2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, ქვანახშირით გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმოებით თურქეთმა გერმანიას გადაასწრო. ანალიტიკური ცენტრის, Ember-ის უახლესი ანგარიშით, აპრილის თვისთვის თურქეთში წარმოებამ 36 ტერავატ/საათს მიაღწია, გერმანიაში – 34.6 ტვტ/სთ-ს, ხოლო პოლონეთში (ევროპაში ქვანახშირის მესამე უმსხვილესი მომხმარებელი) – 31.3 ტვტ/სთ-ს.
რეგიონულ რეიტინგში თურქეთის აღმავლობა გერმანიაში ქვანახშირის მოხმარების მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა. 2024 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გერმანიაში მოხმარება, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32%-ით შემცირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იყო. ამავე პერიოდში 3%-ითაა შემცირებული თურქეთის წარმოებაც, თუმცა 6%-ითაა გაზრდილი 2019 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემთან შედარებით.
ამის საპირისპიროდ, 2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, გერმანიასა და პოლონეთში ქვანახშირის გამომუშავება, შესაბამისად, 42%-ითა და 19.4%-ით შემცირდა. გერმანიაში ქვანახშირის მოხმარებისა და წარმოების შემცირებაზე დადებითად სუფთა ენერგიაზე გადასვლის გეგმების დაჩქარებამ იმოქმედა.
Ember-ის მონაცემებით, 2022 წლიდან 2023 წლამდე, სუფთა ენერგიის წარმოება გერმანიაში 9%-ით გაიზარდა, პოლონეთში – 21.4%-ით, 21%-ით – ნიდერლანდებში, 9.6%-ით – იტალიაში და 8%-ით – ესპანეთში. ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, წიაღისეული ენერგიიდან სუფთა ენერგიაზე გადასვლას ხელი მთავრობის სუბსიდიებმაც შეუწყო. მსგავსი მოცულობის სუბსიდიები არ ჰქონდა თურქეთს, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გამო, რის შედეგადაც ქვეყანაში 2022-2023 წლებში სუფთა ენერგიის წარმოება 4.5%-ით გაიზარდა.
თურქეთის ქვანახშირზე დამოკიდებულების ზრდაზე გავლენა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპმაც იქონია. 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თურქეთში ქვანახშირის წილმა სრულად წარმოებულ ელექტროენერგიაში 34% შეადგინა, გერმანიაში – 21%, ხოლო მთლიანად ევროპაში – საშუალოდ 13%.