ტოპ-10 ქვეყანა ბიტკოინის მაინინგის მაჩვენებლის მიხედვით

ტოპ-10 ქვეყანა ბიტკოინის მაინინგის მაჩვენებლის მიხედვით

2025 წელი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის ცვალებადი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, წელი ისე სრულდება, რომ ფასი პიკურ ნიშნულთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა მაინინგის რენტაბელურობის შესახებ, რადგან ელექტროენერგიის ხარჯები ხშირ შემთხვევაში თავად ბიტკოინის საბაზრო ფასს აჭარბებს.

BestBrokers-ის გუნდმა კემბრიჯის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსზე დაყრდნობით ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მაინინგის პროცესი კოლოსალურ ენერგორესურსს მოითხოვს. ბიტკოინის ქსელი ისეა მოწყობილი, რომ ყოველ 24 საათში საშუალოდ 144 ბლოკი მუშავდება, რაც დღეში 450 ახალი ბიტკოინის მოპოვების საშუალებას იძლევა.

ამ გლობალური პროცესის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღეში საშუალოდ 171.13 ბიტკოინი მოიპოვება. ეს მსოფლიო მოპოვების 37.8%-ს შეადგენს. თუმცა ამ მაჩვენებლის მიღმა დიდი ციფრები დგას: აშშ-ში მაინინგი დღეში 158.2 გვტ.სთ ენერგიას მოიხმარს, რაც ქვეყნის წლიური ენერგომოხმარების 1.3%-ზე მეტია. არსებული ბიზნესტარიფებით, ერთი ბიტკოინის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება აშშ-ში თითქმის 130,000 დოლარს აღწევს, რაც კრიპტოვალუტის მიმდინარე საბაზრო ფასზე ბევრად მაღალია.

მას მოჰყვება ჩინეთი 95.49 BTC-ით (88.28 გვტ.სთ) და ყაზახეთი 59.80 BTC-ით (55.29 გვტ.სთ). მოპოვების მაღალი მაჩვენებლებით ასევე გამოირჩევიან კანადა (29.29 BTC), რუსეთის ფედერაცია (21.09 BTC) და გერმანია (13.85 BTC). ათეულს ასრულებენ მალაიზია, ირლანდია, სინგაპური და ტაილანდი.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურსა და ირლანდიაში, სადაც მცირე ტერიტორიის მიუხედავად მაინინგის წილი დიდია, ენერგოხარჯები ადგილობრივი ქსელებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ თუ ბიტკოინის ფასი მკვეთრად არ გაიზარდა, მაინერების დიდ ნაწილს ოპერირების გაგრძელება წამგებიან პირობებში მოუწევთ, რაც შესაძლოა ქსელის ჰეშრეიტის მნიშვნელოვანი გადანაწილების მიზეზი გახდეს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ბიტკოინს მოიპოვებენ:
  1. ამერიკის შეერთებული შტატები: დღეში მოპოვებული 171.13 BTC, დღეში მოხმარებული 158.20 გვტ.სთ ენერგია
  2. ჩინეთი: მოპოვებული 95.49 BTC, დღეში მოხმარებული 88.28 გვტ.სთ ენერგია
  3. ყაზახეთი: მოხმარებული 59.80 BTC, დღეში მოხმარებული 55.29 გვტ.სთ ენერგია
  4. კანადა: მოხმარებული 29.29 BTC, დღეში მოხმარებული 27.08 გვტ.სთ ენერგია
  5. რუსეთის ფედერაცია: მოპოვებული 21.09 BTC, დღეში მოხმარებული 19.50 გვტ.სთ ენერგია
  6. გერმანია: მოპოვებული 13.85 BTC, დღეში მოხმარებული 12.80 გვტ.სთ ენერგია
  7. მალაიზია: მოპოვებული 11.35 BTC, დღეში მოხმარებული 10.49 გვტ.სთ ენერგია
  8. ირლანდია: მოპოვებული 8.91 BTC, დღეში 8.23 ​​გვტ.სთ ენერგია დღეში მოხმარებული
  9. სინგაპური: მოპოვებული 8.69 BTC, მოხმარებული 8.03 გვტ.სთ ენერგია დღეში
  10. ტაილანდი: მოპოვებული 4.33 BTC, მოხმარებული 4.00 გვტ.სთ ენერგია დღეში