ფოტო: EFE/EPA/SAMUEL CORUM
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთს ყველა სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ამერიკულ თვითმფრინავებს ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა. ტრამპის განცხადებით, მადრიდთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტის მოთხოვნით მან აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს, უკვე მიმართა.
ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს გააკეთა. „ესპანეთმა ფაქტობრივად გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს პრობლემა არაა. ჩვენ შეგვეძლო მათი ბაზები გამოგვეყენებინა, თუ ეს გვენდომებოდა, მაგრამ ისინი არამეგობრულები იყვნენ“, — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი მადრიდთან ყველანაირ სავაჭრო კავშირს შეწყვეტს, რადგან არ სურს, მათთან რაიმე საერთო ჰქონდეს.
აღნიშნულ განცხადებამდე ტრამპმა და მერცმა ნატოს თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდაზეც ისაუბრეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ესპანეთი ამ შემთხვევაშიც ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც სამხედრო ალიანსის წევრების მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე, რაც მშპ-ის 5%-ის ნატოსთვის გადახდას ითვალისწინებს, უარი განაცხადა.
ტრამპის განცხადებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 10-წუთიანი სატელევიზიო მიმართვისას გამოეხმაურა. სანჩესი უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებსა და ერაყის ომს შეეხო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესპანეთის პოზიცია, რომელიც ომსა და „საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას“ მხარს არ დაუჭერს.













