TOP-5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ავტოკომპანია

TOP-5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ავტოკომპანია
Forbes Georgia-ს 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის რეიტინგში ავტოსექტორის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი მოხვდა, თუმცა მათ მიერ შექმნილი სერვისები გასცდა საქართველოს ფარგლებს, ხოლო პირველი ხუთეულის ჯამური ღირებულება თითქმის ₾3 მილიარდია.

 

1. ტოიოტა კავკასია (₾ 935.3 მლნ)

კომპანია, რომლის 100%-იან წილს Toyota Tsusho Corporation-ი ფლობს, ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობაა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან „ტოიოტასა“ და „ლექსუსის“ ბრენდის ავტომანქანებისა და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და მათი საბითუმოდ მიყიდვა კავკასიის რეგიონში მოქმედი ავტორიზებული დილერებისთვის.

2. თეგეტა მოტორსი (₾ 713.7 მლნ)

„თეგეტა მოტორსი“ ავტობიზნესის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები და საავტომობილო პროდუქტები და შესაბამისი მომსახურებები. კომპანია ბაზარზე 2001 წლიდან არის წარმოდგენილი და მის 92.2%-იან წილს თემურ კოხოძე ფლობს. კომპანიაში 2.6 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

3. ჯი-თი გრუპი (₾ 652.7 მლნ)

კომპანიის ძირითადი ბიზნესაქტივობას სატვირთო და სასოფლო-სამეურნეო ავტომანქანებით, ავტონაწილებით და ზეთებით ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტის ძირითადი მიმწოდებელია (ავტობუსები და კომუნალური სერვისების სპეცტექნიკა). „ჯი-თი გრუპს“ გიორგი გველესიანი (33.34%), გიორგი თავდიშვილი (33.33%) და თემურ უსტიაშვილი (33.33%) ფლობენ.

4. მერსედეს-ბენცი საქართველო (₾ 366.2 მლნ)

კომპანია ბაზარზე 1996 წლიდან არის წარმოდგენელი და ამ პერიოდიდან ახორციელებს ავტომობილების იმპორტს და რეალიზებას. ასევე, ეწევა მათ ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს. „მერსედეს-ბენც საქართველოს“ ლუიზა თავართქილაძე (46%), მაკა ასათიანი (27%) და სალომე ასათიანი (27%) ფლობენ.

5. ტოიოტა ცენტრი თბილისი (₾ 251.4 მლნ)

კომპანიის 33.3%-ს დავით ტაკიძე და 29.2%-ს ირაკლი გურჩიანი ფლობენ, ხოლო თეონა ტაკიძის, ლაშა გულიაშვილისა და გიორგი გულიაშვილის საკუთრება 12.5-12.5%-ია. კომპანია „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებს, მათ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ტექნიკურ მომსახურებას.

შენიშვნა

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი საქართველოში აქვთ. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.

მეთოდოლოგია

კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA-მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას.

კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, მათი საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".