Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას განიხილავს. გამოცემის თანახმად, აღნიშნული მომდევნო ექვსი თვის ვადაშია მოსალოდნელი. ინფორმაციას საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ ანონიმურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მხარეებს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წელსაც მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. 2022 წელს სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრით მესამე სახელმწიფოს პირებს და დიპლომატებს ესარგებლათ. მიუხედავად ამისა, სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია.
ახლა, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი დაიძრა, თურქეთმა საკითხის გაცოცხლება მოისურვა და შესაძლოა სახმელეთო საზღვრის გახსნის პროცესი ექვს თვეშიც კი განხორციელდეს.
სახმელეთო საზღვრის გახსნის პერსპექტივაზე თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წამომადგენლებმა სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორია თურქეთის გეგმა, სრულად გახსნის სახმელეთო საზღვარს თუ იმ პირობებით, რომლებზეც 2022 წელს შეთანხმდნენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფორმალიზების შემთხვევაში, ანკარა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და ელჩის დანიშვნას გეგმავს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფორმალიზება მომავალი წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში, 8 აგვისტოს დაიწყო. თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვარი კი 1993 წლიდან დაკეტილია. თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნა შესაძლოა სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის ელექტორალურად მოგებიანი აღმოჩნდეს. ცნობისათვის, სომხეთში 2026 წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

















