საქართველოში, 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მომხმარებლებს 14 ტრადიციული კომერციული ბანკი აწვდის საკრედიტო რესურსებს. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლოს მათ მიერ გაცემულმა სესხებმა ჯამში 63 728.4 მლნ ლარი შეადგინა. გაცემული სესხები, ამ პერიოდის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დონით დაკორექტირებული, 62 648.3 მლნ ლარი იყო. 2025 წლის პირველ კვარტალში ტრადიციული კომერციული ბანკების დაბეგვრამდე მოგებამ 880.6 მლნ ლარს მიაღწია. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.72%-ით აღემატება.
2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ჯანსაღი ზრდის ტემპმა 18.29% შეადგინა. თუმცა ბანკებს შორის ზრდის ნიშნული ფართო დიაპაზონის იყო. ამრიგად, წარმოგიდგენთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის გაფართოების ტემპის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ტრადიციული კომერციული ბანკების ათეულს:
1. სილქ ბანკი
პორტფელის ზრდა – 85.40%
გაცემული სესხები – 129.64 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – -5.25 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – – 9.16%
კაპიტალზე უკუგება – -31.44%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 2.22%
მიუხედავად დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპისა, „სილქ ბანკის“ წილი მთლიან დაკრედიტებაში 0.20%-ია. თუმცა დეპოზიტებში ბანკის წილი ოდნავ მეტს, 0.24%-ს აღწევს. 2025 წლის პირველ კვარტალში „სილქ ბანკი“ ზარალშია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მსგავსი მდგომარეობა იყო.
2. ხალიკ ბანკი
პორტფელის ზრდა – 34.39%
გაცემული სესხები – 931.55 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 4.74 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 1.56%
კაპიტალზე უკუგება – 5.99%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 2.09%
„ხალიკ ბანკს“ მთლიან საკრედიტო დაბანდებაში 1.31%-იანი წილი უჭირავს. 2025 წლის პირველ კვარტალში დაკრედიტების ზრდის მაღალ ტემპთან ერთად, აქტივებიც უფრო ჯანსაღია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმოქმედო სესხებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის წილები მთლიან სესხებში შემცირებულია.
3. პაშა ბანკი
პორტფელის ზრდა – 30.56%
გაცემული სესხები – 387.05 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – -0.29 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – -0.53%
კაპიტალზე უკუგება – -3.01%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 2.85%
2025 წლის პირველ კვარტალში ბანკის მოგებიანობა გაუარესებულია. პერიოდი „პაშა ბანკმა“ ზარალით დაასრულა, მაგრამ საკრედიტო პორტფელის მაღალი ზრდისა და აქტივების გაუმჯობესების ფონზე მომავალში მოგებიან პოზიციაზე დაბრუნების ალბათობა მაღალია. საკრედიტო დაბანდებაში „პაშა ბანკის“ წილი 0.61%-ია.
4. ქართუ ბანკი
პორტფელის ზრდა – 29.08%
გაცემული სესხები – 1 040.08 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 9.72 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 1.60%
კაპიტალზე უკუგება – 6.83%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 5.18%
მიმდინარე პერიოდში „ქართუ ბანკის“ აქტივების ხარისხი გაუმჯობესებულია. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დონე შემცირებულია. სესხების გაცემის ტემპის აჩქარებასთან ერთად, საკრედიტო დაბანდებაში „ქართუ ბანკის“ წილი 1.68%-მდე გაზრდილია.
5. ლიბერთი ბანკი
პორტფელის ზრდა – 27.92%
გაცემული სესხები – 3 763.96 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 34.18 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 2.30%
კაპიტალზე უკუგება – 19.35%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 3.78%
2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, „ლიბერთი ბანკის“ წილი საკრედიტო დაბანდებაში 5.97%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5.66% იყო. მიმდინარე პერიოდში დაკრედიტების მაღალ ზრდასთან ერთად, „ლიბერთი ბანკის“ აქტივების გაჯანსაღებაც თვალსაჩინო იყო.
6. კრედო ბანკი
პორტფელის ზრდა – 25.91%
გაცემული სესხები – 2 574.01 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 27.46 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 2.84%
კაპიტალზე უკუგება – 22.64%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 2.24%
მიმდინარე პერიოდში „კრედოს“ მოგებიანობის დონე გაუმჯობესებულია, ხოლო აქტივების ხარისხი უცვლელი. 2025 წელის პირველი კვარტალის მდგომარეობით, დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპის შედეგად, საკრედიტო დაბანდებაში „კრედო ბანკის“ წილი 4.03%-მდე გაზრდილია. 2024 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 3.80% იყო.
7. ზირაათ ბანკი
პორტფელის ზრდა – 21.14%
გაცემული სესხები – 165.92 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 2.23 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 2.84%
კაპიტალზე უკუგება – 8.63%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 2.52%
2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, „ზირაათ ბანკის“ წილი საკრედიტო დაბანდებაში მცირე, 0.26%-ია. მიმდინარე პერიოდში დაკრედიტების მაღალ ზრდასთან ერთად, აქტივების ხარისხი და მოგებიანობის დონე მკვეთრად გაუმჯობესებულია. მაგალითად, უმოქმედო სესხების წილი 11.65%-დან 4.73%-მდეა შემცირებული.
8. საქართველოს ბანკი
პორტფელის ზრდა – 19.74%
გაცემული სესხები – 24 088.77 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 452.54 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 4.06%
კაპიტალზე უკუგება – 30.03%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 1.37%
„საქართველოს ბანკის“ წილი მთლიან საკრედიტო დაბანდებაში 37.34%-ია, რაც 2024 წლის პირველ კვარტალში 37.25% იყო. ამ პერიოდთან შედარებით, აქტივების ხარისხი მცირედით გაუმჯობესებულია. კერძოდ, მიმდინარე პერიოდში მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დონე შედარებით ნაკლებია.
9. ბაზის ბანკი
პორტფელის ზრდა – 19.65 %
გაცემული სესხები – 2 977.56 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 26.83 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 2.30%
კაპიტალზე უკუგება – 15.09%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 1.18%
თუკი 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიან დაკრედიტებაში „ბაზის ბანკის“ წილი 4.60% იყო, ეს ნიშნული მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 4.61%-ია. ამ პერიოდში ბანკის მოგებიანობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია, ხოლო მეტწილად აქტივების ხარისხის გაუმჯობესებაც შესამჩნევი იყო.
10. თიბისი ბანკი
პორტფელის ზრდა – 14.54%
გაცემული სესხები – 24 371.83 მლნ ლარი
დაბეგვრამდე მოგება – 342.59 მლნ ლარი
აქტივებზე უკუგება – 3.20%
კაპიტალზე უკუგება – 22.43%
მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – 1.40%
დაკრედიტებაში ყველაზე დიდი, 37.79%-იანი წილი „თიბისი ბანკს“ აქვს. 2024 წლის პირველ კვარტალში ეს ნიშნული 39.36% იყო. ამ პერიოდთან შედარებით „თიბისი ბანკის“ მოგებიანობის დონეც შემცირებულია, ხოლო აქტივების ხარისხი ოდნავ გაუარესებული. მაგალითად, უმოქმედო სესხების წილი 2.06%-დან 2.26%-მდეა გაზრდილი.
მეთოდოლოგია
რეიტინგი მომზადებულია კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის წილით კორექტირებული) წლიური ზრდის მიხედვით (2025 წლის პირველი კვარტალის ბოლო შედარებულია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან). მონაცემები მოპოვებულია ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშებიდან.
პროფილის ზრდა – გაცემულ სესხებსა და მოთხოვნებს გამოკლებული მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის წილი მთლიან სესხებში; აქტივებზე უკუგება – წლიურად გადაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან; კაპიტალზე უკუგება – წლიურად გადაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან; მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი – საბალანსო უწყისით გათვალისწინებული სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის წილი საბალანსო უწყისით გათვალისწინებულ მთლიან სესხებში.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".