ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა: რომელ დარგებში დებენ ფულს?

ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა: რომელ დარგებში დებენ ფულს?

2023 წელს საქართველოში 1.6 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 24%-ით შემცირდა. კლების მიზეზი სავალო ვალდებულებების კლება იყო. ინვესტიციების ნაწილი სესხის სახით შემოდის და როდესაც სესხი იფარება, ინვესტიციები მცირდება. ვალდებულებების კომპონენტში ინვესტიციები 880 მლნ დოლარით შემცირდა, რეინვესტირების კომპონენტში კი 99 მლნ დოლარით. $476-მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა სააქციო კაპიტალის კომპონენტში.

საინტერესოა, საქართველოში ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რომელ დარგებში მიემართება ეს თანხები. 2023 წელს შემოსული ინვესტიციების 90% ათ ქვეყანაზე მოდის. აქედან გამომდინარე, სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში დებს ფულს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა.

10. ყაზახეთი – 43 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს ყაზახეთიდან საქართველოში 43 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ზოგადად, ყაზახეთი არ გამოირჩევა საქართველოში მსხვილი ინვესტიციებით. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ყაზახეთიდან სულ 77 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ეს თანხა ძირითადად 2022-2023 წლებზე მოდის. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2023 წელს ყაზახეთიდან შემოსული ინვესტიციების 43% საფინანსო სექტორში განხორციელდა. შემდეგ ვაჭრობა მოდის, სადაც ინვესტიციების 29% მიემართა.

ყაზახეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

43.3 

საფინანსო სექტორი

18.4 

საცალო და საბითუმო ვაჭრობა

12.5 

ტრანსპორტი და დასაწყობება

10.7 

დანარჩენი სექტორები

1.7 

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

9. იაპონია – 45 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს იაპონიიდან საქართველოში 45 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ზოგადად, იაპონია არ გამოირჩევა საქართველოში მსხვილი ინვესტიციებით. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში იაპონიიდან სულ 134 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ამ თანხის 78% 2022-2023 წლებზე მოდის.

საქსტატს 2023 წელს იაპონიიდან შემოსული ინვესტიციები თითქმის სრულად „დანარჩენ სექტორებში“ აქვს აღრიცხული, ანუ ჩაშლილი არ აქვს სექტორების მიხედვით. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ინვესტიციები ძირითადად ერთმა კომპანიამ განახორციელა. 2023 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა შპს „ტოიოტა კავკასია“, რომელიც იაპონური კომპანიის ფილიალია და, სავარაუდოდ, 2023 წელს განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მას ეკუთვნის.

იაპონიიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

45

საცალო და საბითუმო ვაჭრობა

45 

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

8. ჩინეთი – 47 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში 47 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 4 მლნ დოლარით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ჩინეთიდან 481 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი 2014 წელზე მოდის.

2023 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების 46% საფინანსო სექტორში განხორციელდა. შემდეგ მშენებლობა მოდის, სადაც ინვესტიციების 36% მიემართა.

ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

47

საფინანსო სექტორი

22

მშენებლობა

17

სამთომოპოვებითი მრეწველობა

2

დანარჩენი სექტორები

6

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

7. აზერბაიჯანი – 54 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 54 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, როცა 2022 წელს აზერბაიჯანიდან მხოლოდ 2 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ქვეყანაა, ბოლო 10 წელიწადში აზერბაიჯანიდან 2.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს თანხა ძირითადად 2014 – 2018 წლებში შემოვიდა, როდესაც აზერბაიჯანი საქართველოში შაჰდენიზის გაზსადენს აშენებდა. 

2023 წელს აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტის სექტორში მიემართა (სავარაუდოდ, მილსადენ ტრანსპორტზე და ბაქო-ყარსის რკინიგზაზე). ტრანსპორტის სექტორში 68 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ აზერბაიჯანიდან ჯამური ინვესტიცია 54 მლნ დოლარია. ამის მიზეზი ზოგიერთ დარგში ინვესტიციების შემცირებაა სასესხო ვალდებულებების დაფარვის გამო. მათ შორის, სასტუმროების სექტორში ინვესტიციები 9 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო ვაჭრობაში – 6 მლნ დოლარით.

აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

54

ტრანსპორტი

68

საფინანსო სექტორი

5.3

მშენებლობა

4.6

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

3.6

დანარჩენი სექტორები

-28

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

6. მალტა – 80 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს მალტიდან საქართველოში 80 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. ბოლო 10 წელიწადში მალტიდან 309 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მალტაში კომპანიებისთვის შეღავათიანი საგადასახადო და ბიუროკრატიული პირობებია, ამიტომ ბევრი კომპანია ირჩევს მას რეგისტრაციის ადგილად. მალტიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციები რეალურად სხვა ქვეყნების ინვესტიციებია.

2023 წელს მალტიდან შემოსული ინვესტიციების 74% ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში შემოვიდა, რაც, სავარაუდოდ, სათამაშო ბიზნესის ინვესტიციებია. შემდეგ საფინანსო სექტორი მოდის, სადაც ინვესტიციების 19% მიემართა.

მალტიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

80.0

გართობა და დასვენება

59.5

საფინანსო სექტორი

15.5

დანარჩენი სექტორები

5.0

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

5. რუსეთი – 88 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს რუსეთიდან საქართველოში 88 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 19%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში რუსეთიდან 688 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 4.5%-ია.

