან შეხებისას უნდა გრძნობდეს, რომ, აი, ეს თიბისია. ასეთი ურთიერთობა უნიკალური და სამარადჟამოა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *