თურქეთი შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მისაღებად მილების შედუღებას იწყებს

თურქეთი შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მისაღებად მილების შედუღებას იწყებს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზის განცხადებით, პირველი მილის შედუღება, რომლის საშუალებითაც თურქეთის საბადოებს შავი ზღვიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება, ივლისში დაიწყება. 170 კილომეტრი სიგრძის მილსადენი, შავ ზღვაში, წყალში 2,200 მეტრის სიღრმეზე განთავსდება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების რიგით მეხუთე სამიტზე დონმეზის მიერ გაკეთებული განცხადებით, ბუნებრივი აირის გადამტანი მილსადენები შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ფილიოსში, მომავალი თვისთვის უკვე მზად იქნება. სავალდებულო ტესტირების გავლის შემდგომ, შავი ზღვის ფსკერზე განთავსებამდე, მილების პირველი შედუღება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ „საკარიას“ საბადოებიდან, ქალაქ ფილიოსში ბუნებრივი აირის მიწოდება 2023 წელს დაიწყება. ფილიოსში ბუნებრივი აირის გადამმუშავებელი ქარხნის აშენებაც იგეგმება. გარდა ამისა, შავ ზღვაში უკვე დასრულდა Turkali-1-ისა და Turkali-2 ჭაბურღილების ნაკადის ტესტირება. Turkali-1-ის ბუნებრივი აირის ნაკადის დღიურმა მოცულობამ 1.7 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო Turkali-2-მა 2.6 მილიონ კუბურ მეტს მიაღწია. ტესტირების შედეგების თანახმად, ყოველი ჭაბურღილიდან დღეში საშუალოდ 3 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვებაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, რისთვისაც ქვეყანა შავ ზღვაში ბურღვითი ოპერაციების გაფართოებას კვლავ გეგმავს. ამ მიზნით, არსებულ ფლოტს გასულ კვირას მეოთხე საბურღი ხომალდიც შეემატა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *