აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მომავალ კვირას გარიგებების დადების კუთხით თავის უნარებს აზიაში გამოცდის – რეგიონში, რომელიც მისმა მკაცრმა სავაჭრო პოლიტიკამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისკენ იქნება მიპყრობილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით გარკვეული არ არის და უცნობია, ნამდვილად შედგება თუ არ ეს შეხვედრა.
როგორც ცნობილია, ტრამპი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი რეგიონში და ყველაზე ხანგრძლივი ტურნე საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც იანვარში მეორე ვადით პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
რესპუბლიკელი ლიდერი იმედოვნებს, რომ ვიზიტის განმავლობაში სავაჭრო, ბიზნეს- და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს მიაღწევს, რის შემდეგაც ყველაზე რთული გამოცდა დაელოდება – პირისპირ შეხვედრა სი ძინპინთან, რომელიც, სავარაუდოდ, ხუთშაბათს სამხრეთ კორეაში გაემართება.
ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, ვინაიდან ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. მხარეებმა ერთმანეთს ექსპორტზე გადასახადები გაუზარდეს და კრიტიკული მინერალებისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტასაც განიხილავენ, რაც გლობალურ ბაზრებზე უარყოფითად აისახება.
თეთრმა სახლმა ტრამპის ვიზიტის შესახებ ოფიციალურად ხუთშაბათს განაცხადა, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული, მათ შორის არ არის დადასტურებული ლიდერების შეხვედრის ზუსტი თარიღიც.
წყაროების თანახმად, არც ერთი მხარე არ ელოდება მნიშვნელოვან გარღვევას, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს 2021 წლის მდგომარეობამდე დააბრუნებს. ისინი მოელიან, რომ შეხვედრა მცირე პროგრესის მიღწევის მცდელობა იქნება.
მათივე ვარაუდით, შუალედური შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ტარიფების ნაწილობრივ შემსუბუქებას, მოქმედი გადასახადების გაგრძელებას ან ჩინეთის მიერ ვალდებულების აღებას, ამერიკაში წარმოებული სოიო და Boeing-ის თვითმფრინავები შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობა პეკინმა 2020 წლის შეთანხმების შემდეგ არ შეასრულა.
ვაშინგტონი შესაძლოა ჩინეთისთვის მაღალი კლასის ჩიპების ექსპორტის აკრძალვების შემსუბუქებას დათანხმდეს, სანაცვლოდ კი პეკინმა შეიძლება იშვიათი მეტალების ექსპორტზე კონტროლი შეამსუბუქოს.













