TotalEnergies-მა და ENI-მ კვიპროსთან ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს

TotalEnergies-მა და ENI-მ კვიპროსთან ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს

ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა და იტალიურმა Eni-მ კვიპროსის მახლობლად, საზღვაო ზოლში ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს.

წინასწარი შეფასებით, „კრონოს-1“ სექტორში აღმოჩენილი საბადო, სავარაუდოდ, 71 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიცავს, რომელიც კომერციული მიზნებით შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ზემოხსენებული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ევროპაში არსებული მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე. ამჟამად ევროპაში გაზის ღირებულება ერთწლიან პერიოდში 600%-ითაა გაზრდილი და რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

მართალია, კვიპროსის ახალი საბადოს ათვისება მყისიერად ვერ იქნება შესაძლებელი, რადგან ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად და გადასამუშავებლად მრავალმილიარდიანი ინფრასტრუქტურის მოწყობაა აუცილებელი, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის, TotalEnergies და Eni პროექტის 50-50%-იან წილებს ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსი და მისი საზღვაო ტერიტორია თურქეთსა და საბერძნეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ცენტრშია. თურქული მხარის მტკიცებით, ზღვის ის ნაწილი, სადაც საბადოებია კონცენტრირებული, რეალურად თურქეთის იურისდიქციას წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *