ტრამპი პუტინთან და სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვის მომხრეა

ტრამპი პუტინთან და სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვის მომხრეა

ფოტო: DOUG MILLS / THE NEW YORK TIMES

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეიარაღების კონტროლის საკითხებზე სამმხრივი მოლაპარაკებები გამართოს. სამი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა შესაძლოა უკვე მომავალ თვეშიც კი შედგეს.

„ჩვენ ვისაუბრებდით ბირთვულ იარაღსა და დენუკლეარიზაციაზე. თუ პრეზიდენტი სი ძინპინი თანახმაა, მეც თანახმა ვარ. დარწმუნებული ვარ, სხვა საკითხებსაც, მაგალითად, ვაჭრობასაც განვიხილავდით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წინ.

ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ფონზე, ტრამპი ცდილობს, პეკინსა და მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობები დაათბოს. სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, კრიტიკას გამოიწვევს ევროპული და აზიური სახელმწიფოების მხრიდან, რადგან არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა გაფორმდეს ისეთი გარიგებები, რომლებიც დაასუსტებს ვაშინგტონის ტრანსატლანტიკურ და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ალიანსებს.

თუმცა სამ ქვეყანას შორის მიღწეულმა შეთანხმებამ შესაძლოა გლობალური დაძაბულობაც შეამციროს. უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებამ შეიძლება მოხსნას ევროპული სახელმწიფოების წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული უდიდესი საფრთხე, ხოლო შეიარაღების შესახებ შეთანხმება ვალდებულებებით დააკავშირებს სამ სახელმწიფოს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვთ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრამპმა პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ მიმართული რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რამაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ტრამპმა გამოაცხადა შეთანხმება დიზელის საწვავის შესახებ და პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციები მოიხსნა.

საკითხთან დაკავშირებული პირის ინფორმაციით, თეთრი სახლი უკვე რამდენიმე კვირაა, განიხილავს პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრის პერსპექტივას, რომელიც დენუკლეარიზაციას დაეთმობოდა. შეხვედრა, შესაძლოა, ჩინეთში, 18-19 ნოემბერს დაგეგმილი „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართოს.

ცნობისათვის, სამი პრეზიდენტი ერთმანეთს ცალ-ცალკე შეხვედრია, თუმცა მათ შორის სამმხრივი ოფიციალური მოლაპარაკებები არასდროს გამართულა.

ორშაბათს, შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა: „მე ამას გავაკეთებდი და არა იმდენად უკრაინის გამო, რადგან, გულახდილად რომ ვთქვათ, რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე აქვს“. მან განმარტა, რომ „ზელენსკი საქმეს დიდად არ შველის და დროა, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ვინმე სხვამ აწარმოოს“.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.