TIME-მა ლიონელ მესი წლის სპორტსმენად დაასახელა

TIME-მა ლიონელ მესი წლის სპორტსმენად დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა TIME-მა ფეხბურთის არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი წლის სპორტსმენად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გამოცემისგან ეს სტატუსი მიიღო.

36 წლის არგენტინელი, წლების მატების მიუხედავად, სათამაშო ფორმას არ კარგავს და არც ტიტულების ნაკლებობას უჩივის – მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, დაახლოებით ერთი თვის წინ კი კარიერაში მე-8 „ოქროს ბურთს“ დაეუფლა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

არგენტინელი ვარსკვლავი, რომლის საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილიც ესპანურ კლუბ „ბარსელონას“ უკავშირდება, ამჟამად ამერიკის MLS-ში, „ინტერ მაიამიში“ თამაშობს. მესი ამერიკულ კლუბში ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა, რომლის ღირსებასაც 2021 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივლისამდე იცავდა. რაც შეეხება „ბარსელონას“, მესიმ ახალგაზრდულ კლუბში თამაში 2000 წლიდან დაიწყო, მთავარი კლუბს კი 2005 წლის ზაფხულიდან შეუერთდა.

„ბარსელონაში“ მესიმ 778 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში 672 გოლის გატანა და 303 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით არგენტინელის ანგარიშზე 75 შეხვედრაში 32 გოლი და 35 საგოლე გადაცემაა, „ინტერ მაიამის“ რიგებში კი მესიმ 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

რაც შეეხება 2023 წლის სტატისტიკას, არგენტინელის მონაგარი 55 შეხვედრაში 32 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, მოცემული დროისთვის ლიონელი მესის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 35 მილიონ ევროს შეადგენს. არგენტინელი ყველაზე ძვირად, 180 მილიონ ევროდ, 2018 წელს ფასობდა.