აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ჯერომ პაუელის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირების წინააღმდეგობის გამო, ქვეყნის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარი იზარალა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ამ პოზიციაზე ვინმე ისეთის ხილვა სურს, ვინც მის ეკონომიკურ ხედვას გაიზიარებს.
ცნობისათვის, ჯერომ პაუელი ფედერალურ რეზერვში პირველად პრეზიდენტ ობამას ვადის დროს მოხვდა. მოგვიანებით ის Fed-ის თავმჯდომარის პოზიციაზე სწორედ დონალდ ტრამპმა დააწინაურა. ჯერომ პაუელი საჯარო სამსახურამდე საინვესტიციო ბანკირი გახლდათ. მისი ვადა ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2026 წლის მაისში იწურება. თუმცა დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება სურს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტია. თავად ბესენტს ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეობა არ სურს. მისი განმარტებით, ის ვაშინგტონში, პრეზიდენტთან ახლოს თავს კარგად გრძნობს. ბესენტი დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირია. კიდევ ერთი კანდიდატურა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი კევინ ჰესეტია. ჰესეტი ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია. სხვა კანდიდატებს შორის არიან ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის მოადგილე მიშელ ბოუმენი, Morgan Stanley-ს ყოფილი ბანკირი და პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი კევინ უორში და Fed-ის საბჭოს წევრი ქრისტოფერ უალერი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ჯერომ პაუელს ჯერ კიდევ მეორე ვადით გაპრეზიდენტებამდე აკრიტიკებდა. მისი მოსაზრებით, ფედერალურ რეზერვს საპროცენტო განაკვეთები უკვე ორჯერ უნდა შეემცირებინა.