დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის ყველა სახის საქონლის იმპორტზე 100%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს. ამ განცხადებით ტრამპის ადმინისტრაციასა და აშშ-ის ჩრდილოელ მეზობელს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი მისი ქვეყნის „ჩინეთისთვის შეერთებულ შტატებში საქონლისა და პროდუქტების გაგზავნის პორტად გადაქცევის მცდელობაში“ დაადანაშაულა. ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ჩინეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ის კანადისთვის ტარიფებს „დაუყოვნებლივ“ დააწესებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ კანადის მოწვევა გააუქმა. ამის მიზეზი კი მარკ კარნის მიერ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გაკრიტიკება გახდა. კარნიმ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, მსოფლიო ავტორიტარული რეჟიმების აღზევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა და პატარა ქვეყნებს მოუწოდა, უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. როგორც ჩანს, კანადის პრემიერ-მინისტრმა ამ განცხადებით ტრამპის პოლიტიკაზეც მიანიშნა.
ამის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „კანადა შეერთებული შტატებით სულდგმულობს“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას არ დაეთანხმა კარნი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კანადელების დამსახურებაა.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ კანადასა და ჩინეთს შორის კონკრეტულად რომელი სავაჭრო მოლაპარაკებების მიღწევის შემთხვევაში აამოქმედებს ტარიფებს. თუმცა თვის დასაწყისში კარნიმ განაცხადა, რომ ქვეყნები სავაჭრო ბარიერებს ხსნიან „კანადელი ფერმერებისთვის, თევზის ჭერისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავეთათვის – მილიარდობით დოლარის ბიზნესისთვის“. სანაცვლოდ კი ქვეყანა კანადის ბაზარზე 49 000 ჩინური ელექტრომობილის შეყვანის ვალდებულებას იღებს.
აშშ-მა 2024 წელს კანადიდან 421 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიტანა, საიდანაც 131 მილიარდ დოლარს ენერგოპროდუქტები შეადგენდა. კანადიდან აშშ-ისთვის ძირითადი საიმპორტო საქონელია ასევე სატრანსპორტო საშუალებები და დანადგარები.









