საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო სექტორში 321 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც საერთო დასაქმების 24%-ია.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ. სსიპ-ები ძირითადად საქართველოს ცენტრალურ მთავრობას ემორჩილება, ა(ა)იპ-ები კი მრავლად არის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებშიც.
ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში. ძირითადი დამსაქმებლები სწორედ ეს სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები არიან, სადაც 2023 წელს 176 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. მათ შორის, 117 ათასი შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი იყო, ხოლო 59 ათასი – შტატგარეშე. 2024 წლის წლიური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
მოკლედ მიმოვიხილავთ 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სსიპ/ა(ა)იპ-ს, რომლებიც ერთად 40 ათასამდე ადამიანს ასაქმებენ.
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, 1,981 ადამიანს ასაქმებს, მათგან 687 თანამშრომელია შტატით, 1,294 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის შემოსავალი 27 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 10.6 მლნ ლარი დაიხარჯა, რომელიც მხოლოდ შტატით დასაქმებულებისთვის გაცემულ ხელფასს მოიცავს. ერთი დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვეში 1,300 ლარამდე გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავლის ძირითადი წყარო სწავლის საფასურია. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს დაფუძნდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2,084 ადამიანს ასაქმებს, მათგან 736 თანამშრომელია შტატით, 1,348 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 141 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 21 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2,400 ლარი გამოდის. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მიიღო მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის და საჯარო რეესტრის მომსახურებათა განვითარების პროგრამის მართვისთვის.
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,768 ადამიანს ასაქმებს, მათგან 674 თანამშრომელია შტატით, 2,094 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 58 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2,300 ლარი გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2,904 ადამიანს ასაქმებს, მათგან მხოლოდ 30 თანამშრომელია შტატით, 2,874 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ჰოლდინგის საკუთარი შემოსავალი 893 ათასი ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 661 ათასი ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო წლიური ხელფასი 1,800 ლარი გამოდის. ჰოლდინგი 2020 წელს შეიქმნა და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას უზრუნველყოფს. მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ამჟამად 8 კლინიკას მართავს.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) 3,557 ადამიანს ას აქმებს, მათგან 2,333 თანამშრომელია შტატით, 1,224 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 54 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 29 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 1,020 ლარი გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.
სსიპ შემოსავლების სამსახური
სსიპ შემოსავლების სამსახური 3,925 ადამიანს ასაქმებს, მათგან 3,545 თანამშრომელია შტატით, 380 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 248 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 96 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2,250 ლარი გამოდის. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი გამოიყო შემოსავლების სამსახურისთვის. ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომელსაც გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება ევალება.
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) 4,321 ადამიანს ასაქმებს, მათგან 2,215 თანამშრომელია შტატით, 2,106 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 157 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 41 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 1,560 ლარი გამოდის. უნივერსიტეტის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს. 2023 წელს არაფინანსური აქტივების ზრდაზე (კაპიტალურ ხარჯებზე) 68 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 4,442 ადამიანს ასაქმებს, მათგან მხოლოდ 100 თანამშრომელია შტატით, 4,342 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 1.6 მლნ ლარი იყო, თუმცა ბიუჯეტიდან დამატებით 150 მლნ ლარზე მეტი გამოეყო. შტატით დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 3.6 მლნ ლარი იყო, საშუალო ხელფასი კი თვეში 2,450 ლარი გამოდის. ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომლის მისიას მოქალაქეებისთვის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს. ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 5,838 ადამიანს ასაქმებს, მათგან 2,930 თანამშრომელია შტატით, 2,908 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს თსუ-ს საკუთარი შემოსავალი 83 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 31 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 883 ლარი გამოდის. 2023 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 94 მლნ ლარი იყო, საიდანაც 11 მლნ ლარი არაფინანსური აქტივების კლებით (ქონების გაყიდვით) მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 8,001 ადამიანს ასაქმებს., მათგან 7,891 თანამშრომელია შტატით, 110 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წელს ორგანიზაციის შემოსავალი 188 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 98 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 1,030 ლარი გამოდის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომლის ძირითად საქმიანობას იურიდიული/ფიზიკური პირების ქონებისა და პირადი უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა წარმოადგენს.