2023 წელს რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების 37% საფინანსო სექტორში განხორციელდა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში ინვესტიციების 28% მიემართა. შემდეგ მოდის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, რაც ძირითადად IT-კომპანიების დაარსებას უკავშირდება. 

რუსეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

88

საფინანსო სექტორი

32

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

24

ინფორმაცია და კომუნიკაცია

9.4

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

6.2

მშენებლობა

5.7

ჯანდაცვა

5.1

დამმუშავებელი მრეწველობა

3.6

დანარჩენი სექტორები

0.9

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

4. აშშ – 154 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს აშშ-დან საქართველოში 154 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 13%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში აშშ-დან 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 6.5%-ია.

2023 წელს აშშ-დან შემოსული ინვესტიციების 53% (81 მლნ დოლარი) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში განხორციელდა. 2023 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიაშია შპს „მაგთიკომი“, რომლის წილებს ამერიკული კომპანიები ფლობს. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ კომპანიამ განაპირობა. 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.

აშშ-დან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

154

ინფორმაცია და კომუნიკაცია

81

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

30

განათლება

12

პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები

7.7

ჯანდაცვა4.3
მშენებლობა

3.3

დანარჩენი სექტორები

15

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

3. თურქეთი – 169 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს თურქეთიდან საქართველოში 169 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 3-ჯერ მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში თურქეთიდან 1.2 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 8%-ია.

2023 წელს თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების 33% ელექტროენერგიისა და აირის მიწოდების სფეროში განხორციელდა, უფრო კონკრეტულად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. 22% გართობისა და დასვენების სექტორში განხორციელდა, რაც, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების ბიზნესში ინვესტირებას გულისხმობს. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა სასტუმროებისა და რესტორნების და ვაჭრობის დარგებშიც.

თურქეთიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

169

ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება

56

გართობა და დასვენება

37

სასტუმროები და რესტორნები

26

დამმუშავებელი მრეწველობა

24

საფინანსო სექტორი

9.7

პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები

9.6

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

9.2

დანარჩენი სექტორები

-3.0

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

2. ნიდერლანდები – 361 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს ნიდერლანდებიდან საქართველოში 361 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ნიდერლანდებიდან 2.2 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნიდერლანდები და მის სამეფოში შემავალი ოფშორული ტერიტორიები ხშირად არის გამოყენებული კომპანიების რეგისტრაციისთვის და, რეალურად, ნიდერლანდების სახელით სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალი შემოდის, მათ შორის შესაძლოა, ქართველების მიერ განხორციელებული ინვესტიციებიც იყოს.

2023 წელს ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციების 68% (ჯამში 244 მლნ დოლარი) დამმუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა. ნიდერლანდებშია რეგისტრირებული შპს „აიდიეს ბორჯომი“ და რუსთავის აზოტის მფლობელი კომპანია შპს „ექსელუს ჰოლდინგსი“, რომლებიც 2023 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიაში ხვდებიან. ამ კომპანიების ინვესტიციები დამმუშავებელ მრეწველობაში აღირიცხება. რეალურად, „აიდიეს ბორჯომის“ საბოლოო მაკონტროლებელი რუსული კერძო კომპანიაა, ხოლო „ექსელუს ჰოლდინგსის“ ხელმძღვანელები ინდოეთის მოქალაქეები არიან.

შემდეგ მოდის ელექტროენერგიის დარგი, სადაც 69 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამის მიზეზი სს „თელასია“, რომელიც ასევე ნიდერლანდებშია რეგისტრირებული და ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. „თელასის“ საბოლოო მაკონტროლებელი რუსული კომპანიაა.

ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

361

დამმუშავებელი მრეწველობა

244

ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება

69

საფინანსო სექტორი

50

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

9.5

დანარჩენი სექტორები

-13

ინფორმაციის წყარო: საქსტატი

1. გაერთიანებული სამეფო – 392 მლნ აშშ დოლარი

2023 წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 392 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 10%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში გაერთიანებული სამეფოდან 3 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 19.4%-ია. გაერთიანებული სამეფო (ნიდერლანდების მსგავსად) და მის სამეფოში შემავალი ოფშორული ტერიტორიები ხშირად არის გამოყენებული კომპანიების რეგისტრაციისთვის და, რეალურად, ბრიტანეთის სახელით სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალი შემოდის, მათ შორის ქართველების მიერ განხორციელებული ინვესტიციებიც არის. მაგალითად, საქართველოს სამი უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგი: „თიბისი ბანკის ჯგუფი”, „საქართველოს ბანკი” და „საქართველოს კაპიტალი” (სს „ბიჯეო ჯგუფი“) იურიდიულად ბრიტანულ კომპანიებს წარმოადგენენ და ამავე დროს მსხვილ ინვესტორებში ხვდებიან.

2023 წელს გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები (406 მლნ დოლარი) ძირითადად საფინანსო საქმიანობის სექტორში განხორციელდა. საფინანსო საქმიანობაში მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციების ჯამია. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ რამდენიმე დარგში ინვესტიციები ჯამობრივად 43 მლნ დოლარით შემცირდა. საფინანსო სექტორის შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი მოდის, სადაც 21 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები დარგების მიხედვით, მლნ დოლარი

სულ

392

საფინანსო სექტორი

406

ინფორმაცია და კომუნიკაცია

21

პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები

4.3

სასტუმროები და რესტორნები

3.7

დანარჩენი სექტორები

-43.2

ინფორმაციის წყარო: საქსტატი