აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ინდოეთსა და ჩინეთს გაზრდილი, 100%-იანი ტარიფები დაუწესოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავეს ევროკავშირის ქვეყნებიც გააკეთებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი, აშშ-ისა და EU-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg-ის თანახმად, გაზრდილი ტარიფების მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება იქნება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. აშშ-ის ხაზინადრის, სკოტ ბესენტის შეფასებით, უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის რუსული ნავთობის შემსყიდველი სუბიექტებისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს, ხოლო პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.
ანონიმურ წყაროთა ინფორმაციით, ტარიფების ზრდის შეთავაზებით ტრამპი ვაშინგტონში, აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე გამოვიდა. ამასთან ერთად კი, აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, ორივე ქვეყნისთვის ევროპის მიერ დაწესებული ტარიფები გაიმეოროს.
თუმცა ევროკავშირის მხრიდან მსგავსი ზომების მიღება ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს. ეს კი, წარსულის გათვალისწინებით, ტრამპის შეთავაზებული გეგმისთვის დაბრკოლებაა, რადგან EU-ის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის უნგრეთმა, არაერთგზის დაბლოკა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ევროკავშირის უფრო მკაცრი სანქციები.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად, ექვსი რუსული ბანკისა და ენერგეტიკული კომპანიისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირიც. სანქციების უახლესი პაკეტი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბლოკისთვის რიგით მე-19 იქნება.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების დაწესებისგან თავს იკავებს. თუმცა გასულ თვეში ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 50%-მდე გაზარდა. მიზეზად ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა დასახელდა. ხოლო ჩინეთიდან აშშ-ში შესული საქონელი, ამჟამად, 55%-იანი ტარიფებით იბეგრება.