ფოტო: armenianweekly.com
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირ ვაჭრობაზე მოქმედი შეზღუდვა გააუქმა, რაც ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ სიმბოლურ ნაბიჯად განიხილება.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ონჯუ კეჩელის განცხადებით, ახალი წესის მიხედვით, თურქეთიდან ან სომხეთიდან მესამე ქვეყნის გავლით გაგზავნილ ტვირთებს საბოლოო დანიშნულების ან წარმოშობის ქვეყნად პირდაპირ თურქეთის ან სომხეთის მითითება შეეძლებათ. აქამდე მსგავსი აღნიშვნა შეზღუდული იყო. მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში „მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის გაძლიერებისთვის შექმნილი ისტორიული შესაძლებლობის“ ფონზე, თურქეთი რეგიონში ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას გააგრძელებს.
გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა სომხეთი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი და ნორმალიზებული ურთიერთობების დამყარების გზაზე. მისი თქმით, პროცესის ლოგიკური გაგრძელება შესაძლოა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალურად დამყარება გახდეს.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სომხეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, ხოლო საერთო საზღვარი 1990-იანი წლებიდან დახურულია. ურთიერთობები წლების განმავლობაში დაძაბული იყო როგორც ისტორიული უთანხმოებების, ისე თურქეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ალიანსის გამო.
ანკარამ სომხეთთან საზღვარი 1993 წელს დახურა, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხზე კონფლიქტი მიმდინარეობდა. თურქეთმა ეს ნაბიჯი ბაქოს მხარდაჭერის ნიშნად გადადგა.
2020 წლის ომის დროს თურქეთი ღიად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს, რომელმაც ექვსკვირიანი სამხედრო კონფლიქტის შედეგად მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნა. ომის დროს აზერბაიჯანი აქტიურად იყენებდა თურქულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საბრძოლო დრონებს.
მიუხედავად ხანგრძლივი დაძაბულობისა, ანკარა და ერევანი 2021 წლის ბოლოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ და სპეციალური წარმომადგენლებიც დანიშნეს. ამ პროცესის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გარკვეული სავიზო შეზღუდვებიც შემსუბუქდა.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე ასევე გრძელდება ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაოები, რომლებიც საერთო საზღვრის შესაძლო გახსნას უკავშირდება.









