TOP 10 ყველაზე მოგებიანი საავადმყოფო

TOP 10 ყველაზე მოგებიანი საავადმყოფო

ჯანდაცვის სისტემა როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სისტემის საკვანძო ნაწილი საავადმყოფო საქმიანობის გამწევი სამედიცინო დაწესებულებებია. საავადმყოფოების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო საბიუჯეტო რესურსებია, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების ძირითადი ნაწილი სტაციონარული მომსახურებაა. Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2023 წლის მდგომარეობით ყველაზე მოგებიანი (აქტივებზე უკუგება) საავადმყოფოების ათეულს: 

1. ჩაჩავას კლინიკა

უკუგება: 22.45%

მოგება: ₾ 12.5 მლნ

აქტივები: ₾ 55.8 მლნ

ჩაჩავას კლინიკა, რომელიც თბილისში მდებარეობს, სამშობიაროა. გარდა ამ მიმართულებისა, ჩაჩავას კლინიკა მომხმარებელს დამატებით ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და სტომატოლოგიის სერვისს სთავაზობს. კომპანიის ძირითადი წილის მფლობელი და მაკონტროლებელი ელგუჯა გოცირიძეა. საავადმყოფოს შემოსავლების 6.5% საყოველთაო ჯანდაცვიდან მიღებული რესურსებია. 


2. გაგუას კლინიკა

უკუგება: 20.16%

მოგება: ₾ 4.0 მლნ

აქტივები: ₾ 20.0 მლნ

გაგუას კლინიკის ძირითადი მიმართულება სამშობიარო მომსახურებაა, რომელიც პაციენტებს დამატებით სხვა სერვისებსაც აწვდის. საავადმყოფო თბილისში მდებარეობს და მის 98%-ს დავით და ირაკლი გაგუები ფლობენ. კომპანიას ერთპიროვნულად დავით გაგუა ხელმძღვანელობს. 


3. ავერსის კლინიკა

უკუგება: 13.49%

მოგება: ₾ 17.5 მლნ

აქტივები: ₾ 129.6 მლნ

ავერსის კლინიკა მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თბილისში 6 და რეგიონებში 11 ფილიალს აერთიანებს. შპს ავერსი ფარმას საშუალებით კომპანიას პაატა (67%) და ნიკოლოზ (33%) კურტანიძეები ფლობენ. ავერსის კლინიკის მიერ მიღებული შემოსავლების 68.4% თბილისის ფილიალებიდან ამონაგებია, მთლიანი შემოსავლების 17.8% კი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახსრები. 


4. თოდუას კლინიკა

უკუგება: 12.58%

მოგება: ₾ 20.1 მლნ

აქტივები: ₾ 159.7 მლნ

თოდუას კლინიკა თბილისის მასშტაბით სამ ფილიალს აერთიანებს, რომლებიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობენ. მათ შორის, გამორჩეულია რადიოლოგიის მიმართულება. თოდუას კლინიკას გიორგი დიასამიძე ფლობს, ხოლო გენერალური დირექტორის პოზიციას გიორგი წივწივაძე იკავებს. კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების 36.2% საყოველთაო ჯანდაცვის რესურსებია. 


5. ჰელსიკორი

უკუგება: 8.66%

მოგება: ₾ 2.2 მლნ

აქტივები: ₾ 25.8 მლნ

ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი თბილისში მდებარეობს, რომელიც პაციენტს სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. თუმცა ჰელსიკორი ძირითადად ფოკუსირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის მიმართულებით. საავადმყოფოს ამონაგების 90.3% სტაციონარული მომსახურების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალია. კომპანიის ყველაზე დიდი, 36%-იანი წილის მფლობელი თამარ ემუხვარია. 


6. ღუდუშაურის კლინიკა

უკუგება: 6.67%

მოგება: ₾ 8.0 მლნ

აქტივები: ₾ 120.1 მლნ 

აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი თბილისში მდებარეობს, რომლის 70%-ს გიგი გოცირიძე, ხოლო 30%-ს ელგუჯა ქებურია ფლობს. საავადმყოფო პაციენტებს მრავალპროფილურ მომსახურებას სთავაზობს. 2023 წლის კლინიკამ 8 ათასზე მეტ პაციენტს მიაწოდა სტაციონარული მომსახურება. კომპანიის მიერ სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 41.7% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახსრებია. 


7. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

უკუგება: 6.22%

მოგება: ₾ 5.9 მლნ

აქტივები: ₾ 94.6 მლნ 

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ქუთაისში მდებარეობს, რომლის 66.7%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია საქართველოს კაპიტალი ფლობს, ხოლო 33.3%-ს – კახაბერ ოქრიაშვილი. საავადმყოფო პაციენტებს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, რომლის ამონაგების 65.4% საყოველთაო ჯანდაცვიდან მიღებული შემოსავალია. 


8. კავკასიის მედიცინის ცენტრი

უკუგება: 5.41%

მოგება: ₾ 5.2 მლნ

აქტივები: ₾ 95.2 მლნ

კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც პაციენტებს მრავალი მიმართულებით სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, თბილისში მდებარეობს. კომპანიის 99.8%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული საქართველოს კაპიტალი ფლობს, ხოლო საავადმყოფოს კომპანიის დირექტორი სოფიო ასპანიძე მართავს. საავადმყოფოს მიერ მიღებული შემოსავლების 51.7% საყოველთაო ჯანდაცვის რესურსებია. 


9. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

უკუგება: 5.39%

მოგება: ₾ 2.1 მლნ

აქტივები: ₾ 38.4 მლნ 

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი თბილისში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ძირითადად ონკოლოგიური მიმართულებით საქმიანობს. კლინიკის სამედიცინო მომსახურებების ამონაგების 41.6% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებული შემოსავლებია. კომპანიის მფლობელი პროფესორი გია ნემსაძეა, ხოლო დირექტორი – ლერი მსხვილიძე. 


10. ნიუ ჰოსპიტალსი 

უკუგება: 4.79%

მოგება: ₾ 5.3 მლნ

აქტივები: ₾ 110.0 მლნ

შპს ნიუ ჰოსპიტალსს პსპ ფარმას საშუალებით კახაბერ ოქრიაშვილი (95%) და თენგიზ ჯამელაშვილი (5%) ფლობენ. საავადმყოფო, რომელიც პაციენტებს მრავალპროფილურ მომსახურებას სთავაზობს, თბილისში მდებარეობს. ნიუ ჰოსპიტალსის ამონაგების 40.5% საყოველთაო ჯანდაცვიდან მიღებული შემოსავლებია. 


მეთოდოლოგია

საავადმყოფოების რეიტინგისთვის გამოყენებულია 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. საავადმყოფოების მოგებიანობის რეიტინგი წარმოდგენილია აქტივებზე უკუგებით. კერძოდ, დაბეგვრამდე მოგების მთლიან აქტივებთან ფარდობით. აღნიშნული კომპანიის მოგებიანობას მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანობის პერსპექტივიდან აფასებს.

საავადმყოფოების შერჩევისთვის გამოყენებულია I და II კატეგორიის საწარმოების 2023 წლის ხელმისაწვდომი ანგარიშები (reportal.ge-ზე 12.03.2025 მდგომარეობით). შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია აქტივების ზომა (20 მლნ ლარზე მეტი) და სტაციონარული მომსახურების გაწევა. 

შენიშვნა:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაწესებულებები ამოღებულია.