აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებისაკენ სწრაფვას კავშირი აქვს მის წარუმატებლობასთან ნობელის მშვიდობის პრემიაზე, რადგან ის „მხოლოდ მშვიდობაზე“ აღარ ფიქრობს. აღნიშნული ხუმრობანარევი განცხადება ტრამპმა ევროპასთან მოსალოდნელი ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე გააკეთა.
მოგეხსენებათ, გრენლანდიის გაკონტროლებასთან დაკავშირებული საკითხის გამო ევროპული და ამერიკული სავაჭრო ურთიერთობები დაძაბულობის ნიშნულზეა. დონალდ ტრამპი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დამატებითი ტარიფების დაწესებით იმუქრება. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ კი კუნძულის სუვერენიტეტის დასაცავად პოლიტიკური ჟესტი განახორციელა და გრენლანდიაზე სიმბოლური რაოდენობის სამხედრო კონტინგენტი განათავსა.
ჟურნალისტების კითხვა, აპირებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალის გამოყენებას, ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.
ევროპასა და აშშ-ს შორის გრენლანდიის საკითხზე დაძაბულობის გამო, პოლიტიკის მკვლევრები ნატო-ს ეფექტიანობაზე კითხვებს სვამენ. გრენლანდიის ძალდატანებით მითვისების შემთხვევაში შეერთებული შტატები პოტენციურად ნატო-ს წევრი დანიის ინტერესებს უპირისპირდება, რაც ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მთავარ ამოცანას, დაიცვას წევრი სახელმწიფოები გარეშე მტრების აგრესიისგან.
ნობელის პრემიასთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილება დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესათვის მიწერილ წერილში გამოხატა. „იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია არ მოენიჭებინა, მაშინ როდესაც 8 ომი დავასრულე, აღარ მივიჩნევ თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ ის [მშვიდობა] ყოველთვის უპირატესი იქნება, ახლა უკვე შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და შესაფერისი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის“, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემია ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერ მარია კორინა მაჩადოს მიანიჭა.
ცნობისათვის, დონალდ ტრამპის განმარტებით, გრენლანდია და, შესაბამისად, არქტიკის ტერიტორია შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება იმ საფრთხეებზე რეაგირებისათვის, რომლებიც რუსეთისა და ჩინეთისგან მოდის. ამ მიზნით ტრამპს გრენლანდიის შესყიდვა სურს, რომელზეც დანიის სუვერენიტეტი ვრცელდება.

















