თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქეთმა ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად და ბაზრის პროგნოზირებადობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი წყაროების გამოყენება უნდა გაზარდოს.
ბაირაქტარის ინფორმაციით, სამ ობიექტზე თორმეტი დიდი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა უკვე დაანონსდა, თუმცა საჭიროება ბევრად უფრო მაღალია. ანკარაში გამართულ ევრაზიის მცირე მოდულური რეაქტორის ფორუმზე ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი ოთხი ფართომასშტაბიანი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს.
ქვეყნის პირველ ბირთვულ ელექტროსადგურ Akkuyu-ზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შენდება, პირველი რეაქტორი მომავალ წელს ამოქმედდება. სადგურს რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგოფირმა Rosatom-ი აშენებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2010 წელს გაფორმდა, მშენებლობა კი 2018 წელს დაიწყო. სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 10%-ს დააკმაყოფილებს.
ამას გარდა, თურქეთი შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის სისტემაში დამატებასაც ელის. ქვეყნის პირველმა საბურღმა ხომალდმა Fatih-მა, 2020 წლის აგვისტოში, შავ ზღვაში, საკარიას გაზის საბადოში 540 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აღმოაჩინა. გაზის ხმელეთზე გადატანა შავი ზღვის ქვეშ მილსადენის განთავსებით მოხდება. ანკარას სურს, გაზის მიწოდება საბადოდან მთავარ ქსელში 2023 წლიდან დაიწყოს, პლატოზე მდგრადი წარმოება კი 2027-2028 წლიდან იგეგმება.
თურქეთის ენერგოიმპორტში რუსეთის წილი ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება აზერბაიჯანის ახალმა ბუნებრივმა მილსადენმა, Trans Anatolian Natural Gas Pipeline-მა, ასევე თხევად ბუნებრივ აირში (LNG), გაზის შენახვასა და განახლებად ენერგიაში ინვესტირებების გაძლიერებამ განაპირობა. თუმცა LNG-ის ფასების ზრდამ რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტი თურქეთში, 2019-2020 წლების 33%-დან, გასულ წელს 40%-მდე გაზარდა.